სამხედრო ავიაციას მარტო საკადრო ცვლილებები ვერ უშველის
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა პოლკოვნიკმა ალან ლაკოევმა პატაკი დაწერა და თავისი სურვილით დატოვა სარდლის პოსტი. ეს ადგილი თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას დიდხანს ცარიელი არ დაუტოვებიათ. სარდლად მალევე დაინიშნა პოლკოვნიკი დავით ნაირაშვილი, რომელიც მანამდე სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს, “დელტას” ხელმძღვანელობდა.
გამოდის, რომ 12 თებერვალს ქუთაისში, Ми-8 შვეულმფრენის ავარიისა და, განსაკუთრებით 12 მარტს Ми-24-ის კატასტროფის გამო, ჯოხი პოლკოვნიკ ალან ლაკოევზე გადატყდა. მაგრამ გავრცელებული ხმებით, ღამით, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში Ми-24-ის სასწრაფო გაგზავნის თაოსანი ალან ლაკოევი არ ყოფილა. იგი შემსრულებელი იყო, ხოლო ბრძანება უფრო მაღალი ინსტანციიდან მოვიდა. ბრძანების ინიციატორები ალბათ მშრალად აპირებენ ამ საქმიდან გამოსვლას...
რაც შეეხება ალან ლაკოევს, იგი Су-25 მოიერიშე თვითმფრინავების ესკადრილიის მეთაურად რჩება. ალბათ ძნელია, სარდლის პოსტიდან ესკადრილიის მეთაურად ჩამოქვეითება (უფრო შესაფერისი იქნებოდა შტაბში, ფრენებზე უსაფრთხოების ინსპექტორად დარჩენა), თუმცა სამხედრო ავიაციიდან საერთოდ წასვლას ეს ბევრად ჯობს.
ბოლო წლებში სამხედრო-საჰაერო ძალებში შემაშფოთებელმა ტენდენციამ იჩინა თავი - თანამდებობიდან წასული სარდალი ტოვებს შეიარაღებულ ძალებს და ქართული არმია კარგ სამხედრო სპეციალისტს კარგავს.
2003 წლიდან 2005 წლის თებერვლამდე საქართველოს სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე სარდლობდა. ახალდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი დაითხოვა (უფრო სწორად, ოქრუაშვილის ბრძანებით მაშინ ყველას დააწერინეს პატაკი თანამდებობიდან წასვლაზე. უკან კი მხოლოდ რამდენიმე, პირადად მათი ერთგული მაღალჩინოსანი დააბრუნეს). სალუქვაძემ სარდლის პოსტთან ერთად შეიარაღებული ძალები დატოვა. ქართულმა არმიამ დაკარგა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პროფესიონალი ოფიცერი, რომელსაც საზენიტო სარაკეტო კომპლექსების - Круг-ის, Бук-ისა და საქვეყნოდ ცნობილი С-300-ის მართვა და სროლა შეეძლო. დღეს მისი გამოცდილება არ აწყენდა ჩვენს ქვეყანას, თუნდ მხოლოდ კოდორის ხეობაში ცის დასაცავად. სალუქვაძის ადგილზე დანიშნულმა პოლკოვნიკმა ბესო მაისურაძემ სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის პოსტზე დაახლოებით ერთი წელი გაძლო... ისიც ოქრუაშვილის მინისტრობის დროს გაათავისუფლეს. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ თურმე ვიღაცამ მინისტრს მოახსენა, აეროპორტის ახლოს საავიაციო ნავთს ყიდიანო.
ასე იყო თუ ისე, პოლკოვნიკ მაისურაძესაც მოუწია სარდლის პოსტთან ერთად არმიის დატოვებამ. იგი ცოტა ხანს სამოქალაქო ავიაციის შვეულმფრენით დაფრინავდა, ახლახან კი სასაზღვრო პოლიციის საგანგებო დანიშნულების ავიაციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. იგი, გარკვეულწილად, დაუბრუნდა ქვეყნის სამსახურს. თუმცა მისი სახით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალებმა საბრძოლო Ми-24-ის ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი დაკარგა, რომელსაც აფხაზეთის ომის გამოცდილება ჰქონდა.
