"ინტერპრესნიუსი" ილიაუნის პროფესორს, გია ანჩაბაძეს უსაუბრა, რომელიც რამოდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან დაბრუნდა. - ბატონო გია, თქვენ აფხაზეთიდან ახლახან დაბრუნდით, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები? - აფხაზეთში წელიწადზე მეტია არ ვყოფილვარ. სოხუმში თვალშისაცემია მშენებლობების დაწყება. დაწყებულია ახალი, საკმაოდ კარგი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. გახსნილია ახალი სასტუმროები, ბევრი რამაა გაკეთებული ქალაქის კეთილმოწყობისა და განათებისათვის. ანუ, იგრძნობა ის, რაც ბოლო წლებია თბილისს ახასიათებს, მხედველობაში მაქვს მშენებარე ობიექტების სიმრავლე და ქალაქის სამსახურების მოწესრიგებულობა. ადრე, თვალშისაცემი იყო ომის დროს დანგრეული სახლების სიმრავლე. ახლა მათ შედარებით ნაკლებად შეხვდები, ან აღებულია ან მათ ადგილზე ახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ბევრი სახლია აღდგენილი.
- მშენებლობებზე ვინ მუშაობს? რამდენადაც ვიცი სოხუმში, გაგრაში მშენებლობებზე გალის რაიონში მცხოვრები ქართველები საკმაოდ ბევრნი მუშაობენ, მაგრამ შუა აზიიდან ჩამოსული გასტრობაიტერებიც საკმაოდ მრავლად არიან? აფხაზური პრესა იმაზე წუხდა, რომ აფხაზი გოგონები ცოლად შუააზიელებს მიჰყვებიანო . . . - გამიგია, რომ მშენებლობებზე ბევრი გალელი მუშაობს, თუმცა, მოგეხსენებათ, სოხუმის ქუჩაში ძალიან ძნელია გალელის სხვებისგან გარჩევა. რაც შეეხება შუააზიელებს, უზბეკებს, ტაჯიკებს, მათ ქალაქში საკმაოდ ხშირად დაინახავთ. ისინი ძირითადად ქალაქის დასუფთავების სამსახურში მუშაობენ. შერეული ოჯახების შექმნის ფაქტები შეიძლება მართლაც არის, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი, ცხადია, არ აქვს. ამასთან, ზოგი შუააზიელი თავის ცოლთან ერთად არის ჩამოსული, რომელიც აგრეთვე რაღაც სამუშაოს შოულობს.
- ამბობენ სოხუმის ბაზარშიც ბლომად არიან ქართველებიო?- ბაზარშიც ბლომად არიან. ქართული საქონელიც შედის, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. წინა წლებშიც ასე იყო და ახლაც ასეა. არცაა გასაკვირი. აფხაზეთის მოსახლეობის 2011 წლის აღწერის მიხედვით, აქ მცხოვრები 240 ათასი ადამიანიდან ქართველები 19%-ზე მეტს შეადგენენ (აფხაზები არიან 50%, სომხები – 17-ზე მეტი, რუსები – 10%-ზე ნაკლები). ეს ოფიციალური მონაცემებია.
- ანქვაბის განკარგულებით გალის რაიონის მცხოვრებთათვის აფხაზური პასპორტის გაცემა შეჩერდა. გალელებისთვის პასპორტების გაცემის ინიციატორი აფხაზური ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა გახლდათ. თქვენი აზრით, რას უკავშირდება გალელებისთვის პასპორტების გაცემა? იმას ხომ არა, როგორც აფხაზური პრესა წერს - გაუგებარია რატომ გავცემთ პასპორტებს გალელებზე, როცა გალელების უმეტესობა სულ იმის მოლოდინშია, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი როდის გახდებაო? - ვფიქრობ, ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არის. ზოგი ამბობს, რომ გალელების დიდ ნაწილს აფხაზურ პასპორტთან ერთად ქართული პასპორტიც აქვს, რაც დაუშვებელიაო, თუმცა ზოგს ეს დასაშვებად მიაჩნია გამონაკლისის სახით. გალის რაიონში მცხოვრებთათვის პასპორტის გაცემის შეჩერება არჩევნებში მათ მონაწილეობას გამორიცხავს, თუმცა, სხვა მხრივ, რამდენადაც ვიცი, გალელები ისეთივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც აფხაზეთის სხვა მცხოვრებლები.
