*************
რამდენჯერ იყო,
წამოვიწყე თითქოს ბედნიერება,
უფრო სწორედ წამომცდა.
და ყოველთვის რაღაც მაკლდებოდა მისდამი
და მიკლავდა ამ მოულოდნელ სიხარულს.
მაგრამ სასიამოვნო განცდად მრჩებოდა ის, რომ
ასე ახლოს იდგა ჩემთან.
მოკლედ,
ყოველთვის იყო რაღაც,
რაც ყველაფერს აფუჭებდა.
ახლა კი საით, ჩემო მოჩვენებითო სიმშვიდევ,
ჩემო სიჩუმევ,
რომელ კედელზე ამოვკაწრო შენი სახელი,
რომ მოვიშორო ყველა მოულოდნელობა - ბევრჯერ მატკინეს..
ახლა კი თვითონ ამოვზილავ ჩემს გულის სამყოფს
და საკუთარ თავს ნაწილ-ნაწილ პეშვით მოგიტან.
ალბათ ასეა,
დაუმსახურებელი ბედნიერება -
კაზინოში მოგებულ ფულს ჰგავს,
ეს კი მალე გაივლის.
*წინათგრძნობა*
ისევ იმ ძველ და სანუკვარ წადილს
ვაღვივებ, მახსოვს ყოველი ჩრდილიც.
და გროვდებოდი ჩემში ვით წყალი,
საკუთარ ნაპირს გადმოცდენილი.
შენც ჩვენს სიყვარულს
გაივლი ვით გზას,
იქ სიმარტოვე დარჩება დიდი.
და მხოლოდ ქუჩის კუთხეში ზამთარს-
ისევ შერჩება თვალები მშვიდი.
***************
რა შეიცვალა,
ო, იმ ტკბილი მომავლის შემდეგ,
გულს რომ ჩაუთქვი, აისრულე, ხოლო დღეები
გადახალისდა, გაიზარდნენ
შენი ხელები
და ხვალინდელი
სარჩოს
ფიქრით აღარ იღლები.
შენი სახელიც,
ვით მდინარე, ისე ადიდდა,
და ყველა ღამე წარსულია
ახლა რატომღაც.
რა შეიცვალა, იმ მწარე და ტკბილ მომავლიდან,
როგორც ფოთოლი - მოწყვეტის ჟამს,
ისევ მარტო ხარ.
* * *
************
მე თოვლის გზიდან წამოვედი. ჩემი სხეული
ძველი სახლივით მივალაგე, ცივი და მყიფე.
ვით ჩრდილი, დიდი სინათლიდან გამოქცეული,
ტყვიით დამფრთხალი ფარასავით მივყვები ფიქრებს.
და როგორც მაშინ, უსაშველო წვიმა მოვიდა
და ბუხარიდან მოწყენილი წავიდა ბოლი.
ფრაგმენტებივით ჩამოჭრილი სიმარტოვიდან -
წვიმის ხმაური და შენი ხმა შემომრჩა მხოლოდ.
ქარი გულმკერდზე ხელს მაწმინდავს და სადღაც გარბის,
მე დაღალული ვიყურები ჩუმი სახლისკენ.
ყოველი შუქის, ლამპიონის და ჩრდილის გარდა
ჩნდება სიტყვები და იმედი რაღაცა ახლის.
გრძელი ღამეა, მთვარის ნატეხს ირეკლავს მინა.
გადააფარებს დრო თეთრ ზეწარს ჩამოყრილ წიწვებს.
და საკუთარი სიჩუმიდან, თოვლივით წმინდა -
გადმომყავს შენი მკრთალი ლანდი და გვერდით ვიწვენ.
* * *
*თ.ს.-ს*
სავსეა ქუჩა წვიმის სურნელით.
და ჩემი ჩრდილი კედლიდან წვეთავს,
ქარი ჩემს სუნთქვას - ყრუს და მოცელილს -
ფრთხილად იპარავს და მიაქვს ღმერთთან.
ღია სარკმელში, ბნელი ქალაქი -
სველი მგზავრივით შემოდის შიგნით,
და მთვარის ჩრდილი მის გრძელ ფეხებთან
დევს - როგორც გარეთ ნაპოვნი წიგნი.
სავსეა ქუჩა წვიმის სურნელით.
და მიაქვს განცდა სხვადასხვა თემის.
ვიბრუნებ სუნთქვას და შენს მუცელში -
ახალი სუნთქვა იწყება ჩემი.
* * *
@@@
ამ თოვლს, ჩემი ფიქრივით მოსულს,
მთიებს - სიშორის მდინარეებს,
მხოლოდ თვალისთვის
რომ არსებობენ,
ისიც შორიდან.
