სახოკიას ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. ეს წერილი 1969 წლით არ თარიღდება. უბრალოდ ჟურნალში გამოქვეყნების თარიღია.
ვაჟა - ფშაველას ათეისტობა თავს მოახვიეს იმდროინდელმა უღმერთოებმა ( მუკელებმა ) საქართველოს
„მუკი“ – ქართველ უღმერთოთა კავშირივაჟა-ფშაველას რელიგიური მრწამსისათვის
მანანა ყიფიანი
ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიაში არის ერთი მეტად მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც მხოლოდ თედო სახოკიას მოგონებებშია შემორჩენილი:
„ყველას ახსოვდა მისი ისტორია სოფელ თონეთში (მანგლისის ახლოს). ის სკოლა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრხელებელი საზოგადოებისა“ იყო და მასწავლებლადაც ვაჟა იყო გამწესებული.
როგორც ვიცით, ვაჟა ჯერ სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1881 წელს ამ სასწავლებელში სწავლის დამთავრების შემდეგ ვაჟა მამამისმა მიაბარა გორის საოსტატო სემინარიაში, სადაც დირექტორად იყო სემიონოვი, ცნობილი ხალხოსანი და იმავდროულად მოწინავე აზრების მატარებელი. ამ სემინარიაშივე სწავლობდა ცნობილი რევოლუციონერი მიშო ყიფიანი, შემდეგ გაციმბირებული. გორში და, კერძოდ საოსტატო სემინარიის მოსწავლეთა შორის ამ ხალხოსნობის და რევოლუციის სუნი ტრიალებდა. ჩვენი მომავალი პოეტი ვაჟა მთელი თავისი არსებით ჰყავდა ჩაკრული სემინარიის ზღუდეთა შორის შემოჭრილ ახალი აზრების მოძრაობას. აქ ეზიარა ვაჟა რევოლუციონერობას, ათეისტობას, აქ შეიმუშავა კრიტიკული შეხედულება სარწმუნოებისა და სახელმწიფოს წესწყობილების შესახებ, აქ გაეცნო მოწინავე სოციალისტური მიმართულების, მოქალაქისა და ადამიანის მოვალეობას. მოყვასისა და ქვეყნის წინაშე, აქ გამოიჭედა მომავალი მებრძოლი ქვეყნად გამეფებული უსამართლობისა და უკუღმართობის წინააღმდეგ.
გორის საოსტატო სემინარიის კედლებიდან ცხოვრებაში გამოსული ვაჟა თონეთის სკოლაში, როგორც მასწავლებელი, შეეცადა როგორც მოწაფეებში, ისე ბნელში მყოფი გლეხებისთვის თვალებზე გადაფარებული სარწმუნოებრივი ლიბრი მოეშორებინა და თვალები აეხილა. დაიწყო იქიდან, რომ როგორც მოწაფეთ, ისე სოფლელთ უქადაგებდა, რომ ხატები, რომლებზედაც ისინი ლოცულობდნენ, გაკეთებული იყო ადამიანის ხელით, მაშასადამე, მათ არავითარი ღვთიური ძალა არ ჰქონდათ, თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად წმინდა გიორგის ხატი საკლასო ოთახიდან გარეთ გამოუტანია, მიუყუდებია ერთი ხისთვის და რამდენჯერმე თოფი უსვრია - აბა, თუ რამე დამაკლოსო. საქმეში ჩარეულა მამასახლისი დიმიტრი შავშიშვილი და მაგარ-მაგარი სიტყვები უკადრებია ვაჟასთვის. აბა ლანძღვა ასე კი არ უნდა, უთქვამს ვაჟას, დაუწვენია მამასახლისი და მისი ტანის სიგრძე-სიგანე გაუერთიანებია. საქმე თურმე მოხსენდა მაზრის უფროსს ერასტი ჩოლოყაშვილს, რომელმაც მაშინ არ იცოდა, თუ ვინ იყო ვაჟა და ყველაფერი შესაძლებელია მეტად არასასიამოვნოდ დატრიალებულიყო ახალგაზრდა მასწავლებლისთვის, რომ არ ჩარეულიყო სკოლის მზრუნველი, ადგილობრივი მემამულე, კოტე ყავრიშვილი, პიროვნება დაახლოებული ჩოლოყაშვილთან და საქმე არ მოესპობინებინა!“ (თ. სახოკია „ჩემი საუკუნის ადამიანები, „ნაკადული“ თბილისი, 1969წ.).