- რამდენადაც ვიცი, თქვენ აფხაზეთის უნივერსიტეტში ლექციებიც გქონდათ. რა განწყობებია საქართველოსთან მიმართებაში აფხაზურ სამეცნიერო წრეებში, სტუდენტებში, იმ ადამიანებში, ვისთანაც თქვენ შეხება გქონდათ?- აფხაზ სტუდენტებში ყოველთვის შესამჩნევი იყო ისტორიისადმი ინტერესი. სტუდენტებში არის გარკვეული ნაწილი, რომელიც საკმაოდ ბევრს კითხულობს. ვინაიდან მე ლექციებს თბილისსა და სოხუმში ვკითხულობ, მაქვს უნიკალური შესაძლებლობა შევადარო ერთმანეთს აქაური და იქაური სტუდენტები. ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მიყვარს ჩემი სტუდენტები. ადრე ერთ ინტერვიუში მაქვს ნათქვამი, რომ აფხაზ სტუდენტებს ძალიან აინტერესებთ თავისი ქვეყნის ისტორია, მაგრამ ნაკლებ ინტერესს იჩენენ საქართველოს ისტორიისადმითქო. ახლა შემეცვალა შთაბეჭდილება.
წელს აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი აფხაზი სტუდენტი საკმაოდ ერკვევა საქართველოს ისტორიის ფაქტებში. ჩვენი საუბრები ლექციების შემდეგაც გრძელდებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ აკლიათ რუსულად თარგმნილი ქართული საისტორიო წყაროები. ამასთან, აფხაზეთის უნივერსიტეტში საქართველოს ისტორია ისწავლება, როგორც ცალკე საგანი.
ჩემი აზრით, აფხაზი სტუდენტების ისტორიისადმი ინტერესს ისიც განაპირობებს, რომ ამითი უფრო მყარდება მათი ეროვნული იდენტურობა. ჩვენთან იდენტობა დიდი ხანია ჩამოყალიბდა. ყველა ქართველმა იცის, რომ მის ერს სახელოვანი წარსული გააჩნია, თუმცა, შესაძლოა, ბევრმა მათგანმა არ იცოდეს კონკრეტული ფაქტები.
აფხაზი ახალგაზრდობის ინტერესი საქართველოს ისტორიისადმი არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს აფხაზეთში პოლიტიკური კუთხით რაღაც შეიცვალა საქართველოსთან დამოკიდებულებაში. უბრალოდ, მათ აინტერესებთ საქართველოს ისტორია და ამ თვალსაზრისით, გარკვეულ ცოდნას ამჟღავნებენ. თუ აფხაზეთის ისტორიას სწავლობ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გარკვეული შეხება გაქვს საქართველოს ისტორიასთანაც. მთლიანობაში აფხაზ სტუდენტებს საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვნად მეტი ცოდნა აქვთ, ვიდრე ქართველ სტუდენტებს აფხაზი ხალხის ისტორიის შესახებ.
- სტუდენტების ისტორიისადმი ინტერესი გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება კითხვის ძირითად ნაწილს?- საქართველოსთან დამოკიდებულებებში ცვლილება და რაიმე განსხვავება არ შემიმჩნევია. ადრე უფრო მეკითხებოდნენ ხოლმე საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. 2008 წლამდე ყოველთვის იყო იმის შიში, რომ ომი განახლდებოდა. ახლა ასე არაა. სანამ ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობა" იყო, აქაურ ამბებზე ინფორმაციას იქაური ქართველები ავრცელებდნენ, რომლებიც აქ პერიოდულად ჩამოდიოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. ახლა ეს აზრი ისეთივენაირად არის ორად გაყოფილი, როგორც ზოგადად ქართულ საზოგადოებაშია გაყოფილი. ამიტომ აფხაზები მეკითხებოდნენ: სად არის სიმართლე? ზოგი გვეუბნება, რომ საქართველოში ყველაფერი აყვავდა, აშენდა, ქვეყანა გაძლიერდა, წესრიგია და ა.შ., ზოგი კი პირიქით, ლაპარაკობს ელიტარულ კორუფციაზე, უსამართლო სასამართლოზე, დარბევებზე და ა.შ. მე ვეუბნებოდი, რომ პოლიციაში რეფორმა ნამდვილად გატარდა, გზები დაიგო და ასე შემდეგ, მაგრამ იყო ის პრობლემებიც, რომელთა მოუგვარებლობამ გამოიწვია 2012 წლის ოქტომბრის ცვლილებები.
ახლაც აინტერესებთ, თუ რა მოიტანა საქართველოში ხელისუფლების შეცვლამ. ასეთი ინტერესი ნამდვილად არის, მაგრამ გავიმეორებ, რომ ამის გამო არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს აფხაზური საზოგადოების დამოკიდებულებაში საქართველოსთან მიმართ რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა.
- ამას წინათ, ერთი ჩემი ნაცნობი გახლდათ სოხუმში, საკმაოდ ბევრ ადამიანთან ჰქონდა შეხვედრები. მისი თქმით, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა უთხრა - თქვენც მოგატყუეს და ჩვენც, ორივენი მოტყუებულები ვართო. თქვენი აზრით, რამდენად ძლიერია ამგვარი განწყობები და რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ეს?- შესაძლოა, ასეთი რამ კიდეც უთხრეს, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ მსგავსი განწყობები ძლიერია; რომ მომხდარის გადაფასება მოხდა ან ხდება.
- ამას წინათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის აფხაზეთში ჩასვლა, სავარაუდოდ, მართლმადიდებელთა პატრიარქთან, ბართლომეოს პირველთან ერთად იგეგმება. რამდენად რეალისტურად გამოიყურება ილია მეორის ბართლომეოსთან ერთად სოხუმში ჩასვლის პერსპექტივა?
- ასეთი რამ, იქ წარმოუდგენლად მიაჩნიათ. შესაძლოა, პატრიარქს სხვა ინფორმაცია აქვს და მე არ ვიცი. რაც შეეხება საეკლესიო საკითხებს, იქ არის უფრო მეტი ინტერესი და საუბარი იმაზე, რომ აფხაზური ეკლესია ორადაა გაყოფილი. აფხაზებს საქართველოს პატრიარქის სოხუმში ჩასვლა წარმოუდგენლად მიაჩნიათ. დღეს ასეთი ვითარებაა.
- აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის სასარგებლოდ ხელმოწერები გროვდება, მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას. აფხაზური პრესის ინფორმაციით, ხელმოწერების შეგროვება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოჭში რუსული ეკლესიის წარმომადგენლის მონაწილეობით ქართველ და აფხაზ საეკლესიო პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პრეზიდენტმა ანქვაბმაც მიიღო და სოჭიდან დაბრუნებული ანქვაბი იმ საეკლესიო პირებს შეხვდა, რომლებიც აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას კონსტანტინეპილისგან ითხოვენ და სწორედ მათ დაავალა ხელმოწერების შეგროვება. თქვენი დაკვირვებით, რამდენად რეალისტურად გამოიყურება აფხაზური პრესის მტკიცება? - რამდენადაც ვიცი, საეკლესიო პირთა მეორე ჯგუფიც არ არის აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი, მაგრამ, ახალგაზრდების ჯგუფი უფრო აქტიურობს. ვიცი, რომ შეხვედრა შედგა სოჭში და ამის შემდეგ დაიწყო აფხაზეთში ხელმოწერების შეგროვება აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის სასარგებლოდ. რამდენადაც ვიცი, ამ იდეას საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.
- თუ მანამდე აფხაზური ხელისუფლება საეკლესიო საკითხში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ახლა ანქვაბმა რუსეთის საპატრიარქოს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? იმას, ხომ არა, რომ ახალგაზრდა აფხაზი მღდელმთავრების მოძრაობა კონსტანტინოპოლის მიმართულებით უპერსპექტივოდ მიიჩნევა?
- არ ვიცი ეს რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან ან მსოფლიო პატრიარქის მხრიდან აფხაზური ეკლესიის აღიარება მოხდება. ჩემი აზრით, ის სიტუაცია, რომელიც საეკლესიო სფეროში გვაქვს, უახლოეს დროში კვლავ შენარჩუნდება.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ ემზადება აფხაზეთი სოჭის ოლიმპიადისთვის? ელოდებიან თუ არა სოჭის ოლიმპიადის დროს ტურისტებს აფხაზეთში? - ამ თემით სპეციალურად არ დავინტერესებულვარ და არც არაფერი მსმენია. მე ვიკითხე იმ ტერიტორიულ დავაზე, რომელიც სოფელ აიბგას უკავშირდებოდა. გახსოვთ ალბათ, რომ რუსეთის გარკვეული წრეები აფხაზეთს ედავებოდნენ მდ. ფსოუსთან მდებარე რუსებით დასახლებულ სოფელ აიბგას მისი მიმდებარე ტერიტორიით (დაახლ. 130 კვ. კმ-ს), რომელიც სოჭის ოლიმპიადის ჩატარების ადგილებს ესაზღვრება. მითხრეს, რომ ამჟამად ამ თემაზე საუბარი შეჩერებულია და მიწების გადაცემას აღარ ითხოვენო.
- რუსული პრესის ინფორმაციით, ოლიმპიადის მასპინძელ ხალხებს შორის იქნებიან აფხაზებიც. მასპინძლებში მათი ჩართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც კრასნაია პოლიანაზე, ჩერქეზების გენოციდის ადგილზე ოლიმპიადის ჩატარებაზე პროტესტი რამდენიმე ჩერქეზულმა ორგანიზაციამ გამოთქვა. კრასნაია პოლიანაზე პრეტენზიებს აფხაზებიც გამოთქვამდნენ, მაგრამ ჩერქეზთა აზრით, სრულიადაც უსაფუძვლოდ. მათი აზრით, ოლიმპიადის მასპინძელი ხალხების რიცხვში აფხაზების აღმოჩენა ახლა იმას უკავშირდება, რომ აფხაზებს კრასნაია პოლიანაზე ოლიმპიადის ჩატარება არ გაუპროტესტებიათ. რამდენად საფუძვლიანია აფხაზების მხრიდან კრასნაია პოლიანაზე პრეტენზიების ქონა? და კიდევ, თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ფორმით მიიღებენ აფხაზები მონაწილეობას ოლიმპიადის მასპინძელი ხალხების რანგში? - არ ვიცი რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას აფხაზები ოლიმპიადის მასპინძელი ხალხების რიცხვში. საერთოდ, რუსეთი თავიდანვე უსამართლოდ მოიქცა, როცა ოლიმპიადის მასპინძელ ხალხად კაზაკები დაასახელა და მათი ფოლკლორული ანსამბლი გაუშვა კანადაში, სადაც ოლიმპიადის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ საკითხზე თავად ჩერქეზულ ორგანიზაციებს შორისაც არ არის ერთიანი აზრი. ყოველ შემთხვევაში, რუსეთში მცხოვრები ჩერქეზული ორგანიზაციების ნაწილი არ არის ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგი. მათი არგუმენტაციით, ოლიმპიადა ხელს შეუწყობს ჩერქეზი ხალხის ისტორიისა და პრობლემების თანამედროვე მსოფლიოსათვის უკეთ წარმოჩენას.
რაც შეეხება აფხაზების მონაწილეობას, როგორც მასპინძლებისა, ეს თითქოს უცნაური უნდა იყოს, ვინაიდან აფხაზეთი რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა აღიარებული, თანაც ტერიტორია, სადაც ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, სოჭი და კრასნაია პოლიანა რუსეთის ტერიტორიებია. ცხადია, რომ ეს ტერიტორიები ისტორიულად რუსეთის მიწები არაა. ჩვენ, ქართველებიცა და აფხაზებიც, და საერთოდ კავკასიელები, მიწების ისტორიულ კუთვნილებას უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე მიღებულია დღეს დასავლეთში. მაგრამ, ამას თავისი ახსნა გააჩნია და სხვა საუბრის თემაა.
ისტორიული თვალსაზრისით, 1864 წლამდე, ანუ ადგილობრივ მთიელთა თურქეთში გადასახლებამდე, კრასნაია პოლიანაზე, მის მიდამოებში და ზღვის სანაპიროზე მდ. ბზიფიდან თითქმის სოჭამდე, ცხოვრობდნენ დასავლურ აფხაზური ტომები - საძები და მედოვეელები. თანამედროვე კრასნაია პოლიანაზე მდებარეობდა მედოვეელთა სოფელი "კბაადე". რუსები მას "გბაადეთ" მოიხსენიებენ.
სოჭიდან მოყოლებული ტერიტორია ეკუთვნოდათ უბიხებს, რომლებიც ეთნიკურად აფხაზებსა და ადიღე-ჩერქეზებს შორის გარდამავალ "რგოლს" წარმოადგენდნენ. უბიხების შემდეგ კი ჩერქეზთა მიწები იწყებოდა. XIX საუკუნეში ეს ხალხები მედგრად ებრძოდნენ რუსეთის იმპერიას. იმ პერიოდის ზოგი ავტორი სახელწოდებას "ჩერქეზი", გარდა ადიღეებისა (რომლებსაც სხვა ხალხები "ჩერქეზების" სახელით იცნობენ) ავრცელებს აგრეთვე დანარჩენ კავკასიელ მუსლიმან მთიელებზეც. ასეა, მაგალითად დღევანდელ თურქეთსა და არაბულ ქვეყნებშიც, სადაც უპირატესად ჩერქეზებად მოიხსენიებენ როგორც ადიღეებს (რომლებიც უმრავლესობაა კავკასიურ დიასპორაში), ასევე აფხაზებს, ყარაჩაელებს, ჩეჩნებს, ოსებსა და სხვ.
რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის თარიღად ითვლება 1864 წელი, როდესაც რუსებმა გატეხეს უკანასკნელი დამოუკიდებელი ტომების წინააღმდეგობა და სამხედრო აღლუმი ჩაატარეს კბაადეს ნასოფლარზე, შემდეგ რომ კრასნაია პოლიანა ეწოდა. რუსეთის მიერ 1864 წელს ჩატარებულ აქციებს, რასაც თანამედროვე ენაზე გენოციდი და ეთნოწმენდა ეწოდება, ყველაზე მეტად ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მოსახლეობა დაზარალდა. სიკვდილს გადარჩენილი ადიღე-ჩერქეზების უმრავლესობა, უბიხები და დასავლეთ აფხაზეთის ტომები პრაქტიკულად, მთლიანად, იძულებული იყვნენ ოსმალეთის იმპერიაში (თურქეთში) გადასახლებულიყვნენ.
ამრიგად, მომავალი ოლიმპიადის ტერიტორია პირველ რიგში მორწყულია აფხაზებისა და უბიხების სისხლით, თუმცა ამ ბრძოლაში ისინი ჩერქეზების გვერდით იდგნენ. აღსანიშნავია, რომ XIX ს-ის პირველ ნახევარში შექმნილ ჩერქეზულ დროშაზე გამოსახულია სამი გადაჯვარედინებული ისარი (მთიელთა სამხედრო შემართების სიმბოლო) და 12 ვარსკვლავი, რომლებიც დასავლეთ კავკასიის მოკავშირე ხალხებს აღნიშნავენ. მათ შორის იგულისხმებიან აგრეთვე უბიხები და აფხაზები. სოჭი-კბაადეს სექტორში 150 წლის წინ დატრიალებული ამბები - მათი საერთო ტრაგედიაა.
- რომ დავუბრუნდეთ აფხაზეთში დღეს არსებულ ვითარებას. როგორ აისახა პოლიტიკურ ცხოვრებაზე ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებული ვნებათაღელვა? და კიდევ, რამდენად მყარია ანქვაბის ხელისუფლება?
- ვნებათაღელვა უკვე ჩამცხრალია. ბუნებრივია, რომ ხალხს უკეთესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა სურს, მაგრამ ახლა გამოსვლები აღარაა. რაც შეეხება ანქვაბს, ჩემი აზრით, ანქვაბის ხელისუფლება საკმაოდ მყარია.
