http://gurianews.com/home/2010-11-26-08-10...------4---.htmlოზურგეთში, კიტა მეგრელაძის ქუჩაზე N6 ბინაში მცხოვრები, 4 წლის თამარ ხუციშვილი 7 ივნისს გარდაიცვალა. პატარა თამარი მუდმივად ავადმყოფობდა. მშობლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
მათი განცხადებით, გამუდმებით ითხოვდნენ დახმარებას მთავრობისგან, თუმცა უარით ისტუმრებდნენ, რადგან მათ სოციალური დახმარება ჰქონდათ. თამარის დედამ დახმარება ახალ ხელისუფლებასაც თხოვა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე მას 100 ლარით დაეხმარა. ამის შემდეგ ჟუჟუნა ჭაღალიძემ დახმარებისთვის "გურია ნიუსს" მიმართა. სტატიას გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა მოქალაქეებისგან გამოხმაურება. წარმოშობით ოზურგეთელმა ბიზნესმენმა, გია ცეცხლაძემ ჟუჟუნა ჭაღალიძისა და ნიკოლოზ ხუციშვილის ოჯახს, პატარა თამარის წამლებისთვის 200 დოლარი გამოუგზავნა. მისი განცხადებით, საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხებოდა და ამისთვის ყველა ვალდებულია, რაღაც სახით დაეხმაროს ასეთ გაჭირვებულებს.
_ არ ვიცი, როგორ გამახარეთ, სიტყვები არ მყოფნის, ჩემი შვილი გადაარჩინეთ. აქამდე მართლაც არავინ მოსულა და დამხმარებია, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი ოჯახის გაჭირვება გულთან მიიტანა, _ გვითხრა მაშინ აცრემლებულმა დედამ..
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავდა, რომ ის ამ ოჯახს დაეხმარა იმით, რისი საშუალებაც ჰქონდა:
_ დავეხმარე ხუციშვილების ოჯახს. ეს ხომ თვითონაც გითხრეს? _გვითხრა შარაშენიძემ.
დღეს, ოჯახში იმყოფებოდა ოზურგეთის რაიონული პოლიცია, რომელმაც მშობლები და ექიმი დაკითხა.
ხუციშვილების მეზობლების ერთი ნაწილი მშობლების უყურადღებობაზეც საუბრობს, ნაწილი კი ხელისუფლებას ადანაშაულებს.
_100 ლარით დახმარებია გამგებელი, რაა 100 ლარი, ისეთ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს 100 ლარი ეყოფოდა? ან ნახეთ, როგორ სახლში ცხოვრობს, იატაკი აყრილია, ასჯერ ჩაცვივდნენ ბავშვები იქ. ეს არ შეეძლო მთავრობას რომ გაეკეთებინა? 200 ლარი ეყოფოდა? ბავშვი სულ ავადმყოფობდა, ჩვენ ვერ დავაბრალებთ მშობლებს, სულ დაჰყავდათ ექიმთან და მკურნალობდნენ, ახლა დახმარებია ვიღაც, თბილისიდან გამოუგზავნია ფული, გაზეთში დაიწერაო. ისე უხაროდათ მშობლებს, ახლა კიდევ თბილისში უნდა წასულიყვნენ და მოხდა ეს საცოდაობა.
_სამი დღე სიცხიანი ჰყოლია ბავშვი და ექიმთან არ წაუყვანია, ამას ჰქვია მშობლის უყურადღებობა. მოვიდა სასწრაფო და გარდაცვლილი დახვდა. ჩვენ, მეზობლებს რაც შეგვეძლო, ყველანაირად ვეხმარებოდით. თბილისში წასაყვანად გამგებელს მიუცია 100 ლარი, რომ ჩამოვიდა თბილისიდან, ჟურნალისტმა მოუტანა 200 დოლარიო. წაეყვანა დროზე ეს ბავშვი თბილისში, ამას ელოდებოდა? _ აცხადებენ "გურია ნიუსთან" მეზობლები.
