SMO.GE: ოკუპანტები სამეგრელოს სოფლებში თხრილებს ავლებენ
21:01 01.06.2013
წალენჯიხის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა თხრილების გავლება დაიწყეს, რითაც ქართული სოფლების ტერიტორიასაც მათი შეხედულებისამებრ ანაწილებენ.
ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი "სმო.ჯი" იტყობინება. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები დილის საათებში ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, რომელიც გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას ესაზღვრება.
ადგილობრივ მცხოვრებლებს "ნიუპოსტიც" დაუკავშირდა. ერთ-ერთმა მათგანმა სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ რუსმა ოკუპანტებმა თხრილების გავლება ნამდვილად დაიწყეს.
მისივე თქმით, ისინი ძველი, საბჭოთა წარმოების ტრაქტორებით მუშაობენ და მათ მიერ გავლებულ თხრილები ზოგან იმ ტერიტორიაზე გადის, რომელიც ოდითგანვე მუჟავას ტერიტორიად იყო მიჩნეული და არა ლეკუხონას:
"დილით რამდენიმე ტრაქტორით მუშაობდნენ. ტრაქტორთან ერთად რუსები მიწის გასათხრელად ცოცხალ ძალასაც იყენებენ: წელზევით შიშველი ახალგაზრდა მამაკაცები მიწას ნიჩბებით თხრიდნენ. მათ სამხედრო შარვლები აცვიათ და სავარაუდოდ, ჯარისკაცები, ე.წ. კონტრაქტნიკები არიან.
სადაც ტრაქტორი მუშაობდა, ის ადგილი რუსების პოსტისგან მოშორებითაა. მომუშავე პირების გარდა, იქ სამი შეიარაღებული პირიც ვნახე და მოშორებით ბტრ-ც (ჯავშანტრანსპორტიორი - რედ.) იდგა", - უთხრა "ნიუპოსტს" მუჟავის მკვიდრმა.
http://www.newposts.ge/politika/13867-muja...bi-gavleba.html