რუსთავში ხვალ, საქართველოში პირველი საერთაშორისო სკაუტური ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართება. ცენტრი საქართველოში სკაუტინგის განვითარების ხელშეწყობას, ქვეყანაში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერას და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
რუსთავის სკაუტური ცენტრის შემადგენლობაში შედის ევროპული სტანდარტის საცხოვრებელი შენობა, ახალგაზრდული ცენტრი და საბანაკე ტერიტორია. ცერემონიას "კავკასიის თანამშრომლობის ფონდი ახალგაზრდების განვითარებისათვის" პრეზიდენტი ბრუნო ჯიმელი და კანდერშტეკის (შვეიცარია) საერთაშორისო სკაუტური ცენტრის წარმომადგენლები გახსნიან.
ღონისძიებას სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია, კანდერშტეკის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი, (შვეიცარია) კავკასიის თანამშრომლობის პროექტის, რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შვეიცარიის ელჩი, ქართულ-შვეიცარული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი, გარემოს დაცვის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ჯომარდობისა და პარაგლაიდინგის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში მიწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცემათ დაათვალიერონ ქემფსაითის ტერიტორია, ჰოსტელი და საერთაშორისო სკაუტური ცენტრის შენობები, გაეცნონ ინფორმაციას სხვადახვა ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების და კლუბების შესახებ, სკაუტური თემატიკის ფარგლებში იხილონ თეატრალური წარმოდგენა, ჩაერთონ ინტელექტუალურ თამაშებში და სხვადასხვა სკაუტურ აქტივობებში. ასევე, დაათვალიერონ საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების შესახებ ფოტო-გალერეა.
ცერემონიაზე შესრულდება სკაუტური ჰიმნი, საზეიმოდ აღიმართება საქართველოს, შვეიცარიის, მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის, საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის და საერთაშორისო სკაუტური ცენტრის დროშები.
საბანაკე ტერიტორიაზე მოეწყობა ქართული კუთხე ძველ ქართულ ტანისამოსში გამოწყობილი მომსახურე პერსონალით, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მწვადის შეწვაში, ჩურჩხელების ამოვლებასა და ქართული სამზარეულოს დაგემოვნებაში.
ღონისძიება ნაციონალური ცეკვებითა და სიმღერებით იქნება გაფორმებული, ჩატარდება ჯგუფ "შელბი"-ს კონცერტი, საღამოს გრანდიოზული ფოირვერკი დაასრულებს.
მიწვეულ სტუმრებს სიმბოლურად საჩუქრებიც გადაეცემათ.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/24...i-ikhsneba.html