ქალაქი ლაზიკა საქართველოს ნაცვლად შესაძლოა, სომხეთის ტეიტორიაზე აშენდეს. აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა დავით კარტოზიამ გაზეთ „რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ „საქართველოს ახალმა მთავრობამ საპორტო ქალაქ ლაზიკის 250 მილიონიან პროექტზე უარი თქვა, რის გამოც იგი მის განხორციელებას სომხეთში აპირებს".
„გასაგებია, რომ პრეზიდენტმა „ლაზიკას" სახელი გაუტეხა, თუმცა მათ ძალიან კარგად იციან ჩემი ბრძოლა სააკაშვილთან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი წავიღოთ სომხეთში, აზერბაიჯანში, ასევე ერაყის მთავრობისგან არის ძალიან დიდი სურვილი.
ალბათ, სხვა ქვეყნებშიც გავაკეთებთ პრეზენტაციას. არ გამოვრიცხავთ, აფხაზეთშიც წავიღოთ", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას დავით კარტოზიამ.
მის ამ განცხადებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის განცხადება ავანტურისტულად შეაფასა.
მისი თქმით, „ხელისუფლებას ლაზიკის პროექტზე უარი არ უთქვამს, უბრალოდ მისი დაკონკრეტება მოითხოვა".
„ეს არის ავანტურისტული განცხადება, ე.ი., 250 მილიონი დოლარი მომაქვს და მთავრობა უარს მეუბნება. ეს არის აბსურდული რამ. ჩვენ თბილისში ვგეგმავდით საერთაშორისო კონფერენციას პოლიტიკურ თემებზე, საქართველო-კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე. დავით კარტოზიას ჰქონდა სურვილი, თავისი პროექტი, რომელიც უკავშირდება ცნობილ „ლაზიკას" და ამბობს, რომ ეს არის პროექტი, რომელიც მას მოსტაცა სააკაშვილმა, წარედგინა კონფერენციაზე. ლაზიკა და საერთოდ ნებისმიერი პროექტი, რომელიც მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებას, სანამ საერთაშორისო კონფერენციაზე გავა, უმჯობესია, პროფილურმა სამინისტროებმა განიხილონ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.