ესე იგი, რა ხდება, არაო, "ნაციონალებს" არც არასდროს ვუჭერდი მხარს, ვიდექი და ვაკვირდებოდი, არჩევნებზე კი ბიძინა შემოვხაზეო. მართალია ბიძინას მე პირადად სულ ვკიდივარ, მაგრამ მე მისი მხარდამჭერი ვარო.
ვინ იქნება შემდეგი?

მწერალსა და მსახიობ გივი სიხარულიძეს ინტერვიუზე ისრაელში გამგზავრებამდე ვესტუმრეთ. ამბობს, რომ მუდმივად მოგზაურობს და უცხოეთში ხშირად უწყობენ შემოქმედებით საღამოებს. ახლაც საფრანგეთში მისი ნოველების კრებული გამოდის. მიუხედავად შემოქმედებითი ცხოვრებისა და აპოლიტიკურობისა, ყოველთვის საქმის კურსშია, რა ხდება ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაში.
- ბატონო გივი, ამჟამად სად საქმიანობთ?
- არაფერს არ ვსაქმიანობ, მწერალი ვარ და მალე ჩემი ახალი წიგნი გამოვა - ''კუდა მელია''. მალე საფრანგეთში მივფრინავ, სადაც ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ჩემი თორმეტი მოთხრობა გამოვა. თემურ ბაბლუანი დამეხმარა, რომ გამომცემლობა მომეძებნა, სადაც ჩემი მოთხრობები ჩავაბარე. ექვსი თვის განმავლობაში სამხატვრო საბჭო განიხილავდა და თოთხმეტიდან თოთხმეტი ხმა მივიღე. ჩემი წიგნიდან ''აწყვეტილი სიცოცხლე'' ამოკრიფეს ნოველები. საფრანგეთიდან იტალიაშიც გადავდივარ ხოლმე, ახლახან ფილმშიც გადამიღეს, პატარა ეპიზოდი მაქვს, კაპიტანს ვთამაშობ. დიდი ხანია, რაც თემურ ბაბლუანის ფილმ ''ემიგრანტზე'' ვარ დამტკიცებული, მაგრამ გადაღებები გადაიდო.
- საქართველოშიც ხშირად იმართება თქვენი შემოქმედებითი საღამოები.
- დავიწყოთ იქიდან, რომელ მწერალს ღირსებია ოპერაში 60 წლის საიუბილეო საღამო. შარშან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტმა ცხრაჯერ მიმიწვია სხვადასხვა ფაკულტეტზე. სამდღიანი შემოქმედებითი საღამო მქონდა პროფკავშირების სასახლეში. ახლახან ჩოხატაურში მომიწყვეს შემოქმედებითი საღამო. სულ იუბილეები მაქვს, რა ვიცი.
- საქართველოში თუ გიწვევენ ფილმებში გადასაღებად?
- სერიალ ''ცხელ ძაღლში'' მთავარი როლი ვითამაშე. იმის შემდეგ არავის აღარ მივუწვევივარ. არც იღებენ ისეთ ფილმებს, რომ უფროსი კაცის სათამაშო იყოს, მაგრამ ტელეარხებზე ყველგან მიწვევენ. იმ დღეს ''პროფილმა'' დამირეკა, 25 რიცხვში ღია ეთერში თამადა უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მაგ დროს ისრაელში კონცერტები მაქვს. ერთადერთი მწერალი ვარ, რომელიც ნიუ-იორკში ''არტივიაი''-ზე ღია ეთერში ვიჯექი და მთელი მსოფლიო მისმენდა. სულ საზღვარგარეთ ვარ, ხან კანადაში, ვაშინგტონში კონგრესის ბიბლიოთეკაში დევს ჩემი წიგნები.
- შეიძლება ითქვას, იქ უფრო მეტად გაფასებენ, როგორც მწერალს?