და ხეებს - ძველი მეგობრის ხსნოვნას.
დიდი ხნის მერე, ტკივილზე რომ ვიცანი.
და ჩემს გაყინულ, მცოცავ სტრიქონებს,
უთვალთვალებენ შენი თვალები.
ხეები ჩემი წარსულია, ყველა მათგანი
მივატოვე და დავუტოვე - მხოლოდ დუმილი,
როგორც სახლ-კარი ჟამიანობისას.
იდექით ჩემთან სიშორის მთებო,
ოღონდ შორიდან,
რადგან ახლოდან მეშინია არ მივეჩვიო
თქვენს სილამაზეს
და არ გაწყალდეს.
ღამემ ჩრდილივით გადიარა ჩემი ხელები.
რა შორი გზაა ნავსადგურამდე..
* * *
***************
იცდის ქალაქი. თოვლი დიდი ხნით
წავიდა, ჩემი ბნელი ქუჩიდან.
ამოდის კვამლი
და კვამლს ხიხინით
ამოაქვს ღამე,
როგორც უჩინარ -
გვირაბის
ბოლოს, მბრწყინავი სხივი.
მე გადმოვვარდი ჩემი ღამიდან
და ახლა, მხოლოდ, სუნი მაქვს სხვისი,
თორემ თვალები, სულ ძველებურად,
ზღვის სიმლაშით და შენით მაქვს სავსე.
ასე არასდროს ხვდებიან არვის,
არასდროს არვის ხვდებიან ასე.
იცდის ქალაქი.
ფანჯრებს იქით კი, სიმარტოვისთვის
ამოსულ მუხებს უჭირავთ ჩემი
ფიქრი,
და სადღაც გამქრალ თოვლივით
ადნებათ ტანზე და ადის ზევით -
ღმერთის ქალაქში.
მე კი, უთვალავ ცოდვის პატრონი,
ისევ კბილებით მიჭირავს ლოცვა,
რომ ვიგრძნო, კაცი, მაინც მარტოა,
თუნდ მეგობრებში მოილხენს როცა.
შენ, ახლა რომელ ნაპირს მოჰყვები,
უნდა მოხვიდე! დღეს შენი დღეა!
თითქოს საკუთარ ფესვებს მოგწყვიტეს
და მხოლოდ გულით სუნთქავ და ღელავ.
ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს
დრო, გაიხსნება ყოველი ფიცი.
ღრუბლებს გადააქვთ შენი სიჩუმე,
დგას ქალაქი და წვიმაში გიცდის.
**********
1.
სადღაც კი არა - ჩემს ღამეშია
უკაცრიელი ხეების სევდა,
გადაფარული თოვლის სინაზით,
ჩემი ფიქრით და ზამთრის სითეთრით.
თითქოს ოდესმე აქ ჩავიარე
და სამუდამოდ დამიმახსოვრა.
როგორც სურათმა -
გარდაცვლილი მეგობრის გვერდით.
2.
წვიმა კი არა - ჩემი სისხლია
ამ გამოფიტულ სიჩუმეში
შუბლს რომ მისველებს
სულს მიბრუნებს,
მაფორიაქებს
და მაგრძნობინებს
რომ ვარ ცოცხალი.
ჩემი სისხლია დარდი კი არა
ყველა ფიქრიდან რომ მოჟონავს, ძარღვებს მიტოკებს
და ამ დროს თითქოს მთელი ქვეყანა
მიჩანს თვალებში.
3.
ვიღაც კი არა - მე ვარ ეს კარი
და ვისაც უნდა ყველა შემოდის
მხოლოდ დიდი ხნით შიგნით ვერ ძლებენ,
ხოლო ვინც გაძლო,
"ვინც" კი არა - თქვენ ხართ ეს გული.
********
„პოეზია არის ასული,
ერთი იღლია მწიფე თავთავებით
ანდა პოეზია საერთოდ არ არის.“
(შოთა ჩანტლაძე)
-----
რა დარჩება ამ ქალაქისგან,
თუკი გეტყვი, რომ შენს თვალებში
ფოთლების სევდა ასვენია
და ქარს გადააქვს ისინი,
როგორც უკანასკნელი ამბავი ზამთრიდან.
რომ ტყისპირა ქოხში არავინ ცხოვრობს
გარდა დედ-მამის ხსოვნისა
და უშენობისა.
რა დარჩება ამ სიტყვებისგან
რომელთაც გულისკენ ვერ გაიკვალეს გზა.
რა დარჩება სიტყვებში
სადაც არ ურევია დუმილი,
როგორც
დახრილი თვალების პოეზია.
This post has been edited by tamuussi on 13 May 2013, 21:31
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)