თედო სახოკიას ეს მოგონება ვაჟას წარმოაჩენს როგორც ტიპიურ რევოლუციონერს, ხატმებრძოლ ღვთისმგმობ კაცს, რომელიც არა მარტო განუზომლად მკრეხელობს, არამედ საკუთარ მამასაც შეურაცხყოფს. ძნელი წარმოსადგენია, „ბახტრიონის“ ავტორი ჯერ კიდევ მართლმადიდებელ საქართველოში ისეთ საქციელს ჩადიოდეს, რომელსაც მხოლოდ მძვინვარე ბოლშევიკური ტერორის ხანაში ჩაიდენენ და მაშინაც ასეთი გულმოდგინენი არცთუ მრავლად აღმოჩნდებიან და ისინიც ყველასთვის საცნაურად გამორჩეულად დაისჯებიან.
ძნელი წარმოსადგენია, არათუ დასაჯერებელი!
ვაჟა თავის პუბლიკაციაში „ნიჭიერი მწერალი“ წერს:
„დიდი საქმეა მწერლისთვის სცნობდეს იგი თავის ფესვებს; დიდი საქმეა მცენარისათვის ერთ ალაგას იდგეს და მის ფესვებს არავინ სჩიჩქნიდეს და ერთი ადგილიდან მეორეზე და მესამეზე არ გადაჰქონდეთ, ხოლო ფესვები მწერლისა მის სიყრმის დროის სიცოცხლეშია გართხმული. იქ, სწორედ იმ მომენტიდან იწყება ამ ფესვების ზრდა, როცა პირველად მწერლის ნიჭი გაიღვიძებს ცხოვრების ბუნების შთაბეჭდილებათა წყალობით, როცა ის ან „ვაის“ წარმოსთქვამს ან „უის“...
სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი უკვდავია ადამიანის გულში საერთოდ, მით უმეტეს, ნიჭიერი ადამიანისა, ნიჭის სათავე და დასაწყისიც სწორედ იქ არის. პირველად პატარა ყლორტი ამოვა და თუ არაფერმა შეუშალა ხელი, თანდათან ზრდას იწყებს და დიდ ხედ გაიზრდება. ასე სწარმოებს ნიჭის განვითარებაც.
ეს სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი ასმევენ პოეტს შემოქმედების ნიჭის ნექტარს. დარწმუნდით, რომ სიყმაწვილის შთაბეჭდილებათა ბრალია, რომ შექსპირმა და რუსთაველმა გაგვაგონეს ხმები „გულისა გასაგმირონი“.
სად ამოვიდა პირველად პატარა ყლორტი ვაჟას დიდი ნიჭისა და რისი შთაბეჭდილებანი აღვივებდნენ ამ ყლორტს? რა თქმა უნდა, თავის მშობელ გარემოში და უპირველეს ყოვლისა, თავის ოჯახში... მის საკუთარ ფესვებში, რომლებიც მღვდელი პავლე რაზიკაშვილის, მთელ მთაში ქადაგებებით განთქმული მართლმადიდებელი მოძღვრის ოჯახში იყო განტოტილი. აი, რას იგონებს ვაჟა თავის მამაზე:
„მამაჩემი, ეს პატარა ტანის კაცი, განხორციელებული მხნეობა, ენერგია იყო. ამასთანავე იშვიათი ნიჭის პატრონი, ორატორი, ცნობისმოყვარე, და მწიგნობარი... ქართულ ენაზე წიგნი არ მოიძებნებოდა, იმას არ შეეძინა, არ წაეკითხა... ჩაუჯდებოდა ხორცს ხინკლისათვის საკეთებლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც დავუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილ საუბარს.
რაზე ესაუბრებოდა მწიგნობარი მღვდელი თავის შვილებს? მისი ერთ-ერთი ქადაგება, გუდანის სალოცავში წარმოთქმული, ასე იწყება:
„ძმებო, მე ქრისტესგან ვალდებული ვარ, რასაც თქვენში სჯულის წინააღმდეგ დავინახავ, უნდა დაგიშალოთ და დაგარიგოთ, როგორც უნდა მოიქცნეთ ქრისტიანობაზე... მე ეხლა ძალიან შეწუხებული ვარ, რადგანაც დაგინახეთ, რომ თქვენ დაგიხოცნიათ საკლავები, თითონაც სისხლით მოსვრილხართ და სახატო ადგილიც სისხლით მოგისვრიათ იმ აზრით კი, ვითომც ხატიც გაანათლეთ და თვითონაც გაინათლეთ. აბა, მითხარით, რომელს ქრისტიანებში დაინახეთ ესრეთი საქციელი?...“
„ქრისტესგან ვალდებული“ მამა პავლე არც ოჯახისთვის დაიშურებდა ღვთის სიტყვას და ამიტომაც უგდებდნენ გაფაციცებით ყურს იმის ტკბილ საუბარს მისი შვილები.
