ალმან ბაკაევი: რუსეთი არჩევნების წინ კახეთის ნაწილის ოკუპაციას გეგმავდა
13 ივნისი 01:06
1891
ჩეჩნური წინააღმდეგობის ერთ-ერთი ლიდერი ალმან ბაკაევი news.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის მიერ მომზადებული ანგარიში ლაფანყურში მომხდარ მოვლენებზე სიმართლეს არ ასახავს და ამ დოკუმენტს ზაკაევის შეცდომად აფასებს. ბაკაევს აბსურდად მიაჩნია იმის მტკიცება, რომ საქართველოს მთავრობამ მის მიერვე გაწვრთმილი ჩეჩნების ჩახოცვა.
ბაკაევის თმით, საქართველოს ყოველი ახალი მთავრობა წინა მთავრობას ადანაშაულებს ჩეჩნებთან კონტაქტებში. „ასე მოხდა შევარდნაძის გადადგომის შემდეგ და ახლაც იგივე მეორდება. არ ვიცი, ალბათ ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების მიზნებს ემსახურება.“ - ამბობს ჩეჩნური წინააღმდეგობის ერთ-ერთი ლიდერი. მისი თქმით, როდესაც ისეთი ქვეყანა როგორიც რუსეთია იპყრობს მთელ კავკასიას ჩეჩნური კავშირებით სპეკულირება სჭირდებათ ახალი მთავრობასთან დივიდენდების მოსაპოვებლად.
ბაკაევის აზრით, ოპერაცია წინასწარ დაგეგმილი იყო არა საქართველოს მხრიდან, არამედ რუსეთის მხრიდან. ბაკაევის ინფორმაციით, რუსეთი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ, გეგმავდა პანკისის ხეობის ნაწილის და ასევე კახეთის ნაწილის ოკუპაციას. ისინი „ქართული მხარის მიერ მომზადებულ ჩეჩნებს“ უნდა დადევნებოდნენ და ამ საბაბით შემოჭრის ოპერაცია მზადდებოდა. სწორედ ამიტომ, წინააღმდეგობის ყოფილი ლიდერის თქმით, ქართულმა ძალოვანებმა ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა ბაკაევი აღნიშნავს, რომ ძალის გამოყენების ალტერნატივა არსებობდა და ქართულ მხარეს არ უნდა გაეხსნა ცეცხლი.
ბაკაევის თქმით, რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია ძალიან მალე მთელი ჩეჩნეთის წინააღმდეგობა გაანადგუროს და პრობლემაც მოხსნას. თუმცა იგი ამ სიტუაციას ინარჩუნებს იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე პროვოკაცია დასჭირდება.
გთავაზობთ ჩეჩნური წინააღმდეგობის ერთ-ერთ ლიდერთან ალმან ბაკაევთან News.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას:
ჟურნალისტი: როგორ აფასებთ, ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის მიერ მომზადებული ანგარიშს?
ალმან ბაკაევი: ეს ანგარიში არ ასახავს რეალობას. განსაკუთრებით ქართველი მაღალჩინოსნების გვარები. სამწუხაროდ ქართველი ლიდერები არასდროს არ უყურებდნენ ჩეჩნეთში განვითარებულ მოვლენებს ობიექტურად და აქედან გამომდინარე არავითარი სამხედრო დახმარება მათი მხრიდან არ ყოფილა. ამას მე სრული პასუხისმგებლობით და მწუხარებით ვამბობ. ხოლო ის, რომ ხალხს სალხში დაბრუნება სურდა და ორივე მხრიდან ადგილი ჰქონდა მკვლელობას, ეს ფაქტია. თუმცა, ანგარიშში ბევრი მთავარი ეპიზოდი სიმართლეს არ შეესაბამება.
ჟურნალისტი: ანგარიშში საუბარია, რომ კომისიამ ჩაატარა გამოძიება. გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
ალმან ბაკაევი: დიახ, გამოძიება ნამდვილად ჩატარდა და მეც ვესაუბრე ჩეჩნეთის სახელმწიფოს(დევნილი მთავრობის) ლიდერებს, თუმცა ვიმეორებ, რომ ანგარიშში მთავარი ეპიზოდები სინამდვილეს არ შეესაბამება. მე წავიკითხე ანგარიში და მის გამოქვეყნებამდე ბევრი ვესაუბრე ზაკაევსაც ამ საკითხზე. ამის გამო გამოქვეყნებამდე 10 დღით ადრე ჩამოვედი საქართველოში და ყველას ვესაუბრე ვისაც შეიძლებოდა, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი მაინც თავისებურად გააკეთეს.