"გურია ნიუსთან" თამარ ხუციშვილის დედა ჟუჟუნა ჭაღალიძე ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ მე ვარ დედა და მე ვიცი ჩემს შვილს რა სჭირდებოდა. კვირას მიმყავდა თბილისში, რომ ორშაბათს იქ ვყოფილიყავი, სულ წამლებში მყავდა. აქაური ექიმები ვერაფერს უკეთებდნენ, თბილისში რომ ჩავიყვანე ერთი თვის წინ, გადაირივნენ იქ. იმდენი ჩირქი ამოუღეს ფილტვებიდან და ეს აქ ვერ მიხვდენ. აქ მარტო ანთების ნემს უკეთებდნენ, მეტი არაფერი. რომ ჩამოვიყვანე, ინგალაციას ვუკეთებდი. თქვენ რომ დამეხმარეთ, თანხა რომ გამომიგზავნეს, იმით წამლები ვუყიდე, ნაწილით საჭმელი ვიყიდე და გზის ფული მქონდა შენახული, რომ ამ შაბათ -კვირას თბილისში ისევ წამეყვანა. ორი დღე ჰქონდა სიცხე, წუხელ გახდა ცუდად, წყალს მთხოვდა გამუდმებით, გათენებას დაველოდე, რომ ექიმთან წავიყვან -მეთქი, ამ დილას კი უფრო ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოვუძახეთ. რომ მოვიდა, ბავშვი უკვე მკვდარი იყო.
თამარ ხუციშვილის ექიმი, ნინო ორაგველიძე:
_ ბავშვი, თამარ ხუციშვილი დაბადებულია 2009 წელს, არის 4 წლის. დაბადებულია მე-3 ფიზიოლოგიური მშობიარობით. დაბადებისთანავე, რომ ვთქვათ, რაიმე სერიოზული პრობლემა იყოო, არ ყოფილა. უბრალოდ, იყო შედარებით მცირე წონის ახალშობილი და ეს განპირობებული იყო ძირითადად, მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, რაც მის ოჯახს ჰქონდა. პირველი პერიოდი ადრეული ადაპტაციისა, ახალშობილობის, დაახლოებით 6 თვეს, ნორმალურად მიმდინარეობდა.
_ მძიმე სოციალურ ფონში რას გულისხმობთ, არასათანადო კვებას?
_კი არასათანადო კვებას, მაგრამ შემდგომში ეს პრობლემა ცოტათი მოგვარდა, იმიტომ, რომ ბავშვი აიყვანეს აღრიცხვაზე სოციალურ სამსახურში და მას ეძლეოდა კვების ვაუჩერი. ძირითადად ბავშვის საკვები მანამდე იყო თხის რძე. პრობლემები დაიწყო სადღაც 6 თვიდან, პირველად პნევმონიის დიაგნოზით მოიყვანეს ბავშვთა სამკურნალო ცენტრში. იქ მდგომარეობა გართულდა და წაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით, გულსისხძარღვთა სუნთქვის უკმარისობით. იქ მკურნალობდა სადღაც ორი კვირის განმავლობაში და გამოეწერა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით. ამის შემდეგ, თავი იჩინა ხშირმა ავადმყოფობამ. ძირითადად ეს გამოიხატებოდა მწვავე რესპირაციული სისტემის პათოლოგიებით, ავად ხდებოდა ხშირად, რასაც მასიური ხასიათი ჰქონდა. ასაკის მატებასთან ერთად, თანდათანობით იხატებოდა განვითარებაში ჩამორჩენა, ბავშვი არის 4 წლის და სადღაც წონა ამ დროისთვის იყო 11 კილომდე, ანუ დაახლოებით, ეს არის 1 წლის ასაკის ბავშვის წონა და ესეც მიღწეული იყო ამ ბოლო პერიოდებში. ბოლო ორი წლის განმავლობაში, თითქმის გართულებული რესპირაციული მდგომარეობით მოდიოდა და ყოველთვის ვაგზავნიდი საავადმყოფოში მკურნალობის ჩასატარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, მშობელი არ ასრულებდა მკურნალობას სტაციონარში, არ რჩებოდა საავადმყოფოში, არ მიჰყავდა ბოლომდე საქმე.