დავუშვათ, ვაჟამ ჩაიდინა ზემოთაღწერილი ის საზარელი საქციელი, კონკრეტულად წმიდა გიორგის ხატი შეურაცხყო და აქედან გამომდინარე, შეურაცხყო მთელს საქართველოში აღმატებულად პატივცემული კაბადოკიელი წმინდანი; პოემა „ბახტრიონი“ ამგვარ ავტორს უბრალოდ ვერ მოირგებს.
მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხეში“ ბახტრიონის ბრძოლის შესახებ ვკითხულობთ:
„ხოლო ახოვანთა მათ და ღთუის მსახურებით განშუენებულთა ელისბარ და შალვა დიდითა გულსმოდგინებითა მოირთეს ძალი რაისაცა ოდენ შემძლებელ იყუნეს სპითა თჳჳსითა. მოვიდეს თიანეთს და იხმნეს თუშნი და მთიულნი და მცირედნი კაცნი თუ სადამეღა იპოვებოდა და ღამესა ერთსა ბნელსა და უმთვაროსა გარდავლნეს მთა იგი და ჩავლეს ახმეტა და მივიდეს უგრძნობელად მათ ზედა და დაესხნეს მუნ მდგომთა თათართა ზედა. ძალითა პატიოსნისა ჯუარისათა და მეოხებითა და წინა ძღომითა წმიდისა მთავარ მოწამისა გიორგისათა და დაუწყეს სრვა და ხოცვა და ეს ოდენ სწყჳდეს ვიდრე სრულიად მოსპობადმდე და აოტეს და განაბნიეს და მოსრეს პირითა მახვილისათა და თუით სულტან იგი მთავრად მათდა ჩინებული. ძლიათღა შეესწრა ცხენსა და მცირედითა ოდენ კაცთა ივლტოდა და დამტევებელი ცოლთა და შვილთა თჳსთა. ხოლო მათ ყოველთვე ასწყჳდეს და იავარ ჰყუჱს და სრულიად მოსპოვადმდე და აოტეს და განაბნიეს და ესრეთ ძლევა შემოსილნი მადლობდეს ღმერთსა და წმიდასა დიდებულსა მოწამესა გიორგის. რამეთუ ცხადად იხილვებოდა მთავარი მოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომასრბოლი წინა მავლად მათდა...“
წმიდა გიორგის ან საერთოდ წმინდანების ხილული შემწეობა მართლმადიდებელი მეომარი ქართველებისათვის პირველი შემთხვევა არ იყო. ხილულად შეეწეოდა წმ. გიორგი დიდგორის ომში დავით აღმაშენებელს. შავნაბადას წმ. გიორგის ეკლესიის ისტორიაც ქართველთა უთანასწორო ბრძოლებში წმ. გიორგის ხილული შემწეობის ფაქტთან არის დაკავშირებული.
აი, როგორ აღწერს წმინდა გიორგის ხილული შემწეობის ფაქტს ვაჟა-ფშაველა „ბახტრიონში“:
„ცამ გადიბანა პირიდამ
მური ნაცხები ღრუბლისა,
გადაეფინა სამყაროს
ლოცვა-კურთხევა უფლისა.
შუქი დაეცა ლაშქარსა
მუხის ბრწყინვალის შუბლისა
ლაშარის გორზე წავიდა
ლაშქარი დროშის ჟღერითა.
„შადეგით“, ჰყვირის ლუხუმი,
სამკლავიანის ხელითა:
„ვერა ჰნახეთა, ბატონი
წინ მიგიძღვება ცხენითა?!“
პირველი მხედარი
- ვნახე, ცის ტატნად დატყვე,
მთა გადალახა სწრაფადა;
გარს ევლო შუქი ბრწყინვალე,
ციდან მოსული ძაფადა.
მეორე მხედარი
ლურჯს ცხენზე იჯდა, ლამაზი
სხივი თავს ედგა ღვთიური;
რო ვნახე, გულში ჩამიდგა
სიამოვნება ციური.
მესამე მხედარი
მე ტრადის-ფერად მეჩვენა,
სხივი მისდევდა მზიური;
შორს გაანათა ელვასებრ
ასი ბარული დღიური.