ჟურნალისტი: რა მიზნებს ემსახურება ეს ანგარიში?
ალმან ბაკაევი: ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს ხდება ყოველთვის, როდესაც იცვლება პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქათველოში. ეს არ არის პირველი შემთხვევა. რატომღაც ყოველი ახალი მთავრობა აუცილებლად თვლის, რომ წინა მთავრობა „ბოევიკებთან“ კონტაქტში უნდა ამხილოს. ასე მოხდა შევარდნაძის გადადგომის შემდეგ და ახლაც იგივე მეორდება. არ ვიცი, ალბათ ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების მიზნებს ემსახურება, თუმცა ვიმეორებ, რომ არც შევარდნაძის დროს, არც ახლა და არც სააკაშვილის დროს საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა არ გვქონია.
როდესაც ისეთი ქვეყანა როგორიც რუსეთია იპყრობს მთელ კავკასიას. ასეთ დროს ჩეჩნური კავშირებით სპეკულირება სჭირდებათ ახალი მთავრობასთან დივიდენდების მოსაპოვებლად.
ჟურნალისტი: ანგარიშში ყველა მხარეა დადანაშაულებული, ქართულიც, რუსულიც და ჩეჩნურიც. დასკვნაში წერია, რომ საქართველომ მასიური მკვლელობა ჩაიდინა და ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია.
ალმან ბაკაევი: ის, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია იყო ფაქტია, თუმცა არა საქართველოს მხრიდან, არამედ რუსეთის მხრიდან. ამ დასკვნაში აღწერილ მოვლენებზე ღიად საუბარი ჯერ არ ღირს, თუმცა ის რომ ეს რუსულმა მხარემ დაგეგმა, დამტკიცებული ფაქტია. ამ ოპერაციაში გამოიყენეს ჩეჩნები, რომელთაც თავიანთი ქვეყნისთვის ბრძოლა სურდათ. ნამდვილად დაგეგმილი იყო რუსების მიერ.
ჟურნალისტი: რაში სჭირდებოდა ეს რუსეთს?
ალმან ბაკაევი: ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი, საპარლამენტო არჩევნების წინ, გეგმავდა პანკისის ხეობის ნაწილის და ასევე კახეთის ნაწილის ოკუპაციას. ისინი ქართული მხარის მიერ მომზადებულ ჩეჩნებს უნდა დადევნებოდნენ და ამ საბაბით შემოჭრის ოპერაცია მზადდებოდა. ეს ჩვენმა რუსულმა წყარომ შეგვატყობინა. მას ვერ დაგისახელებთ.
თქვენ ალბათ გახსოვთ მაშინ დაღესტანში, საქართველოსთან საზღვართან რუსული სამხედრო ძალების სერიოზული კონცენტრაცია იყო სამხედრო წვრთნების საბაბით. თუმცა იქ იმაზე გაცილებით მეტი შენაერთი იყო ვიდრე ამ წვრთნებისთვის იყო საჭირო. სამხედრო ჰოსპიტალიც გაამზადეს. სამწუხაროდ წყაროებს ვერ გაგიმხელთ.
ჟურნალისტი: როგორ ფიქრობთ, ქართული მხარის მოქმედებები ლაფანყურის ხეობაში გამართლებული იყო?
ალმან ბაკაევი: ეს ძალიან რთული საკითხია. საქართველოს ნამდვილად ჰქონდა უფლება გამოეყენებინა იარაღი და დაეცვა თავი. თუმცა, საკითხი სხვაგვარად დგას, საჭირო იყო იარაღის გამოყენება? რათქმა უნდა ნებმისმიერ ქვეყანას აქვს უფლება იარაღი გამოიყენოს, თუმცა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ სხვა არჩევანი აღარ რჩებოდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ლაფანყურის ხეობაში იყო შესაძლებლობა, რომ იარაღი არ გამოეყენებინათ. სხვა გამოსავალი ამოწურული არ იყო.
ჟურნალისტი: როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ქართველი ძალოვანების მიერ იარაღის გამოყენება?
