ჯეიმს აპატურაი - ნატო შეშფოთებულია უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით
09:55 03-06-2013
ჯეიმს აპატურაი - ნატო შეშფოთებულია უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით ნატო შეშფოთებულია კონფლიქტის ზონებთან უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენები.
"ნატო-ს იგივე პოზიცა აქვს რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ შეშფოთებული ვართ უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით, რაც არსებული შეთანხმების დარღვევაა და ხელს უშლის მოსახლეობას გადაადგილებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ნეგატიურად ვაფასებთ", -განაცხადა აპატურაიმ.
საქართველოში დღეს ნატო-ს კვირეული გაიხსნება, რომელიც 3–10 ივნისს ჩატარდება და რიგით მე-6 იქნება. ნატო-ს დღეებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი გახსნიან.
აღნიშნული კომენტარი "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.