- თამაზ წივწივაძის დროს მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების გამგე ვიყავი. პირველმა გავაბი დანგრეული ხაზები რუსეთთან. ხშირად დავდიოდი რუსეთსა და უკრაინაში შემოქმედებითი საღამოებით. შემდეგ მაყვალა გონაშვილი ავირჩიეთ. დიდი მონაწილეობა მივიღე ამ არჩევნებში და ამის გამო ბევრი მწერალი გადამეკიდა. პატიოსნად უნდა გითხრათ, ადრე მეგობრები ვიყავით, მაგრამ მაყვალა გონაშვილი დღეს ჩემი მეგობარი აღარ არის. იმის შემდეგ მწერალთა კავშირში აღარ მივდივარ, დავწერე განცხადება და წამოვედი. მაბრალებენ, რომ მის არჩევას მე შევუწყვე ხელი, მაგრამ პატიოსნად უნდა გითხრათ, მაყვალამ იმ არჩევნებში ნამდვილად გაიმარჯვა, მე, უბრალოდ, ხელი არ შევუშალე. ოცდათვრამეტი ხმა მომცეს და მითხრეს, გივი, ჩააგდეო, მითხრეს, რომელ მწერალსაც სჭირდებოდა, მაგრამ მე არ ვიკადრე. მერე როგორ დააფასა მაყვალამ ჩემი ეს საქციელი, სხვა საქმეა, მაგრამ რომ მაბრალებენ, მე გავამარჯვებინე, ეს ასე არ არის, მან თავად, ალალად არჩევნებით გაიმარჯვა. ჭკვიანი ქალია, ორასი ათასი კაცის ტვინი აქვს. მის მოადგილეს რომ ჰგონია, რომ მართავს, არ მჯერა, ისე აქვს ტვინი მოწყობილი, რომ იქით მართავს ყველას.
- რუსეთთან ურთიერთობა ახსენეთ, დღეს ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ურთიერთობების დათბობა იწყება. რუსეთიდან მომღერლები ჩამოდიან...
- მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ და ნურც მკითხველს მოვატყუებთ. ჩვენი და მათი ურთიერთობის დათბობა ბიძინა ივანიშვილიდან იწყება. ამას ისეთი კაცი ვლაპარაკობ, რომლისთვისაც მაგას თავის ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია.
ბიძინა ივანიშვილი რომ ბრძენი კაცი და ჭკვიანია, ორი აზრი არ არსებობს. ღრმად მწამს, რომ სათავეში ფულის საშოვნელად არ მოსულა. იმიტომ მოვიდა, რომ ეს უბედური, ყველასგან მოტყუებული ქართველები ცოტა რაღაცით გაახაროს. პატიოსნად რომ გითხრათ, პოლიტიკაში მისი მოსვლა მეწყინა. მანამდე ინტერვიუებში ვწერდი, რომ ჩემთვის წმინდა კაცი იყო, რომელსაც სამშობლო უყვარს და არ მომეწონა, როცა სამშობლოზე შეყვარებული კაცი ბინძურ, საზიზღარ პოლიტიკაში მოვიდა, მაგრამ მედალიონს მეორე მხარეც აქვს. ეტყობა, ჩვენს ერს სჭირდებოდა და ამ კაცმა თავისი მოსვლით საკუთარი თავი დააზიანა.- რუსეთთან ურთიერთობაზე ვლაპარაკობდით.
- მაგას ვამბობ, მისგან მოდის კარგი დამოკიდებულება. რა არის ცუდი, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს?
ირანმა და თურქეთმა ნახევარი საქართველო ამოწყვიტეს და დღეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. რუსეთმა რა დღეში ჩააგდო ჩეჩნეთი და დღეს როგორი ურთიერთობა აქვს, თოფითა და ტანკით მათ მორევას ვერ შევძლებთ. რაც შეიძლება დათაფლული ენით უნდა გავაკეთებინოთ ის, რაც გასაკეთებელია.- დიპლომატიას გულისხმობთ?
- არა, დათაფლული ენით. მთელი მსოფლიო იღვწის, რომ მათთან ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობა დაამყაროს და ჩვენ რა გამოვედით, რომ გზა გადავუკეტოთ და რუსი დავგმოთ. თუ ვინმესთან შევძლებთ კარგად ყოფნას, უნდა ვიყოთ რუსეთთანაც. ჯემალ ჭკუასელს რომ ეცნენ და ლამის დაახრჩეს, რატომ წახვედიო, მერე ხომ წავიდნენ სულაბერიძისა და ერქომაიშვილის ანსამბლები და პეტერბურგში წავიდნენ სუხიშვილებიც. რა მოხდა, მერე, ვერ გავიგე, ეს კულტურული ღონისძიებები არაფერს არ აფუჭებს.
- თქვენ ბოლოს როდის იყავით რუსეთში?
