ზესტაფონელი მოვაჭრეები ხელისუფლებას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ
10 ივნისი 16:4898
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან მყოფი ზესტაფონელი მოვაჭრეებისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის აპარატის უფროსის შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო.
მოვაჭრეების წარმომადგენლებმა ბესელიას კომიტეტს დღეს ორჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ყურადღებას არ აქცევენ. როგორც ზესტაფონელი მოვაჭრეები აღნიშნავენ, ხელისუფლება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს არ ასრულებს.
„ადამიანის უფლებები სააკაშვილის დროსაც დაუცველი იყო და ახლაც დაუცველია. გარეთ არ გამოდიან და არ გვხვდებიან. ამბობენ, რომ პარლამენტში მყოფი „ნაციონალები“ უშლიან ხელს. უმრავლესობაში ესენი არიან და ხელს როგორ უშლიან,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მადონა სოიფერი.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონელი მოვაჭრეები ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობასთან მჯდომარე აქციას დილიდან მართავენ. ისინი მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზრიდან ახალ ბაზარში გადასვლას აპროტესტებენ.
http://news.ge/ge/news/story/56980-zestafo...-adanashauleben