IDFI – 2013 წელს რეგისტრირებული დანაშაული 16,6 %-ით გაიზარდა
15:27 29-04-2013
2013 წელს რეგისტრირებული დანაშაული 16,6 %-ით გაიზარდა, - ამის შესახებ სტატიას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს.
2013 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკური მონაცემები 2013 წლის 12 აპრილს IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ იანვარ-მარტის თვეებში საქართველოში სულ რეგისტრირებულ იყო 11,708 დანაშაული, რაც წინა წლის შესაბამის თვეებში რეგისტრირებულ 10,033 დანაშაულთან მიმართებაში წარმოადგენს დანაშაულის 16,6%-ით მატებას", - ნათქვამია IDFI-ის სტატიაში.
2013 წლის იანვარი-მარტის თვეებში, წინა წლის შესაბამის თვეებთან შედარებით, აგრეთვე იმატა გახსნილ საქმეთა პროცენტულმა მაჩვენებელმა, თუმცა მეტი რაოდენობის გაუხსნელი დანაშაული (7871) წინა წელიწადთან შედარებით (7143) 2013 წლის პირველ კვარტალზე მოდის.
"საინტერესოდ მიგვაჩნია შსს-ს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მაჩვენებლების კონკრეტული თვეების მიხედვით შედარებაც. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი რეგისტრირებული დანაშაული, 2012 და 2013 წლის პირველ კვარტლებში მოდის მარტის თვეზე. 2012 წლის მარტში რეგისტრირებული იყო 3525, ხოლო 2013 წლის ამავე თვეში - 4396 დანაშაული. დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილია: 2013 წლის იანვარში 20,2 %-ით, თებერვალში 15,7 %-ით, ხოლო მარტის თვეში 24,7 %-ით"-ნათქვამია IDFI-ის სტატიაში.
IDFI ასევე აღნიშნავს სამინისტრომ ინფორმაცია არასრულყოფილი სახით გასცა და ინსტიტუტს არ მიეცა საშუალება გაცნობოდა დანაშაულთა სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების მიხედვით.
"სამინისტროს მიერ სრულყოფილი პასუხის მოწოდების შემთხვევაში მოგვეცემოდა საშუალება აგრეთვე წარმოგვედგინა კონკრეტული მუხლების მიხედვით ჩადენილ დანაშაულთა დინამიკაც. რაც ჩვენი აზრით, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. სამწუხაროდ, საზოგადოებისათვის გასაცნობად, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ვერც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის (www.police.ge) სტატისტიკისათვის განკუთვნილ განყოფილებაში მოვიძიეთ", - ნათქვამია სტატიაში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...6-gaizarda.html