- 2007 წელს ვიყავი და აგვისტოს ომის შემდეგ შევწყვიტე, ახლა ისევ აღვადგენ. მიწვევები მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. იმ ქვეყანაში ხომ არ წავიდოდი, რომელმაც ბიჭები დაგვიხოცა? ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერი ქვეყანა, რომ ბრძოლით ვინმეს რამე მოვუგოთ. რაც შეეხება ამერიკასა და ევროპას, ორივეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ერთ კითხვას გისვამთ, მიგვიღეს ნატოში ან ევროკავშირში?
- არა...
- ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ერთი მეტრი მცირერიცხოვანი ერი ვართ, რომელიც ლამის სულს ვღაფავთ და იმისთვის არ გვცალია, რომ შეპირებებით ვიცხოვროთ. კარგად უნდა ვიყოთ ამერიკასთან, ევროკავშირთან, მაგრამ რუსეთთანაც.
- რუსულ და ამერიკულ ღირებულებებზეა აზრთა სხვადასხვაობა.
- ყველას თავისი აზრი აქვს, მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ამერიკული ღირებულებები სჯობს რუსულს. ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ომბუდსმენის არჩევნების დროს დიმიტრი ლორთქიფანიძეს მთელი თვე უკიჟინებდა, შენ რომ გეებსა და ლესბოსელებს მხარს არ უჭერ, ომბუდსმენად არ გაგიყვანენო.
მირჩევნია, ჩემი ერი არც ნატოში იყოს და არც ევროკავშირში, მაგრამ რაინდული თვისებების მქონე მამაკაცებითა და კდემამოსილი გოგონებით იყოს სავსე, ვიდრე გაამერიკელებული და გაევროპელებული გეებითა და ლესბოსელებით. ისეთი მცირერიცხოვანი ერი, როგორიც ჩვენ ვართ, პირდაპირ ასე დაწერეთ, თუ ''გაპედერასტდება'' და ''გალესბიანკდება'', აუცილებლად დავიღუპებით.- ნატოსა და ევროკავშირში შესვლა ამას ხომ არ ნიშნავს.
-
ნახეთ ნებისმიერი პოლიტიკოსის გამოსვლა, ამბობენ, თქვენ თუ გინდათ, რომ ევროკავშირში მიგიღონ, უნდა აღიაროთ, რომ მამაკაცმა მამაკაცი მოიყვანოს ცოლად და ქალი ქალზე გათხოვდესო. რატომ ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სიმპათია მაქვს, ერთადერთი კაცია, რომელიც ფულზე არ ფიქრობს, რადგან უკვე მდიდარია და უნდა, ეს ფული რაციონალურად მოახმაროს ქვეყანას. ქართველებმა შრომის ფასი თუ არ ვისწავლეთ, დილიდან საღამომდე ქუჩაში თუ ვიდგებით ქალიან-კაციანად და ხან მიშას გაუმარჯოს ვიძახებთ, ხან ბიძინას, ხან ედუარდს, სახელმწიფოდ ვერ შევდგებით. არ მომწონს პოლიტიკოსების დაპირებები. სანამ აირჩევენ, ერთ ამბავში არიან და მერე ხალხს ფეხებზე იკიდებენ.
- თქვენი რაიონის დეპუტატი ვინ არის?
- არ ვიცი და არც მაინტერესებს. იცით, რომ საერთოდ არ დავდივარ არჩევნებზე? ერთხელ წავედი, ზვიად გამსახურდიას რომ ირჩევდნენ და მეორედ, ბიძინას ასარჩევად, მეტი არ ვყოფილვარ და არც წავალ.
- არჩევნებზე თუ იყავით, თქვენი რაიონის დეპუტატის ვინაობა მაინც არ იცით?
- რაში მაინტერესებს, ვინ არის. მხოლოდ ბიძინა შემოვხაზე, მორჩა და გათავდა. ისეთი კაცი შემოვხაზე, რომელმაც უამრავ კრეტინს მსახიობისა და მწერლის სტატუსით ჯამაგირი დაუნიშნა, ისინი ჩემს ნიჭიერებასთან ახლოს ვერ მივლენ, თუმცა მათ შორის პატივსაცემი ადამიანებიც არიან...