ალმან ბაკაევი: ჩემი ინფორმაციით, ქართული სპეცსამსახურები ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგეგმებოდა ჩეჩნური და დაღესტნური წარმომავლობის რუსი სპეცდანიშნულების რაზმების გადმოსროლა. როგორც ჩანს, ქართული მხარის მიერ ძალის გამოყენება ამ დაჯგუფების რეალური მიზნების არ ცოდნა იყო.
ჟურნალისტი: რა უნდოდა ამ ჯგუფს საქართველოს ტერიტორიაზე?
ალმან ბაკაევი: ჯგუფში იყვნენ ევროპიდან ჩამოსული ახალგაზრდები. მათ ჩეჩნეთში გადასვლა სურდათ.
ჟურნალისტი: რა მიზნით ცდილობდნენ შეარაღებული ადამიანები ჩეჩნეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით შესვლას?
ალმან ბაკაევი: შეარაღებული ადამიანები ეს უბრალო ხალხია. ისინი მოვლენებზე ინფომრაციას არ ფლობდნენ. მათ მხოლოდ ომში წასვლა და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სურდათ. მათთვის მთავარია, რომ მათ მშობლიურ მიწაზე ომია. მათ მასში მონაწილეობა სურთ.
ჟურნალისტი: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული მხარე შესაძლოა ამ ხალხს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის ამზადებდეს შეესაბამება რეალობას?
ალმან ბაკაევი: ეს აბსურდია. თავისივე გაწვრთნილი ხალხი ჩახოცეს?კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ქართული მხარის დახმარების შემთხვევაში ახლა სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. თავად ლაფანყურის ხეობის მოვლენების შესახებ ანგარიშში ბევრი აბსურდული ეპიზოდია. ზაკაევის მტკიცებულებები აგებულია არარსებულ მოვლენებზე. ბოევიკების მომზადება და შემდეგ თვითონვე მათი ჩახოცვა არჩევნების წინ წინა მთავრობას არ აწყობდა.
ჟურნალისტი: როგორ ფიქრობთ, მოახდენს თუ არა ეს ანგარიში გავლენას ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობებზე და განწყობაზე პანკისის ხეობაში?
ალმან ბაკაევი: რათქმაუნდა, ანგარიში ჩვენს ხალხზე იმოქმედებს, თუმცა ჩვენ გვინდა სიტუაცია განვმარტოთ. სამწუხაროდ ბოლო 13 წელია საქართველოში ჩვენთვის ბევრი არასასრუველი პროცესები განვითარდა. მაგალითად, რუსეთისთვის ჩვენი მთავრობის წევრების გადაცემა, ევროპული ორგანიზაციების პოზიციის მიუხადავად. ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ჩვენიანი დაიკარგა.
ჟურნალისტი: ესე იგი საქართველოს მთავრობა რუსეთს ეხმარება ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ?
ალმან ბაკაევი: დიახ, სამწუხაროდ ასეა. შესაძლოა მათ დიდი შესაძლელობები არც ჰქონდათ, მაგრამ ეს ასეა. სამწუხაროდ საქართველოში არ იყო და არ არის ისეთი გონიერი მმართველობა, რომელიც სწორედ შეაფასებდა კავკასიაში და კონკრეტულად ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს.
ჟურნალისტი: ელოდებით თუ არა ახალი მთავრობის მხრიდან განსხვავებულ მიდგომას ამ საკითხებთან მიმართებით?
ალმან ბაკაევი: ახლა რა თქმა უნდა რთულია ამის თქმა. არავითარი კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა და ძალიან ცოტა დროა გასული. საქართველოს ახალი მთავრობის მცდელობა დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან ჩვენ გვანერვიულებს. თუმცა, გვესმის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკურისგან სერიოზულად განსხვავდება. დღეს მსჯელობა რთულია რადგან სერიოზული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. ახალი მთავობისგან გონერი მიდგომის იმედი გვაქვს.
ჟურნალისტი: რა ავტორიტეტი აქვს თქვენთვის ზაკაევს?
ალმან ბაკაევი: ზაკაევი დღეს ჩეჩნეთის გაქცეული მთავრობის თავმჯდომარეა. ჩემთვის ის ავტორიტეტული ადამიანია და წინააღმდეგობის ერთ-ერთი მონაწილე. რაც შეეხება ანგარიშს, ყველას მოსდის შეცდომა, ან შეიძლება ინფორმაციას უბრალოდ არ ფლობდე.
