მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეგობრის, თორნიკე გასვიანის ვაჟი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტსა და მამამისს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მის ოჯახს უამრავი ფინანსური თუ მორალური ზიანი მიადგა.
თარხან გასვიანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლაც მუშაობენ წინა ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი თანამშრომლები, რომლებმაც ის უმიზეზოდ სცემეს და აწამეს.
"ხელთ მაქვს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, ჩემს მიმართ პოლიციური ტერორი განხორციელდა",- განაცხადა გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში თარხან გასვიანმა.
გასვიანის თქმით, 21 დეკემბერს, შარდენის ქუჩიდან ის სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა გაიტაცეს.
"მეგობართან ერთად ვიყავი, თუმცა ის მანქანიდან გადააგდეს, შენ არ გვჭირდებიო, მე კი მამის სახელით "თორნიკევიჩით" მომმართეს, ცემით და გინებით მანქანაში ჩამტენეს და მიმიყვანეს გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში. ერთ-ერთ ნაცნობ პოლიციელს, ბექა ჭანჭალაშვილს ვთხოვე, ტელეფონი მათხოვე, დედაჩემს ვეტყვი, რომ დღეს სახლში ვერ მივალ-მეთქი. პასუხად მივიღე: ახლა აქ მოვიყვანთ დედაშენს, შენს თვალწინ გადავკუზავთ და გავაუპატიურებთო. პოლიციელები რამდენიმე საათის განმავლობაში 5 წუთის ინტერვალით მცემდნენ. ბოლოს მითხრეს უნდა გაგაუპატიუროთო. ძალა წართმეული მქონდა, მაგრამ ვიფიქრე, რკინის კარს თავს მივარტყამ თავს მოვიკლავ-მეთქი. მადლობა ღმერთს, ეს არ დამჭირდა. ჩემი ცემით გული რომ იჯერეს, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის 500 ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს და გამათავისუფლეს",- აცხადებს თარხან გასვიანი.
გასვიანის განმარტებით, მან სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, სადაც წერია, რომ ჰქონდა ტვინის ძლიერი შერყევა, თავზე ჰემატომა და სხეულის მძიმე დაზიანებები.
"ყველა დოკუმენტი თან მაქვს, საჩივარი სამართალდამცავ ორგანოებში დღემდე არ შემიტანია, რადგან მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პირობებში არანაირი იმედი არ მქონდა, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს და უმორჩილესად ვთხოვ,, დაითხოვოს და დასაჯოს ვანო მერაბიშვილის პოლიციური რეჟიმიდან შემორჩენილი კადრები, რომლებიც ახალი ხელისუფლების პირობებში კვლავაც ახერხებენ ადამიანების ცემასა და წამებას. ამის მოწმე პირადად მე ვარ. მოვითხოვ მინისტრთან შეხვედრას. ის უბედურება და ტრაგედია, რაც ჩვენმა ოჯახმა გადაიტანა, ნაწილობრივ შეგვიმსუბუქდება, თუკი ის პოლიციელები, ვინც მცემა, მაწამა და გაუპატიურებით დამემუქრა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან",- აღნიშნა თარხან გასვიანმა.
http://timer.ge/7931-dedashens-shens-thval...ekhvedras.html#