ბიძინას ჩემკენ არც გამოუხედავს, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ქვეყნის მეთაურთან იმით კი არ განისაზღვრება მე რას მიკეთებს, არამედ მაინტერესებს, რას უკეთებს ჩემს სამშობლოს. ბიძინა ივანიშვილმა სულ რომ მშიერი მომკლას და ეგრეც იქნება ცოტა ხანში, რადგან არსად ვმუშაობ, მაინც პატივს ვცემ იმიტომ, რომ ის ჩემს ქვეყანაზე ფიქრობს.
- პირადად თქვენთვის რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ?
- არაფერი, ადრეც ვამბობდი, რომ მომწონდა, ქალაქები რომ გალამაზდა, გზები დაიგო, მაგრამ თუ ამ მთავრობამ არ იფიქრა ადამიანების სულიერ, მორალურ და მატერიალურ მდგომარეობაზე, მაშინ ეს ყველაფერი გადაიქცევა მკვდარ დეკორაციად-მეთქი და ისე აგიხდეთ ყველაფერი. ხალხზე არ იფიქრეს... რისთვის აშენებ ამ ყველაფერს, თუ ხალხმა არ მოიხმარა და ბოლოს გამწარებული ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მე არასოდეს გამოვსულვარ აქციებზე, მაგრამ არც იქ მივსულვარ, სადაც ნაციონალებისთვის უნდა დამეჭირა მხარი. ჩემთვის ვიყავი და ვუყურებდი, რომ საღ ძალას გაემარჯვა. გაიმარჯვა კიდეც.
- ნაციონალებში შიდა არეულობაა...
- დაიწყება, რა თქმა უნდა, მანდ მთელი ამბავია, ჩემთვის მთავარია, ოცნებაა თუ გრიგალი, მაგათ არ დასცხონ ერთმანეთს და ქვეყანა არ აირიოს. ნაციონალები რომ ერთმანეთს დაჭამენ, მაგაზე ორი აზრი არ არის. მე პარტიებს არ ვცემ პატივს, ერთადერთ კაცს ვცემ პატივს, ბიძინა ივანიშვილს, და მისი იმედი მაქვს. ჩემი ერთადერთი პატრონი ჭუტა წერეთელია, ჩემი ბავშვობის ძმაკაცი და ორმოცი წელია, გვერდში მიდგას. მეუბნება, არ დახურდავდე, არავის არაფერი სთხოვო, ბილეთი გინდა თუ რა, მე გიყიდიო.
- ამ თვეების განმავლობაში სამსახური არავის შემოუთავაზებია?
- არა, ყველამ იცის, როგორი პოპულარული იყო ჩემი გადაცემები რადიოში. ჩემი ნიჭიერება აღიზიანებთ მათ, ვისაც უნდა, ნიჭიერი იყოს და ვერ არის. პირდაპირი კაცი ვარ, ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ. მთელი ცხოვრება ამის გამო პრობლემა მაქვს. პოლიტიკოსებსაც იმიტომ არ ვცემ პატივს, რადგან პოლიტიკოსი რომ იყო, ცრუპენტელა უნდა იყო.
- პოლიტიკოს ქალბატონებზე რა აზრის ხართ?
- არ მიყვარს ქალი პოლიტიკოსები, მაგრამ მანანა კობახიძემ თავისი გამოსვლით სიმპათია დაიმსახურა. ჭკვიანი ქალია ნინო ბურჯანაძეც. რაც შეეხება მსოფლიო პოლიტიკას, ძალიან კარგად ერკვევა სალომე ზურაბიშვილი.
- ამბობენ, რომ ივანიშვილი მას საპრეზიდენტო კანდიდატად ამზადებს.
- იმ ქვეყანაში, სადაც ივანიშვილია პრემიერი, პრეზიდენტი ვინც გინდა იყოს, მისი ადგილი მხოლოდ პრესტიჟული თანამდებობა იქნება. ბავშვი არავინ არ ვართ და სახელწიფო ამ ბრძენმა კაცმა რომ უნდა მართოს, ყველამ ვიცით. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, ისეთ კაცზე ვლაპარაკობ, რომელსაც სულ არ ვეხატები გულზე და შეიძლება, არც მიცნობდეს.
http://www.reitingi.ge/index.php?option=co...=650&lang=ka-GE
This post has been edited by Aaron on 30 Apr 2013, 14:31
ქვეყანას სამი რამ აკლია: ცას -კიბე, ზღვას - ხიდი და ადამიანს – სამართალი...