მეოთხე მხედარი
ჯერაცა ვხედავ, მივალის,
ტურფა, სიტურფით ქსოვილი;
ისრ ჰშვენის ცხენზე, ვით ველზე
გაზაფხულისა ყოფილი.
ლაშქარი
იდიდოს შენი სახელი,
ჩვენო ბატონო, ძლიერო!
ჩაგვიძეღ, მოგდევთ ჩვენაცა,
საყმოს საშველად მშიერო!
ადიდე ლაშარის ჯვარი,
ცისა და ქვეყნის იერო!
ნეტა, რა მტერი იქნება,
ეხლა გაგვიძლოს ბიჭებო,
ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა,
ლურჯაის დანაბიჯებო!
ლაშარის ჯვარის ცხენისა
ნატერფალია ელვარე;
აღტაცებულსა ლაშქარსა
გული გახდია მღელვარე...“
ამ ეპიზოდის შექმნისას ხომ თავად ვაჟასაც „გული გახდია მღელვარე“. ეს პოემა 1892 წელს დაიწერა. დიდი თონეთის ინციდენტი კი, თედო სახოკიას მიერ გულდაგულ დამოწმებული, 1886 წლით თარიღდება. ამ მოგონების მიხედვით ვაჟა ათეისტი, ღვთისმბრძოლი კაცია; დავუშვათ, რომ მღვდლის ოჯახში გაზრდილი ვაჟა თელავის სასულიერო სასწავლებელმა ისე დაამახინჯა, რომ გორის საოსტატო სემინარიის თავისუფალი, ღვთისმბრძოლი აზროვნების მონა შეიქნა. იქიდან გამოსულმა პირდაპირ ეკლესიასა და ხატებს უმტრო. ხატმებრძოლეობა მწვალებლობა იყო, რადგან იგი ამახინჯებდა ღვთისადმი რწმენას. ხატმებრძოლნი ისევ ქრისტეს სახელით ვითომ ებრძოდნენ კერპთაყვანისმცემლობას. ვაჟას საქციელი არ არის ხატმებრძოლის საქციელი ტრადიციული გაგებით, თითქოს წმინდა გიორგის, როგორც წმინდანისადმი პატივისცემას ინარჩუნებს, მხოლოდ ებრძვის მის გამოსახულების, ადამიანის ხელით შექმნილს. ამ ეპიზოდის მიხდევით ვაჟა უღვთო კაცია, მას არ სწამს ღმერთის არსებობის და სხვათა „განსანათლებლად“ ირჯება. შეიძლება შემოგვედავონ, 86 და 92 წლამდე კვლავ მოხდა მისი შემობრუნება ტრადიციული ფესვებისკენო, მაგრამ ამგვარი მძიმე სულიერი სნეულებისგან განკურნება არცთუ იოლად ხდება, მაგრამ ჩვენ ამ არგუმენტის მოშველიება არც დაგვჭირდება.
1886 წლისთვის, სავარაუდო ინციდენტის დროისათვის ვაჟა უკვე ცნობილი მწერალი იყო. იგი უკვე ავტორი იყო ისეთი ლექსებისა, როგორიცაა: „ვის ჰქვია კაცი“, „პოეტი და მისი ბედი“, „ამირანი“, „მთას იქით მთვარე ამოდის“, „ნეტავი გამაგებინა“, საქვეყნოდ ცნობილი მოთხრობა - „შვლის ნუკრის ნაამბობი“.
ამ ნაწარმოებების ერთი თვალის გადავლებითაც კი უნდა იგრძნოს მკითხველმა ხატების ტყვიითგანმგმირავი კაცის რევოლუციური სულისკვეთება, მაგრამ ამგვარი არაფერი ხდება. კიდევ უფრო მეტიც - 1886 წლის მარტით თარიღდება ლექსი „ფშაველის სიმღერა“.
აი, ეს ლექსიც:
„მკვდარი ნურვისსა გგონივართ,
გრძნობა-მიხდლი ლეშია,
კიდევაც მიდუღს ვაჟასა
მთიური სისხლი მკერდშია.
რად-რა დავკარგავ იმედსა?
რად-რა ჩავიცვამ შავებსა?
რა მაქვს მე სამგლოვიარო,
ვენაცვლე შენსა თვალებსა?!
