ოთხშვილიან დედას 2 მცირეწლოვანი შვილი უკვე დაეღუპა...
"ყურში ვეჩურჩულებოდი, შვილო, სიკვდილის უფლებას მარტოს არ მოგცემ ან მეც წამიყვანე..."
"საავადმყოფოს ეზოში ხეებთან გავიძვრე შავი ტანსაცმელი, - ჩემმა ქმარმა, მეორე შვილიც გვიკვდება, იქნებ შენი შავების გახდამ სასწაული ქნასო... არ მოხდა სასწაული."
2003 წელი იყო. ცხინვალის საბაჟოზე, რუსი ჯარისკაცები დაგვხვდნენ. ახალი პასპორტი არ მქონდა, - რუსეთში საიდან გავაკეთებდი, - საზღვარზე არ გადაგატარებთ, ან შენმა ქმარმა მარტო წაიღოს ბავშვის კუბო, ან ხალხი დაიბარეთ წასაღებადო. 3 დღე ვიდექით 40 გრადუს სიცხეში იქ და მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში, გოგას ცხედარი არ გამიფუჭდეს-მეთქი. იქ ერთი ოსი კაცი იყო, ხალხი გადმოჰყავდა ნივით აქეთა მხარეს, ისე გამწარდა, - შვილო, მოემზადე ფიზიკურად და სულიერად, "ნივას" "ჯიპის" ბორბლებს დავადგამ, ამაღლდება, შენ ქვემოდან ამოგაკრავ ბაწრებით და ისე გადაგიყვანო. მერე მოიფიქრა, მოდი, ფულზე დაველაპარაკებიო ამ მხეცებსო. დაელაპარაკა და 1000 დოლარი მოითხოვეს. ფული მე გადამათვლევინეს და ბოლოს მაინც მითხრეს, - თავსაფარი მოიხადე, როგორც ჩანს, ეს ძველი პასპორტიც არ არის შენი, არ ჰგავხარო საიდან ვემგვანებოდი, სურათი ბედნიერმა გადავიღე, იმ წუთში მეხდაცემული დედა ვიყავი, მაშინ უთხრა გამწარებულმა ჩემმა ქმარმა, - არ გრცხვენიათ, მხეცები ხართო? მათ პირდაპირ ფეხში ესროლეს და დაჭრეს. ასე დაჭრილმა ჩამოიყვანა შვილი და დავმარხეთ.
მერე თენგოს რიგი დადგა... ხუთი წლის იყო, აბსოლუტურად ჯანსაღი, ის და გიორგი თამაშობდნენ და უცებ ფეხი გადაუბრუნდა. რომ წამოვაყენე, შევნიშნე რომ ფეხი უცახცახებდა. ექიმმა, - ნუ გეშინია, რახან ფეხი გადაუბრუნდა, ცოტა ნერვი იქნება დაჭიმული და გაუვლისო. თენგოს კი ერთ საათში ბეჭიც აუცახსახდა, ცოტა ხანში, - თავიც და კრუნჩხვები დაეწყო. ამის შემდეგ ისიც კომაში ჩავარდა. სამი თვე იაშვილის საავადმყოფოში აპარატზე იყო მიერთებული კომაში ჩავარდნილი. აქედან სასწაულად გამოვიდა, - ხელ-ფეხის მოძრაობა კი ჰქონდა შეზღუდული, მაგრამ მასაჟებით იმდენი გავაკეთეთ, ველოსიპედზეც ჯდებოდა. სამ წელიწადში გაუმეორა იგივე. ისევ იაშვილში მოვიყვანე, ამ საავადმყოფოს ეზოში ხეებთან გავიძვრე შავი ტანსაცმელი, - ჩემმა ქმარმა, მეორე შვილიც გვიკვდება, იქნებ შენი შავების გახდამ სასწაული ქნასო...
არ მოხდა სასწაული, 6 მარტს მომიკვდა. ჯერ ორმოცი დღეც არ არის გასული.
თენგოს სიკვდილიდან მე-15 დღეს დაეწყო გიორგის ფილტვების ანთება. დამავიწყდა თენგო, დავავლე ხელი და წამოვიყვანე თბილისში, - ჩემი შვილების დაავადება ასეა, ან კომით იწყება ან პირდაპირ ნელ-ნელა ყველა ორგანო ინგრევა და კომა მერე დგება. ეს დღეც დამიდგა, - გიორგი 3-ქულიან კომაში ჩავარდა. ეს ნიშნავს რომ უკვე გვამი იყო. მე და ჩემი ქმარი მისი პალატის კართან ვიწექით ეს დღეები. ჩემი უფროსი ბიჭი მივიდოდა და ჩასძახებდა, - გიორგი, შენ ხომ ჯარისკაცი ხარ, რომელიც სიკვდილს ებრძვის, ჯარისკაცები ასე ადვილად არ ნებდებიან, არ დანებდე, არ მოკვდე, იცოცხლეო. მერე მეც ასე ველაპარაკებოდი... ყურში ვეჩურჩულებოდი, შვილო, სიკვდილის უფლებას მარტოს არ მოგცემ ან მეც წამიყვანე, ან შენ უნდა დამიბრუნდე-მეთქი. გამოდის რომ, ესმოდა. ახლა მეუბნება, მესმოდა, ასე მეუბნებოდი დედაო.
http://www.kvirispalitra.ge/public/16626-d...li-ukvdeba.html