- სირიაში ვითარების გამწვავების კვალობაზე უკანასკნელ პერიოდში აფხაზეთში სირიაში მცხოვრები მოჰაჯირების შთამომავლების დაბრუნებაზე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია. თქვენი ინფორმაციით, სირიიდან აფხაზეთში სულ რამდენი მოქალაქე დაბრუნდა?
- სირიიდან დღეისათვის 400-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა და ივნისის შუა რიცხვებისათვის კიდევ 145-ს ელიან. გარდა ამისა, რეპატრიანტებს აფხაზეთში უკვე 2 ბავშვი შეეძინათ. საერთოდ, შვილმრავალი ოჯახებია, როგორც ეს დამახასიათებელია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. საჭიროა მათი უზრუნველყოფა საცხოვრებლით. ჯერჯერობით, უმრავლესობა სასტუმროებსა და სხვა დროებითი განთავსების პუნქტებშია განთავსებული. გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ენობრივი ბარიერი, რადგან აფხაზური და, მით უმეტეს, რუსული ენა ყველამ არ იცის. მათ უხსნიან ენის შემსწავლელ ჯგუფებს, საჭიროა ხალხის დასაქმებაც. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამ საქმით დაკავებულია როგორც აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურები, ასევე არასამთავრობო სექტორი.
- თქვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ, სირიაში რამდენი აფხაზური წარმოშობის მოქალაქე ცხოვრობს? - სირიაში კონფლიქტის დაწყებამდე კავკასიური დიასპორა დაახლოებით 100 ათას ადამიანს ითვლიდა. მათ შორის წარმოშობით ყველაზე მეტი ადიღე-ჩერქეზებია და ამიტომ არაბები ყველას ერთად "ჩერქეზებს" უწოდებენ. მაგრამ, თვითონ დიასპორის წარმომადგენლებმა იციან ვინ რომელ ხალხს ეკუთვნის. მაგალითად, აფხაზური წარმოშობისა 8-10 ათასი ადამიანი ითვლება, ჩეჩნები დაახლოებით 6 ათასია, არიან დაღესტნელებიც, ოსებიც . . .
- სხვადასხვა მონაცემებით, აფხაზეთში გაზრდილია სომხური დიასპორის გავლენა. თუ შეიმჩნევა ეს გავლენა, რაში ვლინდება იგი და რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ინფორმაცია, რომ აფხაზებსა და სომხებს შორის დაძაბულობა სხვადასხვა მიზეზთა გამო ხშირად გამწვავებულ ფორმებსაც იღებს?- ჩვენთან, ქართულ პრესაში ცოტა გადაჭარბებულად არის წარმოდგენილი აფხაზეთში სომხების როლი. არაფერზე არ შემიმჩნევია, რომ იქ სომხების გავლენა გაძლიერებულია. მართალია, გაგრის ზონაში, საზღვრისპირა რაიონში სომხები უმეტესობას შეადგენენ, რაც გარკვეულ პირობებში, შესაძლოა, პრობლემატურიც გახდეს. ეს არ ითქმის ცენტრალურ აფხაზეთში მცხოვრებ სომხებზე. ხელისუფლებაში სომხები იმაზე მეტად არ არიან წარმოდგენილი, როგორც სხვა ხალხების წარმომადგენლები. მაგრამ, მათ გარკვეულ თანამდებობებზე ყოფნა, საფრთხეს არ წარმოადგენს. ხელისუფლების ყველა შტოში აფხაზები აშკარა უმრავლესობას წარმოადგენენ.
რაც შეეხება აფხაზებსა და სომხებს შორის დაპირისპირებებს, ამგვარ შემთხვევებს ადგილი ადრე, 90-იან წლებშიც ჰქონდა. დღევანდელ სიტუაციაში სხვადასხვა მიზეზით კონკრეტულ ადამიანთა აფხაზურ-სომხური დაპირისპირების ცალკეული შემთხვევები პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას ვერ იქონიებს.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"http://www.interpressnews.ge/ge/interviu/2...45-s-elian.htmlისევ ანჩაბაძის ნაირები თუ შეგვარიგებენ აფხაზებთან თორემ ზვიადისტების მოფაშისტო ელემენტების და რევანშისტების იმედი არ მაქვს