პრეზიდენტის ადმინისტრაცია: დაცვის სამსახურმა „შეცდომით“ სხვა კადრები მოგვაწოდა
25 აპრილი 18:46
0
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურმა, არაერთი თხოვნის მიუხედავად, რეზიდენციაში მათი თანამშრომლების შესვლის ამსახველი ვიდეოკადრები არ მიაწოდა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაცვის სამსახურმა მათ „შეცდომით“ სრულიად სხვა კადრები გაუგზავნა, რომლებიც რეზიდენციის შენობაში პირთა შესვლას არ ასახავს.
ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც შევიდნენ ადმინისტრაციის შენობაში, არ სარგებლობენ რეზიდენციაში საშვის გარეშე შესვლის უფლებით და, მით უფრო, არ ქონდათ უფლება, შესულიყვნენ პრეზიდენტისთვის განკუთვნილი შესასვლელით. "აღნიშნულ პირებზე საშვი არ დაუშვია არც ერთ იმ უფლებამოსილ პირს, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების #2 დანართის თანახმად, აქვთ ასეთი უფლება", - აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ მთავრობის მიერ პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნის შეფერხება იმ მიზნით ხდება, რომ დაცვის განხორციელებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას.
ადმინისტრაცია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
"ნაცვლად იმისა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დროული რეაგირება მოეხდინა, რომლის უშუალო ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას წარმოადგენს უნებართვო შეღწევისგან საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის დაცვა, აღნიშნულმა უწყებამ სრულიად საპირისპირო გზა აირჩია და ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას ფაქტების არასწორად წარმოჩენის გზით.
უფრო მეტიც, როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და იქ არსებულ სპეციალურ ოთახებში (ე.წ. სერვერ-რუმსა და სვიჩ-რუმში) უნებართვოდ შეღწევა და კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ოთახიდან გასაღების უნებართვოდ აღება უშუალოდ სდსს-ის თანამშრომლებმა მათივე დაქვემდებარებაში მყოფი სახანძრო დაცვის სამსახურის დახმარებით მოახერხეს.
რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, სახელმწიფო დაცვის სამსახური არა მხოლოდ არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს, არამედ შეგნებით თუ შეუგნებლად საფრთხეს უქმნის სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დაცულობას, როდესაც კონკრეტულად მიუთითებს, თუ სად არის განთავსებული სერვერი და სატელეფონო კომუნიკაციები. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ ინფორმაციები განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას.
უსაფუძლოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადება, თითქოს მათ თანამშრომლებს ჰქონდათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საშვის გარეშე შესვლის უფლება. „საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საჯარო მოსამსახურეთა და სხვა პირთა შესვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2008 წლის 28 ივლისის #131/1 ბრძანების შესაბამისად, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზეა გამოცემული, რეზიდენციის რეჟიმის დაცვის მიზნით, ამომწურავადაა განსაზღვრული შენობაში შესვლის უფლების მქონე პირთა წრე და შესვლის წესი.
საქართველოს პრეზიდენტისთვის განკუთვნილი შესასვლელით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების მე-3 დანართის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, სარგებლობენ მხოლოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
რაც შეეხება ყველა სხვა პირს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების მე-3 მუხლის მიხედვით, „ადმინისტრაციის შენობაში პირთა შესვლა დასაშვებია მხოლოდ საერთო (ცენტრალური) შესასვლელიდან“.
ასევე სიმართლეს არ შეესაბამება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მტკიცება, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის IT სამსახურის ხელმძღვანელის ოთახში მასთან შეთანხმებით შევიდნენ. ამგვარი შეთანხმება არ ყოფილა. აღნიშნულის თაობაზე მისთვის წინასწარ რომ ყოფილიყო ცნობილი, ბუნებრივია, ის დაესწრებოდა მიმდინარე ღონისძიებებს, რადგან ეს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კომპეტენციაში შედის.
იმედი გვაქვს, სათანადო უწყებები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან პრეზიდენტის რეზიდენციის უსაფრთხოების საკითხს", - აღნიშნულია განცხადებაში.
http://news.ge/ge/news/story/53056-prezide...rebi-mogvatsodaრატო დადიან ვიღაცეები პრეზიდენტის სასახლეში ?
ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად.
ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.