სანამ კი ვსუნთქავ ბედკრული,
შევყურებ მზეს და მთვარესა,
შენს სიბეჩავეს დავაცვეთ
ჩემს დაწყლულებულს მკლავებსა,
თუ გიღალატო, დედაო,
ნუმც დავიმარხო მთაშია,
ნუ დასდვან ვაჟის ფშავლისა
ხმალი სატირლის თავშია.
ნუ დამიტიროს ქალ-რძალმა
საკაცეზე და კარშია;
შავეთში გამგზავრებულსა
ცხენი წამექცეს წყალშია;
ქვეყნისგან შაჩვენებულმა
ბინა დავკარგო ცაშია,
გამიწყდეს ბეწვის ხიდია, }
ჩავვარდე კუპრის ზღვაშია!
ამ ლექსიდან ნათლად ჩანს, რომ პოეტი თავისი ზნეობრივი პრინციპების გადმოცემისას მხოლოდ ქრისტიანული კატეგორიებით აზროვნებს; მას აქვს რწმენა, რომ ყოველ ქრისტიანს ზეცაში გამზადებული აქვს ბინა და თუ მიწაზე ქვეყნის შესაჩვენებელ საქმეს ჩაიდენს, იმ ბინას უსათუოდ დაკარგავს, ანუ დაკარგავს ცათა სასუფეველს და ცათა სასუფევლის დამკარგავი კაცი უსათუოდ კუპრის ზღვაში, ანუ ჯოჯოხეთში ჩაინთქმება.
კიდევ მეორე ლექსი, კიდევ ერთი უტყუარი საბუთი დაპირისპირებისა მემუარულ ცნობასთან ასევე 1886 წლით დათარიღებული: „ვაჰმე, რა მეტად ბევრს უჭირს“.
„ვაჰმე რა მეტად ბევრს უჭირს, ვაჰ, რა ბევრია ტანჯული,
როგორა ხარობს სხვის ტანჯვით, გულგაყინული მსაჯული!
აბა, გაჰხედეთ მდინარეს - სისხლია განა წყალია...
ვაჰმე, რით უნდა ვუშველო, ამდენი ცოდვა-ბრალია!
იქნება ცრემლმა უშველოს, მოვრთოთ ქვითინი, გოდება,
მიყეფე, ჩემო მურიავ, გულზედ ცეცხლს მინდა მოდება.
შენა ხარ ჩემი ფარ-ხმალი,
სიცოცხლე, თვალის ჩინია.
მე მიყვარს შენი ღავღავი
და გესლიანი ღრინია.
სხვა ვინ მყავს სანდო ამ ქვეყნად
მეშველი გასაჭირშია?!
ჩემის მტრის გამმჟღავნებელო,
გენაცვლე ენა-პირშია.
სანამ შენ ჰყავხარ პატრონსა,
მგელს არ დავაჭმევ ბატკნებსა,
მით არ დაულევ საწირავს
ჩემთა წინაპართ ხატებსა.
აყეფდი, ნეტავ, რას უცდი,
პირით წაყარე დორბლები...
ეგება მგლები შემოფრთხნენ,
დაგვიშოშმინდნენ ობლები.
ეგება მიწამ შეჭამოს
ერთიან ჩვენი მგმობლები!“
როგორც ხედავთ, ვაჟა არც ფიქრობს ოდესმე შესაწირი შეუწყვიტოს ხატს, არათუ ბრძოლა გამოუცხადოს მას.
იმავე 1886 წელს იწერება ვაჟას კიდევ ერთი ლექსი - საშობაო „ვარსკვლავი“. ეს ლექსი ღრმად რელიგიური ლექსია, იგი მორწმუნე კაცის შექმნილია, მასში ზუსტად და ზედმიწევნითაა გადმოცემული პოეტის საშობაო, საზეიმო განწყობილება. სადად და მარტივადაა ახსნილი მაცხოვრის განკაცების ზესაკაცობრიო მნიშვნელობა:
„უცხო გაბრწყინდა ვარსკვლავი,
კლდის თავზედ დამცქერალია,
კლდის ეხში ჰკოცნის პატარას
სხივმოფენილი ქალია.
გაჩუმებულა სამყარო,
შეყენებულა წყალია,
ბუნების არსთა ყველათა
კლდისაკენ ჰრჩებათ თვალია.
გადახალისდა ქვეყანა,
უცხო რამ იგრძნო ძალია,
„არ წავსწყმდებიო, არაო“, -
ბუნებამ დაჰკრა ზარია.
შავეთში გადაგდებული
ადგომას ჰბედავს მკვდარია,
მაცხოვრის შობა შაიტყო,
შავეთის ტყდება კარია.