ბოლოს რომ გავაგზავნე, მობრუნდა ისევ მძიმე პნევმონიით, გააგრძელა მკურნალობა ბინაზე, მერე ისევ მოხვდა საავადმყოფში, თუმცა იქედან დამირეკეს, რომ უარს აცხადებს მშობელი საავადმყოფოში დარჩენაზეო.
მე მაქვს ბავშვთა სამკურნალო ცენტრიდან ოფიციალური წერილი, რომ მათ მიმართა პაციენტმა მწვავე პნევმონიით და მშობელმა უარი განაცხადა ბავშვის საავადმყოფოში დაწვენაზე. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ ორი უფროსი მცირეწლოვანი ბავშვი ფაქტიურად მარტო ჰყავდა. მისი მეუღლე ლუკა პურის ფულისთვის სამუშაოდ იყო გასული. ბოლოს უკვე, ამდენმა ჭარბმა ნახველმა, სასუნთქი სისტემის პათოლოგიამ, ყურიდან ჩირქოვანმა გამონადენმა მიიყვანა ასეთ სიტუაციამდე, გამუდმებით ვითხოვდი, რომ საჭირო იყო ამ ბავშვის წაყვანა გამოკვლევაზე თბილისში, მუდმივად ვთხოვდი, კიდეც ვეჩხუბებოდი, რომ როგორმე ეს გაკეთებინათ ან ჩაეტარებინათ ადგილზე სტაციონალური გამოკვლევა. მშობელი ასახელებდა მიზეზებს, რომ საავადმყოფოში ვერ დარჩებოდა და ხელწერილიც დააწერინეს ამის გამო, აი ნახეთ, გადაიღეთ... ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მოვითხოვე, გამოენახა რაიმე სახსრები, იმისათვის, რომ ბავშვი წაეყვანათ თბილისში, იყო კიდეც წასული გამოკვლევაზე, სადაც დაუსვეს დიაგნოზი კისტო ფიბროზი, აი, ესაა ჩატარებული გამოკველევა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში იწვა იაშვილის კლინიკაში, საიდანაც დაგვიკავშირდნენ კიდეც ამის გამო. ჩაუტარდა მკურნალობა და გაუმჯობესებელი მდგომარეობით წამოვიდა თბილისიდან,.
_ მე მინდა გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ აქ იყო ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახს ჰქონდა სოციალური დახმარება, გარკვეული როლი მაინც მშობლების დაუდევრობამ გამოიწვია!
აი ახლა, ამ დღეებში იყო კიდევ წასაყვანი თბილისში. თქვენ ვერ აგიღწერთ, მე რა დღეში ვიყავი, რა ნერვიულობა მჭირდებოდა, მყავს მოწმეები, ძალიან ბევრი ადამიანი, როგორ ვეხვეწებოდი, ხან ვეჩხუბებოდი, რომ ბავშვი დაეწვინათ საავადმყოფოში. მე არ ვარ პასუხისმგებელი და ვერც ვიქნები პასუხისმგებელი! სულ ასე ვეუბნებოდი, რომ მშობელი პატარას სათანადო მკურნალობას ვერ ჩაუტარებდა ბინაზე. ჰქონდა პოლისი, მას მკურნალობაზე თანხა არ სჭირდებოდა! მხოლოდ კვების ფული უნდოდა ბავშვებისთვის!
სასწრაფოს მთავარი ექიმი, ნანა გოლიაძე: დაირეკა გამოძახება თამარ ხუციშვილზე, სასწრაფო 2 წუთში, დაუყოვნებლივ გავიდა. ადგილზე მისულებს კი ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ...