საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი პროგნოზი შესაძლოა, შემცირდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ამის თქმის საფუძველს შენელებული ეკონომიკური აქტივობა იძლევა. "სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ ეკონომიკური ზრდის 6%-იან მაჩვენებელზე. ამის მიზეზია, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელება, ასევე ადგილობრივი ფაქტორი – მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც გარკვეულწილად ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან და გაურკვევლობა აქვთ თავიანთ მიზნებში", - აღნიშნა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მთავრობასთან თანამშრომლობს, უგზავნის ინფორმაციას და აკეთებს სიტუაციის ანალიზს. "იმედს ვიტოვებთ, წლის მეორე ნახევრიდან აღნიშნული ნეგატიური ტენდენცია შეიცვლება. მომავალ კვირაში გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ინფლაციის მიმოხილვის ანგარიში, სადაც დეტალურად არის განხილული ეს თემები. ასევე, რამდენიმე დღეში საქართველოს ეწვევა სავალუტო ფონდის მისია, რომლებთან ერთადაც გავივლით არსებულ სიტუაციას და სავარაუდოდ გადავხედავთ ეკონომიკური ზრდის დაგეგმილ პროგნოზს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ სტრატეგიაზე გადადის, რომელიც სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის ნაწილია. ამ პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ცნობით, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც დეტალურად მიმოიხილავს არსებულ ტენდენციებს.
მისივე განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდა და 4, 25 პროცენტი შეადგინა, რაც არსებული ეკონომიკური სიტუაციის ადეკვატურია. "სახეზეა საპროცენტო განაკვეთების კლება, ასევე, ბანკებს გააჩნიათ საკმარისი რესურსი საკრედიტო აქტივობის განხორციელებისთვის. თუმცა, ჩვენ შემოვიღეთ რეფინანსირების განაკვეთის ლიმიტი. ასევე, კეთილსინდისიერ გადამხდელს შეუძლია, მიმართოს და მოითხოვოს როგორც საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ისე რეფინანსირება სხვა ბანკში. ამ შემთხვევაში მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია კონკურენცია", - განაცხადა ქადაგიძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...shemcirdes.htmlრა მოყვება ამ შემცირებას, შეგიძლიათ საკუთარ ფანტაზიებში განავრცოთ. სავარაუდოდ წლის ბოლოს ბიუჯეტის სეკვესტრი პირველი იქნება ბოლო 9 წლის მანძილზე.