http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...zthan.html?ar=Aპაატა ზაქარეიშვილი - იმდენად იოლად ხდება დაკავებულთა გათავისუფლება, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი თამამად მუშაობს გამყოფ ხაზთან
მდენად იოლად და ეფექტურად ხდება დაკავებულთა გათავისუფლება, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი უფრო თამამად მუშაობს გამყოფ ხაზთან, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტების გახშირების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ძალიან ეფექტურ ზომებს იღებს და მოლაპარაკებებში ძირითადად ჩართულია შს სამინისტრო. "ფაქტია, რომ ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ და ის ხალხი, ვინც ამ შემთხვევაში აწარმოებს გარკვეულ სამუშაოს გამყოფი ხაზის გასწვრივ და ხდება საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, დარწმუნებულია, რომ საქართველო მათ გვერდში დგას და მართლაც ძალიან ეფექტურად, სწრაფად ვახდენთ ამ ხალხის გათავისუფლებას. თუმცა, ყველას მოვუწოდებთ და ვთხოვთ, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ გამყოფი ხაზის გასწვრივ, მითუმეტეს ახლა, ივნისში დაგეგმილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტში გამორიცხული არ არის შედარებით მეტი ზემოქმედება და პროვოკაციები, ვინაიდან ყველაზე უფრო სუსტი ადგილი ჩვენი არის ჩვენი მოქალაქეები, როცა მათ წინააღმდეგ ხდება ზემოქმედება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა და მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ გამყოფ ხაზთან გადაადგილებისას.
ამასთან, ზაქარეიშვილის განცხადებით, ის მრავალი წელია დაკავებულთა გათავისუფლების მოლაპარაკებებშია ჩართული და ისე სწრაფად დაკავებულთა გათავისუფლება, როგორც ახლა ხდება, არასდროს ხდებოდა.
"ზომების მიღება ხდება რეგულარულად. ამ საკითხში ჭიპი მაქვს მოჭრილი. 20 წელია ვმუშაობ და ასეთი წარმატებული მოლაპარაკებები გათავისუფლებებზე, პრაქტიკულად არ მახსოვს არასდროს, რომ 4-5 დღეში ადამიანებს ათვისუფლებდნენ. ამას 2 მხარე აქვს, სამწუხაროა, რომ ადამიანებს აპატიმრებენ, მაგრამ მეორე მხარეა ის, რომ იმდენად იოლად ხდება და ეფექტურად მათი გათავისუფლება, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი თამამად მუშაობს იმ რეგიონში, სადაც ადრე თავს იკავებდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ ამ ადამიანებს გათავისუფლებისთვის ჯარიმის გადახდა უწევთ, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ნამდვილად არ იხდის ამ გადასახადს, თუმცა ვინ იხდის, არ იცის.
ბოლო პერიოდის განმავლობაში საჩხერის რაიონში საოკუპაციო ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ისინი როგორც წესი ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავთ, შემდეგ დეფაქტო სასამართლოში ასამართლებენ და 2000 რუბლის ოდენობით ე.წ. ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ.