http://www.newposts.ge/sazogadoeba/12612-l...i-detalebi.htmlთავდასხმის დროს ერთ-ერთი დაზარალებული, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია აცხადებს, რომ მომხდარი ჩხუბი წინასწარ დაგეგმილი, კარგად მოფიქრებული პროვოკაცია იყო.
ზაზა გოროზიათან ერთად, კლუბ-რესტორან "ლა ფრუტტეში" საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმის ექსკლუზიური დეტალები "ნიუპოსტს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა მიაწოდა.
დაპირისპირების დაწყება და განვითარება სწორედ ამ თვითმხილველზე დაყრდნობითაა აღწერილი, რომლის ვინაობასაც, მისივე თხოვნით, "ნიუპოსტი" არ ასახელებს. სტატიის ბოლოს მოყვანილია ზაზა გოროზიას კომენტარი და მომხდარის მისეული შეფასება:
"ლა ფრუტტეში" თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები, ასევე, წინა ხელისუფლების სხვადასხვა რანგის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. კლუბ-რესტორანში იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და ნიკა მელია, ასევე რამდენიმე სხვა პირიც.
"ლა ფრუტტეში" კლიენტებისთვის ღია დარბაზია განკუთვნილი, რომელიც ორ სართულადაა გაყოფილი, ისე, რომ მეორე სართული პირველს გადმოჰყურებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პირველ სართულზე რამდენიმე მაგიდა დაიკავეს და სადილობას შეუდგნენ. პრეზიდენტის სტუმრობის მიუხედავად, კლუბ-რესტორანი არ დახურულა და სხვა სტუმრებიც, ჩვეულებისამებრ აძლევდნენ მომსახურე პერსონალს შეკვეთებს.
წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სადილი დაახლოებით ერთი საათის დაწყებული იყო, როცა რესტორანში მამუკა ბაკურია, მისი მეუღლე და ვინმე მაზიაშვილი გამოჩნდნენ (მამუკა ბაკურია ცოტნე ბაკურიას ძმა და თინათინ ხიდაშელის მამიდაშვილია). მათ მაგიდა მეორე სართულზე შეუკვეთეს. როგორც თვითმხილველმა "ნიუპოსტს" უთხრა, მოსულთაგან მამაკაცები თავიდანვე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ: ისინი აგრესიულად იქცეოდნენ და ხმამაღლა აძლევდნენ შენიშვნებს თავდაპირველად, მომსახურე პერსონალს.
უკვე მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა რესტორანი დატოვეს, სამი პირიდან ორი მამაკაცი: ბაკურია და მაზიაშვილი ხმამაღალ რეპლიკებზე გადავიდნენ:
"ვაკე ჩვენია, ვაკეში ბოზების ქეიფის დრო დამთავრდა!"; "მკვლელები ამ რესტორანში ვერ იქეიფებენ, დაახვიონ აქედან!" - ამ ხმამაღალი რეპლიკების შემდეგ სამივე პირმა პირველ სართულზე გადმოინაცვლა და პერსონალურ მიმართვებზე გადავიდა:
"ბაკურია და მაზიაშვილი აგრესიულად იქცეოდნენ და პიროვნულ მიმართვებზე გადავიდნენ. აქტიურობდა ბაკურიას მეუღლეც, რომელიც იქ მყოფებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. სიტუაცია მწვავდებოდა და ერთ-ერთი მაგიდიდან ზაზა გოროზია წამოდგა, ერთ-ერთს ხელი გადახვია მხარზე და რაღაცას ელაპარაკებოდა. ამ დროს ბაკურიას მეუღლემ ყვირილი დაიწყო, ხელი გამარტყესო, თუმცა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ხელი არავის დაუკარებია.
ამის თქმა იყო და, მისმა მეუღლემ იყვირა, ჩემს ცოლს ხელი როგორ დაარტყით, თქვე ახვრებო, თქვენი დედაცო! და ზაზა გოროზიას, რომელიც ელაპარაკებოდა, მოულოდნელად მაგიდიდან აღებული ბოთლი ჩაარტყა მარჯვენა მხარში. გოროზიაზე შეტევა მაზიაშვილმაც მიიტანა და მანაც მარჯვენა მკლავში ჩაარტყა. მოგვიანებით იქვე მყოფ ნიკა მელიასაც დაარტყეს. ამის შემდეგ ყველაფერი აირია, თუმცა, დავინახე, რომ ბაკურიას მეუღლე სუფრიდან აღებულ დანას იქნევდა და საყვარელიძეს დაარტყა კიდეც მკლავში.
მაზიაშვილმა სუფრიდან აღებული ჭიქა საყვარელიძეს პირდაპირ სახეში ჩაარტყა, ხოლო ბაკურიამ ამასობაში მეორე სართულზე, თავიანთ სუფრასთან აირბინა და იქედან ქვემოთ მყოფი დეპუტატების თავზე საფერფლეები, თეფშები და ვაზები დაუშვა. ერთი ვაზა ვაშაძეს მოხვდა თავში და ჩაიკეცა. ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ დეპუტატები და მათი თანმხლები პირები აშკარა უმრავლესობაში იყვნენ, მაგრამ თავდამსხმელებს ფიზიკურად კი არ უსწორდებოდნენ, უბრალოდ, თავის არიდებასა და გაშველებას ცდილობდნენ.
სულ ცოტა ხანში დარბაზის იატაკი ჭურჭლის ნამტვრევებით დაიფარა. ბაკურია, მისი მეუღლე და მაზიაშვილი გინებას აგრძელებდნენ მას შემდეგაც, რაც რესტორანში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ. მას შემდეგ, რაც აგრესიული თავდამსხმელები პოლიციელებმა დარბაზიდან გაიყვანეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაზარალებულთა და თვითმხილველთა ჩვენებების ჩაწერა დაიწყეს, რასაც ცოტა ხანში მოსული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შეეწინააღმდეგნენ.
"ჩვენი ბიჭები არიან, არ გინდათ", - ეს ფრაზა, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ხმადაბლა უთხრა, მე თვითონ გავიგონე", - ამბობს თვითმხილველი "ნიუპოსტთან" საუბრისას.
საბოლოოდ, თვითმხილველის თქმით, აგრესიული პირები იქაურობას გაარიდეს, მაგრამ ქუჩაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებსა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს შორის ხმამაღალი საუბარი გაგრძელდა.
"ნიუპოსტი" ერთ-ერთ დაზარალებულს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ზაზა გოროზიასაც დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარი ჩხუბის ფაქტი და ის, რომ ამ ჩხუბის დროს მარჯვენა ხელი მოიტეხა, დაადასტურა:
"მე დაპირისპირების გაჩენისთანავე ერთ-ერთთან მივედი და მეგობრულად ვუთხარი, მოდი, აქედან წადით და ნუ ვიჩხუბებთ-მეთქი და ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, რაღაც მძიმე საგანი ჩამარტყეს ხელში ჯერ ერთმა, მერე კი მეორემ. მერე საფერფლეებს, ჭიქებს და ვაზებს ისროდნენ. ბოლოს, როცა პატრული მოვიდა, ვეუბნებოდი, რომ ხელი მისივდება და გამიშვით, საავადმყოფოში მე თვითონ წავალ-მეთქი, თანაც მობილურის ნომერსაც ვუტოვებდი, მაგრამ არ გამიშვეს, სასწრაფო უნდა მოვიდესო. სასწრაფო აგვიანებდა, მე კი ხელი მისივდებოდა. ჩემი აზრით, ეს წინასწარდაგეგმილი პროვოკაცია იყო, მათ არეულობის მოწყობა და ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევა უნდოდათ და ეს მოახერხეს კიდეც", - უთხრა "ნიუპოსტს" ზაზა გოროზიამ.
ამ დროისთვის დაზარალებულები უკვე სახლებში იმყოფებიან. დავით საყვარელიძეს, წინასწარი ინფორმაციით, მკლავზე დანით მიყენებული ჭრილობა და სახეზე მიყენებული დაზიანება აღენიშნება, გიორგი ვაშაძეს თავში აქვს მიღებული ჭრილობა, ხოლო ზაზა გოროზიას მარჯვენა მკლავი თაბაშირში აქვს ჩასმული. ფიზიკური დაზიანებები ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, მაზიაშვილმაც მიიღო. ამ დროისათვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არცერთი დაზარალებული არ იმყოფება: პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და დაზიანებული ადგილების დამუშავების შემდეგ მათ სახლებში ყოფნა არჩიეს, სტაციონარში დარჩენაზე უარი განაცხადა ასევე ზაზა გოროზიამაც.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას "ნაციონალური მოძრაობა", სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გააკეთებს.
ლაშა ბერულავა
http://www.newposts.ge/sazogadoeba/12612-l...i-detalebi.html
უოტსონ, ჩემო კარგო, უოტსონ! ეს ხომ ელემენტარულია...
რაც უნდა თქვან შენზე ... იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ.