
2009 წლის 15 ნოემბერს, კვირა დილით, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა სერბეთის რიგით 44-ე პატრიარქი პავლე (ერისკაცობაში გოიკო სტოიჩევიჩი). იგი 1990 წლის 2 დეკემბრიდან ედგა სერბეთის ეკლესიას სათავეში. სრული წოდებაა 'მისი უწმინდესობა, პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად–კარლოვალის მიტროპოლიტი, პატრიარქი სრულიად სერბეთისა'.
პატრიარქი მთელ ქვეყანაში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ მძიმედ გახდა ავად გულისა და ფილტვების გამო და ამ ხნის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მან გადადგომაზე გააკეთა განცხადება, მაგრამ სერბეთის ეკლესიამ მიიჩნია რომ ის სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქი უნდა ყოფილიყო და მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
პატრიარქ პავლეს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები:
"შეუძლებელია, დედამიწა ვაქციოთ სამოთხედ, მაგრამ ხელი უნდა შევუშალოთ ჯოჯოხეთად ქცევაში".
"თუკი ყველაფერს თავისი დრო აქვს, ვილოცოთ, რომ ჩვენი ცხოვრების წლები იქცეს ქრისტიანულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა განახლების ჟამად, უფალმა მოგვმადლოს ჟამი ტავისუფლებისა, სიმართლისა, თანხმობისა,თავდადებისა, შრომისა და გამაერთიანებელი სიყვარულისა."
1996 წელს პატრიარქი პავლე საქართველოში ჩამობრძანდა და შეხვდა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ილია II-ს.
პატრიარქი უაღრესი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ქუჩაში ან ფეხით დადიოდა, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ტრამვაი, ავტობუსი).


ერთხელ, სინოდის სხდომის ჩატარებამდე პატრიარქმა გარეთ ძვირადღირებული მანქანები დაინახა და იკითხა, ვისიაო. უპასუხეს, მღვდელმთავრებისო. პატრიარქმა თქვა, რჯულის კანონი სიმდიდრესა და ამპარტავნებას კრძალავს და წარმოიდგინეთ, რომ არ ეწეროს, რას იზამდნენო.
პატრიარქი პავლე მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე ასაკოვანი პატრიარქი იყო. მასზე და მის თავმდაბლობაზე ხშირად წერდნენ სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალ-გაზეთები. მისი სიკვდილის შემდეგ მთელ სერბეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს.
სერბეთის პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა და დელეგაციის წევრებს სერბეთის ეკლესიისადმი სამძიმრის წერილი გაატანა.
პატრიარქ პავლეს წმინდა საბას სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ და ანდერძისამებრ, რაკოვიცის მონასტერში დაკრძალავენ.
წმინდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოვალეობას ჩერნოგორიის მიტროპოლიტი ამფილოქე შეასრულებს.