23 აპრილი უილიამ ტერნერის დაბადების დღეა.
ჩვენს ძველ სახლში ნაპოვნი ამ ბავშვობისდროინდელი წერილით მინდა, სიყვარულით და მორიდებით გავიხსენო დიდი ბრიტანელი ოსტატი და ძვირფასი ნ., რომელიც 25 წელია, არ მინახავს...
ფორუმის ადმინისტრაციას კი ვთხოვ პატიებას - თუკი რაიმე წესი დავარღვიე, როდესაც Post New Topic-ს დავაკლიკე : -)
ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე ნელსონის კოლონა ზუსტად ეროვნული გალერეის პირდაპირ დგას. მე-19 საუკუნის ბოლოს გალერეის ერთი დარბაზი უილიამ ტერნერს ეთმობოდა. 1883 წელს ერთმა ინგლისელმა ფერმწერმა ჩაიხატა ნაწილი ამ დარბაზისა და სხვა ნამუშევრებთან ერთად ტილოზე აღბეჭდა ტერნერის ორი განსაკუთრებით ცნობილი ქმნილება -
შერკინება ტრაფალგართან და
ფრეგატი [i]გულადი, დასაშლელად განწირული, თავის უკანასკნელ გზაზე[/i] (The Fighting Temeraire tugged to her last berth to be broken up)...

ფრეგატი 1798 წელს ჩაუშვეს წყალში, ერთი წლით ადრე საფრანგეთში ნაპოლეონ ბონაპარტეს აღზევებამდე. 1805 წელს ის შეუპოვრად იბრძოდა ტრაფალგარის კონცხთან საფლაგმანო ხომალდ
ვიქტორიას გვერდიგვერდ, რომელზეც სასიკვდილოდ დაიჭრა ადმირალი ნელსონი. ნაპოლეონის ფლოტზე გამარჯვებამ დიდება და საპატიო სახელი - "გულადი" არგუნა ხომალდს.
მისი შემდგომი ბედი კაცისას წააგავს. 1820 წელს, მოძველებული (ჩანს, გემები ადამიანებზე სწრაფად ბერდებიან), ის მტკიცედ მიაკრეს დოკს ტემზის ქვედა წელზე. იყენებდნენ საწყობად, საპყრობილედ, საზღვაო ჰოსპიტლად, ხოლო 1838 წელს დასაშლელად გაიყიდა და ტემზის არხით მთელი ლონდონის თვალწინ ორთქლის კატარღით წააცურეს გემების სასაფლაოზე. სწორედ მაშინ შექმნა ტერნერმა, იმხანად საადმირალოს მთავარმა მხატვარმა სურათი
ფრეგატი გულადი.
ტერნერმა ის დრო აირჩია, როდესაც მზე ჯერაც არ მიჰფარებია ჰორიზონტს, მთვარე კი უკვე ამოდის და ამ ორმაგი ნათებისას ყოველივე კოსმიური ელფერითაა მოსილი.

ტემზის გლუვ ზედაპირზე მოძრაობს პატარა, მრუმე, ახრჩოლებული ორთქლის ნავჭურჭელი. მის უკან კი ამაყად აუზიდავს ანძები უჩინარ-ქათქათა ულამაზეს ხომალდს, კეთილი რაინდივით მშვიდად და ღირსებით მიმავალს სასიკვდილოდ. დაისი აღსასრულის განწყობას გვკარნახობს, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება, განათებული სხვა, მეორე ამომავალი მნათობის შუქით.
ადრე რატომღაც ფიქრობდნენ, რომ ტერნერი თავად შეეეწრო ამ პროცესიას, აკეთებდა ჩანახატებს, ესკიზებს და უკვე შემდგომ ასახა ეს ყოველივე ტილოზე.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე სხვაგვარადაა. ვიდრე დასაშლელად წააცურებდნენ, ფრეგატს დაახერხეს ანძები, მოაშორეს აღკაზმულობა, მთელი საჭურველი. არსებობს ლითოგრაფია, რომელზეც აღბეჭდილია, რომ ტემზაზე მიცურავდა მხოლოდ ფუტურო ნაშთი
გულადისა.
ტერნერმა შექმნა არა იმდენად ნახატი-ნატურა, არამედ სიმბოლო, ხატება, აღვსილი წარსულის დიდებით. ალბათ, შეგვიძლია მარტივად განვმარტოთ ეს გამოსახულება: ორთქლის საუკუნეს სანაგვეზე მიაქვს იალქნის ეპოქა. თანაც, აქ ორთლი მახინჯ მწერსაა მიმსგავსებული, ხოლო აფრები - ულამაზეს ცოცხალ არსებას. ამავე დროს, ნახატი გაცილებით ღრმაა აზრობრივად - რაღა თქმა უნდა, ტერნერს უყვარდა
აფრების ეპოქა, მაგრამ იგი არ დარჩენილა ოდენ წარსულის მოტრფიალედ...
ამაზე მეტყველებს ტერნერის ბევრი გვიანდელი ქმნილება, განსაკუთრებით კი განთქმული
წვიმა, ორთქლი და სიჩქარე, სადაც კვამლი და ჯანღი, გაფანტული მომავალი ლოკომოტივის სისწრაფით, ქმნის მკვრივი ჰაეროვანი ატმოსფეროს ეფექტს - იმპრესიას...

და აქ შეუძლებელია, არ გაგვახსენდნენ ფრანგი იმპრესიონისტები, კერძოდ კი
სენ-ლაზარეს სადგური კლოდ მონესი...

რაც იმპრესიონისტებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს, დიდწილად ტერნერის წინასწარჭვრეტაა, ოღონდ ის განსხვავებულ საშუალებებს იყენებდა.
ცნობილი ამბავია: 1871 წელს კლოდ მონემ და კამილ პისარომ ლონდონში ყოფნისას პირველად ნახეს ტერნერის ნამუშევრები; იმ დღიდან ისინი სხვაგვარად იწყებენ ჭვრეტას და ხატვას. ეს თარიღი - 1871 - იმპრესიონიზმის ქრონიკებში
შემობრუნების მიჯნადაა მიჩნეული.
სამი წლის შემდეგ პარიზში კლოდ მონე თანამოაზრე მხატვრებთან ერთად მოაწყობს
დამოუკიდებელთა სკანდალურ გამოფენას და წარმოადგენს ამომავალი მზის მირაჟულ ქმნილებას - Impression, soleil levant (
შთაბეჭდილება - აისი) - შედევრს, რომელიც სახელდებს ერთერთ უშესანიშნავეს ნაკადს ხელოვნების ისტორიაში.
This post has been edited by beatlesflacone on 7 May 2013, 06:21