ჟურნალისტი: ამჟამად დევნილ მთავრობას რა გეგმები აქვს?
ალმან ბაკაევი: დღეს რთულია ამაზე საუბარი, სანამ ცოცხლები ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია. მითუმეტეს ახალგაზრდა თაობა, მათ შორის ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთ გაზრდილები ვერ ეგუებიან, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთმა დაიპყრო. სხვა გეგმების შესახებ დეტალებში ვერ ვისაუბრებ. ეს არასწორი იქნებოდა. ჩვენ რეგულარულად განვიხილავთ წინააღმდეგობის საკითხებს. მე ამ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების მომხრე ვარ. თუმცა არ ვიცი შესაძლებელი იქნება თუ არა ამ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება. ამჟამად ეს არარეალურად ჩანს. თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ ახალგაზრდა ჩეჩნები ტყუილად დაიღუპნენ. ჯობია დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც წინააღმდეგობა სიტუაციის შეცვლას შეძლებს.
ჟურნალისტი: გაქვთ იმედი, რომ საქართველოს მთავრობა ჩეჩნეთის დევნილ მთავრობას მხარდაჭერას გამოუცხადებს?
ალმან ბაკაევი: ჩვენ საქართველოსგან არ ველით ეკონომიკურ ან სამხედრო დამხარებას, რადგან ამან შესაძლოა თქვენს ქვეყანას ავნოს. თუმცა მომავალში შესაძლო პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოუჩინოს ჩეჩნეთს. ჩვენ ამის იმედი გვაქვს. საქართველო და ჩეჩნეთი განწირულები არიან ერთად ცხოვრებისთვის. მთავრობები იცვლებიან, მაგრამ ხალხი ისევ გვერდიგვერდ იცხოვრებს. ჩვენ არადროს არ ვითხოვდით საქართველოსგან სამხედრო დამხარებას ან რაიმე მოქმედებას, რომელის საქართველოს ავნებდა.
ჟურნალისტი: თქვენთვის თუ მოუმართავს საქართველოს მთავრობას თხოვნით ან შემოთავაზებით?
ალმან ბაკაევი: ასეთი რამე 10-12 წლის წინ მოხდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლამდე.
ჟურნალისტი: იგეგმება თუ არა წინააღმდეგობის რაიმე ქმედება სოჭის ოლიმპიადის დროს?
ალმან ბაკაევი: ჩვენთვის ოლიმპიადას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ჩეჩნური წინააღმდეგობა არასდროს არ ატარებდა ტერორისტულ აქტებს რუსეთის ტერიოტირიაზე. დაწყებული სახლების აფეთქებიდან მოსკოვში დამთავრებული ბოლო ტერაქტით „დომოედოვოს“ აეროპორტში, ყველაფერი რუსეთის სპეცსამსახურების დაგეგმილია, ხოლო ჩეჩნების გვამები შემდეგ მიქონდათ შემთხვევის ადგილზე.
რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია აქ, რომ შეუძლია ძალიან მალე მთელი ჩეჩნეთის წინააღმდეგობა გაანადგუროს და პრობლემაც მოხსნას. თუმცა იგი ამ სიტუაციას ინარჩუნებს იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე პროვოკაცია დასჭირდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ტერორისტული აქტები თავად რუსეთმა მოაწყოს, რადგან ჟურნალისტებიც კი წერენ, რომ სოჭში ოლიმპიადის ჩატარებისთვის უამრავი პრობლემაა. კავკასიაში დაპირსპირება კი მშვინიერი ყურადღების გადასატანი იქნებოდა. ასეთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება.
ჟურნალისტი: როგორ აფასებთ ჩეჩნეთში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს?
ალმან ბაკაევი: დღეს, ჩეჩნეთში კადიროვს აბსოლიტური ძალაუფლება მისცეს. მოაშორეს ყველა მისი ოპონენტი. სანამ თავად რუსეთში არ შეიცვლება სიტუაცია, ჩეჩნეთიც ასე დარჩება. მთავარია პოლიტიკური ნება შეიცვალოს თავად კრემლში.
http://news.ge/ge/news/story/57193-alman-b...atsias-gegmavda