გახარებულმა ზეცამა
უხვად დაყარა ცვარია.
ტყდება მონობის ბორკილი,
ეშმაკს დაუდგეს თვალია!“
საჯაროდ ათეიზმის პროპაგანდა, წმ. გიორგის ხატის უსასტიკესი შეურაცხყოფა სხვა კი არაფერია, თუ არა ქვეყნისგან შესაჩვენებელი საქმის ჩადენა. ვერც ამ საქციელის ჩადენამდე და ვერც მისი ჩადენის შემდეგ ვერ უნდა შეძლოს კაცმა ამგვარი ლექსის შექმნა. ჩვენ წინ დევს ე.წ. ორი საბუთი. პირველი - თავად რევოლუციონერი თედო სახოკიას მოგონება ვაჟაზე და თავად ვაჟას ლექსები, რელიგიური სულისკვეთებით, ლექსები, რომელიც შესაძლოა, თუნდაც სწორედ იმ დღეს დაწერილიყო, რა დღესაც სახოკიას თქმით ტყვია ესროლეს წმ. გიორგის ხატს. ეს ორი საბუთი სასტიკად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არადა, სასმწუხაროდ, თანამედროვე მკითხველს, მეორე საბუთის მხურვალე მხარდამჭერს, პირველთან შეგუება მოუწევს, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს იგი მისთვის. ვაჟას ბიოგრაფიაში უტყუარად დასტურდება ეს ვანდალური საქციელი, რომელსაც არავითარი გამართლება არა აქვს, გარდა ისევ თავად პოეტის შემდგომი ღრმა სინანულისა, გონდაკარგული მდგომარეობიდან გონს მოსვლისა და ღვთის წინაშე პატიების თხოვნისა.
როდესაც თედო სახოკიას მოგონების არმიღება გვსურდა, ამით ვაჟას ათეისტობის უარყოფაც გვსურდა. მიუხედავად იმ ფაქტის რეალობისა, ვაჟა მაინც არ არის ათეისტი ადამიანი. მას აქვს გარკვეული რელიგიური მრწამსი. სხვა საკითხია, როგორია მისი რწმენა, რამდენად შეურყვნელი და დაცულია იგი ტრადიციული, მართლმადიდებლური სარწმუნოების პოზიციებიდან.
ერთია, რა უნდა სწამდეს ადამიანს, მეორე - როგორი უნდა იყოს იგი ამ რწმენის გზაზე.
გორის საოსტატო სემინარიის დამთავრებისას ვაჟამ სემინარიის დირექტორის - სემიონოვისგან შემდეგი სიტყვები მოისმინა: „ძვირფასო მოწაფეებო, ამჟამად კი ჩემო მეგობრებო! - ცოდნით შეიარაღებულნი დღეიდან თქვენ ხელი უნდა მოჰკიდოთ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. კეთილი და პატიოსანი! გახსოვდეთ მხოლოდ, რომ მიზნის მისაღწევად მარტო ცოდნა არ კმარა. საჭიროა მასთან ერთად მტკიცე ხასიათის გამომუშავება...
...კერძოდ, შენ, ჩემო ლუკა! გეტყვი იმას, რაც შენთვის ხშირად მითქვამს! ბუნებით პოეტო, ტალანტი არ დამარხო, განავითარე გონება, დააკვირდი და შეისწავლე ცხოვრება, იკითხე სხვადასხვა მიმართულების წიგნები და მაშინ შეძლებ, რომ ყოველმხრივ ჩვენი სინამდვილე დაასურათო“...
ვაჟას რელიგიურ მრწამსზე ამ სხვადასხვა მიმართულების წიგნების კითხვამ ღრმა კვალი დაამჩნია. ტრადიციული მართლმადიდებლური აზროვნება ეკუმენისტურმა აზროვნებამ შეცვალა. ჰუმანისტური იდეებმა ძალა გამოაცალა პოეტის სარწმუნოებრივ შემართებას და ჭეშმარიტების შემეცნების კალაპოტიდან ამოაგდო. პოემა „ალუდა ქეთელაური“ ამის აშკარა დასტურია.
ალუდასა და ბერდიას შეკრინებაში ნამდვილი სარწმუნოებრივი დავაა. სანამ მოუნათლავი მუცალის სულის დასამშვიდებლად ალუდა კურატის შეწირვას მოინდომებს, მანამ იგი ერთხელ და სამუდამოდ ასე გააფორმებს თავის სარწმუნოებრივ მრწამსს:
„ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენ ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზრდიან დედანი;
ჩვენდა ვსცხოვნდებით, ურჯულოთ
კუპრში მოელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღვთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა ვინცა ჰფიცან?!“
რას ნიშნავს ალუდას ეს სიტყვები, თუ არა ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი დოგმატის - ნათლობის უარყოფას?!.
