პოლონელი დეპუტატი - ზბიგნევ გირჟინსკი: „მე არ ვარ ივანიშვილის მეგობარი და საერთოდ არც კი მისაუბრია მასთან
პოლონელ დეპუტატი ზბიგნევ გირჟინსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს.
„პოლიტიკოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, გირჟინსკი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მწვავე შეკითხვა დაუსვა ვლადიმერ პუტინისადმი სიყვარულზე, აცხადებს, რომ ის არ არის და არასოდეს გახდება საქართველოს პრემიერის მეგობარი (როგორც ეს ივანიშვილმა გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა).
მეტიც, ზბიგნევ გირჟინსკის მტკიცებით, ივანიშვილი ტყუის როდესაც აცხადებს, რომ სტრასბურგში გამართულ სადილზე ის მწვავე შეკითხვის ავტორ გირჟინსკის ესაუბრა და დაუმეგობრდა კიდეც.
გთავაზობთ ინტერვიუს ზბიგნევ გირჟინსკისთან.
„პოლიტიკო„: ბატონო ზბიგნევ პირველ რიგში გვაინტერესებს მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თქვენი შეკითხვა ბიძინა ივანიშვილისადმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ჩიორა თაქთაქიშვილთან და თინათინ ბოკუჩავასთან იყო შეთანხმებული?
ზბიგნევ გირჟინსკისი: ქალბატონები - ჩიორა თქთაქიშვილი და თინათინ ბოკუჩავა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ საქართველოსთვის ევროსაბჭოში. მაგალითად, 2013 წლის იანვარში გამართულ სესიაზე, მათ ისაუბრეს ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც რუსეთმა 2008 წელს განახორციელა. სწორედ ქალბატონების - თაქთაქიშვილის, ბოკუჩავას და მათი თანაგუნდელების დამსახურებაა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და ეთნიკური წმენდა ევროპისთვის მნიშვნელოვან თემად იქცა. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის იანვარში, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევის შედეგად მიღებულ იქნა უნიშვნელოვანესი რეზოლუცია, სათაურით - „საქართველო და რუსეთი: ჰუმანიტარული მდგომარეობა, კონფლიქტურ და ომგამოვლილ ტერიეორიებზე“. შესაძლოა ეს რეზოლუცია იდეალური არ არის თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წვლილი ამაში დიდია. რუსები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ, რომ ეს რეზოლუცია მივიღეთ. ამიტომ, მე მართლაც ვითვალისწინებ ქალბატონი თაქთაქიშვილისა და ქალბატონი ბოკუჩავას მოსაზრებებს.
„პოლიტიკო„: ბატონო ზბიგნევ, მართალია თუ არა, რომ მიუხედავად თქვენი მკვეთრი შეკითხვისა, ამის შემდეგ თქვენ და ბატონ ივანიშვილს საკმაოდ თბილი საუბარი გქონდათ?
ზბიგნევ გირჟინსკისი: ეს ტყულია! მას შემდეგ რაც მე ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოს პრემიერს შეკითხვა დავუსვი, მე ბატონ ივანიშვილთან არავითარი საუბარი არ მქონია.
„პოლიტიკო„: თუმცა საქართველოში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ მედიას განუცხადა, რომ თქვენ თბილი საუბარი გქონდათ და დამეგობრდით კიდევაც.
ზბიგნევ გირჟინსკისი: არ ვიცი რა უთხრა ივანიშვილმა ქართულ მედიას, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ მასთან არავითარი საუბარი არ მქონია და საერთოდაც, აჯობებს ივანიშვილმა მეგობრები რუსეთში მოიკითხოს და არა პოლონეთში.
„პოლიტიკო„: კეთილი, მაშინ გკითხავთ, დღესაც მიიჩნევთ რომ ბიძინა ივანიშვილს პუტინი უყვარს და ის პრო-რუსული პოლიტიკოსია?
ზბიგნევ გირჟინსკისი: პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ის რეგიონში რუსული ექსპანსიისა და იმპერიალიზმის მთავარი სამიზნეა. უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასამორჩილებლად. მოსკოვმა საქართველოში საკუთარი აგენტები გამოგზავნა და მათ ძალიან დიდი ფულიც მისცა. ეს ყოველივე საქართველოს დამოუკიდებლობის აღსასრულით შეიძლება დამთავრდეს. რათქმაუნდა ბატონი ივანიშვილი პრო-რუსული პოლიტიკოსია. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ივანიშვილის მიზანია საქართველო პოლიტიკურად რუსეთს დაუქვემდებაროს. ყოველივე ეს ძალიან ცუდია არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის არამედ თქვენი თავისუფლებისთვის და ადამიანის უფლებებისთვის. ამავდროულად, ერთადერთი ვისაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები აწყობს - ეს რუსული იმპერიალიზმია.
http://politico.ge/index.php/news/view/2953