სტატიებიდედოფლისწყაროს გამგებელი – ხალხს როგორც უნდა, ისე იქნება! მათ სოფელში მეჩეთი არ უნდათ
More Sharing ServicesShare | Share on facebook Share on twitter Share on email Share on print
დედოფლისწყაროს გამგებელი – ხალხს როგორც უნდა, ისე იქნება! მათ სოფელში მეჩეთი არ უნდათ
პარასკევი, 31 მაისი 2013 16:22
„სოფელმა გამოხატა საკუთარი ნება და სოფლის ნება უზენაესია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. ხალხს როგორც უნდა, ისე იქნება და ამ შემთხვევაში, ხალხის ნებაა, რომ არ გაკეთდეს მუსლიმური სამლოცველო სახლი ან მეჩეთი,“ - ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს, სოფელ სამთაწყაროში დღეს მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა.
ქვემო ქართლის მუფთი ჯემალ ადაძე და მისი თანმხლები პირები, რომლებიც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესასრულებლად მიდიდოდნენ, დღეს სოფელში არ შეუშვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჯემალ ადაძემ განუცხადა, სოფლის შესასვლელში მათ სამთაწყაროს რწმუნებული გულნარა ნადირაშვილი თანასოფლელებთან ერთად დახვდა და სოფელში შესვლა აუკრძალა.
მუსლიმებს პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესრულების საშუალება არც გასულ კვირას მისცეს. ამავე სოფელში მცხოვრებმა ჰერებმა, რომლებიც ქრისტიანები არიან, მუსლიმები მათ საკუთრებაში არსებული შენობიდან ლოცვის დროს გაყარეს. ჰერები სოფელში მუსლიმური სამლოცველო სახლის გახსნის წინააღმდეგები არიან. მუსლიმები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.
დედოფლისწყაროს მუნიცალიტეტის გამგებელი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ მუსლიმებს ლოცვას არავინ უკრძალავს, რაც შეეხება მეჩეთის გახსნას, ამის სურვილი მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს და მათი სურვილი თვითმმართველობისთვის კანონია.
„რაც შეეხება ლოცვის საკითხს, იმ 3 ადამიანს, რომელსაც აქვს ლოცვის სურვილი, 37 წლის განმავლობაში ადამიანებისთვის არ შეუზღუდავთ ამის უფლება და არც დღეს უზღუდავენ და არც მომავალში შეუზღუდავენ. აქ მეჩეთის გახსნაზეა საუბარი, მოსახლეობა რასაც ფიქრობს ამასთან დაკავშირებით, ის გამოხატა დღეს. რაც შეეხება ლოცვაში ხელის შეშლას, მათთვის ეს არავის აუკრძალავს და არც დაპირისპირებას ჰქონია ადგილი. მოსახლეობის ნება არის უზენაესი ისევე, როგორც კანონი,“ - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირაკლი შიოლაშვილმა.
სოფელ სამთაწყაროში დაპირისპირების დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე იმყოფებოდა. მისი თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რელიგიურ უმცირესობებს პროვოკატორებად მოიხსენიებდნენ, სამართალდამცავებმა კი სიტუაციის განსამუხტად შესაბამისი ზომები არ მიიღეს.
„გადაადგილების საშუალება არც ჩვენ არ მოგვეცა, საკმაოდ კონფლიქტური სიტუაცია იყო, რომელსაც თან ახლდა რელიგიური ნიშნით სიტყვიერი შეურაცხყოფა. სამართალდამცავები არაეფექტურად მოქმედებდნენ, ისინი შემოიფარგლებოდნენ სიტყვიერი მიმართვით და არ ცდილობდნენ გზის გათავისუფლებას. აქტიურობით გამოირჩეოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი პროვოკატორებად მოიხსენიებდნენ რელიგიურ უმცირესობებს, რომლებიც სოფლებში ჩასვლას ცდილობდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები მუსლიმებისგან მოითხოვდნენ დაეტოვებინათ ადგილი ნაცვლად იმისა, რომ გზა გაეთავისუფლებინათ,“ - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი მშვენიერაძემ.
მისივე თქმით, ის, რაც დღეს სამთაწყაროში მოხდა, სისხლის სამართლის დანაშაულია.
„კონსტიტუციის მიხედვით, ყველა პირს აქვს რელიგიის უფლების განხორციელების უფლება, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულად არის გამოცხადებული რელიგიურ რიტუალში ხელის შეშლა. დღევანდელ შემთხვევაში კი იყო კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული,“- აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.
სამთაწყარო საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელია, სადაც აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები და ჰერეთიდან წამოსული ჰერები ცხოვრობენ, რომლებმაც აზერბაიჯანი იმიტომ დატოვეს, რომ ისლამი არ მიიღეს. მოსახლეობის რაოდენობა 1500 ადამიანს აღემატება. წლების განმავლობაში სოფელში მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება არ არსებობდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმთა სამმართველომ სამთაწყაროში სამლოცველო სახლის გასახსნელად შენობა იყიდა.
http://ick.ge/articles/14491-i.html#.UaioCmKDByk.facebookასეთ ამეს მიხედვა უნდა, იმიტო კი არა რომ მუსლიმებზე ვდარდობ, იმიჯზია მტავარი ქვეყნის