ნათლისღება ცხონების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. აი, რას წერს მღვდელი პავლე რაზიკაშვილი ნათლობის შესახებ.
„ძმებო და დებო, დღეს ყველას გმართებთ სიხარული, რადგანაც ეს ახალი მონათლული განთავისუფლდა პირველშობილის ცოდვისგან. ე.ი. ადამის ცოდვისგან, რომელიც ადამის შეცდომიდგან მოსდევს კაცსა და მოშორდა ის ეშმაკიცა, რომელიც ჰყავს მოუნათლავს დაპატრონებული და დაიბადა ემბაზისგან სულიერის ცხოვრებისთვის, მაგრამ თუ ნათელღებულმა ის არ აღასრულა, რასაც თხოულობს ქრისტე ნათლიღებულისგან, უფრო მძიმე ცოდვაშიც ჩავარდება კაცი.
ნათელღებულის ვალია - უნდა იცნოს სამებით ერთი ღმერთი: მამა, ძე და სულიწმინდა, სამება, ერთარსება და განუყოფელი; მამა - უშობელი, ძე, მისგან პირველსაუკუნიდან შობილი უდედოთ და ხორციელად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან განხორციელებული და სული წმიდა, მამისგან გამომავალი, რომელიც გვაძლევს ცხოვრებასა - სულიერსა; უნდა უყვარდეს და ადიდებდეს და მისგანაც წყალობას თხოულობდეს“.
ვაჟა-ფშაველას გმირი ამ განცხადებით ყველაფერს თავდაყირა აყენებს. სულიერი ბზარი იზრდება და ბოლოს კატასტროფულ მასშტაბებს იღებს.
„ამინ, ამინ, გეტყვი შენ, უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისგან და სულისა ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოანე, 3,5).
ალუდა თვალს ხუჭავს სახარების ამ სიტყვებზე. იგი მოძალადედ იქცევა. მან იცის მხოლოდ თავისი საკუთარი სიმართლე, ერთგულებს კაცს და ღალატობს ღმერთს. ეს არის პიროვნული ამპარტავნების უკიდურესი გამოვლენა.
ალუდა ჯიუტად დგას და ელის, როდის შეუწირავს ხუცესი მუცალის სახელზე სამსხვერპლოს:
„ეგ სამსხვერპლოა ბერდიავ,
ძოღან მოკლულის ქისტისა.
მუცალს ეტყოდნენ სახელად,
მოუნათლავის შვილისა.
კარგადაც დამიწყალობნე,
გამიმეტებავ მისთვინა,
როგორც უნდილად მოკლულის
თვის ლამაზის ძმისთვინა“.
ბერდიას ელდა ეცემა. ის მოწმე ხდება ქრისტეს უარყოფისა, რაც მთავარია, ამის ჩადენა მისი ხელით სურთ!
- გაურჯულებულს არჯულებ,
შენ ეგ არ შაგიხდებისა,
ქისტისად საკლავის დაკვლა
კარგად არ მოგიხდებისა.
მამით არ მოდის ანდერძი,
პაპით და პაპის-პაპითა,
გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ,
ურჯულოვდები მაგითა.
ეშმაკს ნუ მისდევ, ეგ სიტყვა
როგორ ამოგცდა ბაგითა?
ბერდია ამ საქციელს ვერ ჩაიდენს. ღმერთს ვერ უღალატებს, კაცის გულისთვის ღმერთს ვერ გაწირავს:
„მანამ სჯობს, ცანი დამექცნენ,
ზურგი გამისკდეს მიწისა,
ან თუ ზღვამ დამნთქას უძირომ,
სადილი ვსჭამო ქვიშისა!
ფერი ედება ბერდიას,
ფერი სხვა-რიგის შიშისა.“
რა იყო ეს „სხვა რიგის შიში“, რომელიც იგრძნო ბერდიამ? ეს იყო შიში ეშმაკეული იდეით შეპყრობილი ადამიანის წინაშე დგომისა. ეს იყო პირისპირ შეყრა ღვთის გმობასთან. ამან შეაშინა და ააღელვა ბერდია. ალუდამაც აღარ დაახანა, არნახული ურჩობით თავად შესწირა საქონელი მსხვერპლად:
„ალლადა ჰქონდეს მუცალსა
მაგ მოუნათლავ გმირსაო“...