საბრძოლო ფრენების გამოცდილება არც პოლკოვნიკ ალან ლაკოევს აკლდა (იგი ერთხელ კატაპულტირებულიც არის - მის Су-25-ს “სტრელას” რაკეტა მოხვდა), ამიტომაც კარგია, რომ სარდლის პოსტიდან წასვლის შემდეგ იგი მაინც დარჩა, როგორც გამოცდილი საბრძოლი პილოტი. ისე, პოლკოვნიკ ლაკოევს თურმე 3-4 პატაკი მაინც ჰქონდა დაწერილი ერთწლიანი სარდლობის პერიოდში - მოიერიშეთა ესკადრილიაში დაბრუნებას ითხოვდა.
სამხედრო-საჰაერო ძალების ახალ სარდალს, პოლკოვნიკ დავით ნაირაშვილს ავიაციასთან ნაკლები შეხება აქვს, თუმცა იგი 1992 წლიდან ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა და საბრძოლო მოქმედებებშიც მონაწილეობდა.
საგულისხმოა, რომ ერთხანს (1993 მაისის ბოლოდან) საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი ერთი ნაირაშვილი უკვე იყო - დღევანდელი სარდლის მამა, გენერალ-მაიორი ზურაბ ნაირაშვილი.
თუმცა ზურაბ ნაირაშვილს სარდლად დიდხანს არ დაუყვია. 1993 წლის ოქტომბერში “ზვიადისტები” კოპიტნართან, იანეთის ხიდს მიადგნენ. ამ დროს კოპიტნარში გენერალი ნაირაშვილი იმყოფებოდა. მან ოფიცერი გაგზავნა ხიდთან მდგარი შინაგანი ჯარების დანაყოფში და შეუთვალა, - ტანკის ლულა ისე მიაბრუნეთ, რომ აეროდრომს არ უყურებდეს, თორემ მოიერიშეები პილოტებს “ზვიადისტების” ტანკი ეგონებათ და პოზიციას დაგიბომბავენო.
ერთხელ გაფრთხილება გენერალ ლანჩავას მებრძოლებმა ყურად არ იღეს. როცა ნაირაშვილმა ეს ოფიცერი მეორედ გაგზავნა, ხიდთან უკვე “ზვიადისტები” ჩასაფრებულიყვნენ. მათ იგი დაატყვევეს. ამის შემდეგ გენერალმა თავისი ვაჟი, დავითი გაგზავნა ვითარების გასარკვევად. დავით ნაირაშვილიც ტყვედ ჩავარდა. ორივე ტყვე ზუგდიდის ციხეში გადაიყვანეს. გენერალმა ზურაბ ნაირაშვილმა მათი ძებნა დაიწყო ტყვეობიდან გამოსახსნელად, მაგრამ მალე ისიც ხელთ იგდეს და 1993 წლის 23 ოქტომბერს აბაშის რაიონის სოფელ მარანთან დახვრიტეს, სავარაუდოდ კაკო ელიავას ხალხმა. მამის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი დავით ნაირაშვილმა საკანში გაიგო. 7 ნოემბერს მან ზუგდიდის ციხიდან გაქცევა მოახერხა...
მარტო სარდლის შეცვლა საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებში დაგროვილ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. საჭიროა კომპლექსური მიდგომა, უპირველესად, ახალგაზრდა სამხედრო პილოტების მომზადების კურსის რეფორმირება, რათა შემცირდეს საავიაციო შემთხვევათა რიცხვი და მფრინავები მზად იყვნენ საბრძოლო მოქმედებებისთვის.
linkაბა რას იტყვით. რაში ეთანხმებით და რაში არა.
მე მაგალითად ვიზიარებ ავტორის აზრს, რომ სალუქვაძე სახლში გასაშვები კაცი არ იყო.