რა საქციელი იყო ეს საქციელი?
ალუდამ ქრისტიანობის ამ უმთავრესი მაცხოვნებელი დოგმატის - ნათლობის არმიღებით, უარყოფით, საფრთხე შეუქმნა თავის სულს, ფაქტიურად სულიერად მოკვდა და ეს მოხდა ბერდიას თვალწინ. სულიერად თითქოს წარწყმედილმა ალუდამ იმავე ღმერთს მისი მცნებების დარღვევით თავისი საკუთარი სიმართლით მოჭრილი თხოვნა მიართვა. ამიტომ ყვიროდა აღშფოთებული ბერდია -
„გაგონილაა, - იძახდა, -
ესრე აგდება რჯულისა“.
ნიშანდობლივია, რომ ვაჟა ქმნის ბერდიას მეტად ცოცხალ, მაღალოსტატურ სახეს. არც ერთი სიტყვა, არც ერთი ჟესტი ბერდიასი ტყუილად არ არის. ის სულისკვეთება, რითაც იგი იცავს სარწმუნოებას, მორწმუნე ადამიანისთვის აბსოლუტურად მისაღები და მხარდასაჭერია. ბერდიას სახე მხატვრულად ძალზედ ძლიერი სახეა. ბერდიას წინ - სულის წარსაწყმედად ადამიანი დგას და მერე ვინ? ალუდა ქეთელაური, მთელს ხევში განთქმული ვაჟკაცი, „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“. ის ვაჟკაცი, რომელიც თავის ყველა წარმატებას ჯვრის ძალას მიაწერდა, თავს „გუდანის ჯვრის“ ყმას უწოდებდა და დარწმუნებული იყო, რომ „გამმარჯვედ“ ჯვარი დაჰყვებოდა.
აშკარაა, რომ ალუდას არსებაში ძლიერი ცვლილებები მოხდა, რასაც ვერაფრით დავარქმევთ ფერიცვალებას, უფრო მართებული იქნება თუ მას ტრაგედიას ვუწოდებთ, რადგან ამ ცვლილებებმა კატასტროფული ხასიათი მიიღო და პიროვნების სულიერი კვდომა გამოიწვია.
ლიტერატურათმცოდნეობაში ტრადიციულად გაგებული ალუდას პიროვნების ამაღლება სარწმუნოებრივ დოგმატებზე, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ქრისტიანობისგან განდგომაა. ვაჟა ალუდას სახით ეკუმენისტურ იდეებს ქადაგებს, ყველა რელიგიის თანასწორუფლებიანობას აღიარებს, ყველა რელიგიას მაცხოვნებლად მიიჩნევს, უარყოფს ქრისტეს გამომსყიდველ მისიას კაცობრიობის წინაშე, ეწინააღმდეგება საკუთარივე ლექსის „შობის“ სარწმუნოებრივ სულისკვეთებას. ცხონება ქრისტეს გარეშე - რელიგიური თვალსაზრისით ეს დევიზი სულის წარმწყმედი დევიზია და ალუდასაც როგორც კეთროვანს, როგორც სხვათა სულებისთვის საშიშ პიროვნებას ისე მოკვეთს.
ვაჟას ბიოგრაფიაში ზემოთაღნიშნული შემზარავი ფაქტი „ალუდა ქეთელაურში“ თითქოს ცოცხლდება, ახალ ძალას იძენს პოეტის ზომიერებაში ერთხელ დაძრული რელიგიური ცდომილება უკვალოდ არ გამქრალა. სამწუხაროა, რომ დღეს ქრისტიანულ სარწმუნოებასთან, კერძოდ მართლმადიდებლობასთან მებრძოლი ძალები ვაჟას სწორედ ამ ცდომილებას აფრიალებენ ბაირაღად - ეროვნულ ტრადიციებს სწორედ ამ გადასახედიდან ებრძვიან.
Manana Kipiani
On Releligious Belief in Vazha-Phavela's Works
The work analyses the contradictory aspects of the great Georgian poet Vazha-Pshavela's religious ideology. The question of the opposition between the main heroes and community in the poem „Aluda Ketelauri“ is absolutely newly-considered by the author of the article.
_____________________
* სარედაქციო კოლეგიას ავტორის დასკვნები საკამათოდ მიაჩნია.
და აი ამ სტატიის ბოლო ნაწილის კრიტიკაც
http://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=46&id=340