http://www.accent.com.ge/politika/998-paat...html?lang=ka-GEნობილი საოპერო მომღერლისა და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ”ქართველ ახალგაზრდობაში რუსული კულტურის მიმართ გაუცხოება პოლიტიკოსების მიერ ხელოვნურადაა შექმნილი".
ამის შესახებ ბურჭულაძემ 2012 წლის 26 მარტს, რუსულ გამოცემა "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა.
”ქართველ ახალგაზრდობაში რუსული კულტურის მიმართ გაუცხოება პოლიტიკოსების მიერ ხელოვნურადაა შექმნილი. მას შემდეგ, რაც საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა და პრობლემები შეიქმნა, ვცდილობ, რუსეთში ხშირად ჩავიდე. საჭიროა, ჩვენს ერებს შორის კონტაქტებს მთელი ძალებით მხარი დავუჭიროთ. მე ამით ვცდილობ, ჩვენს ურთიერთობაში მცირეოდენი სითბო შემოვიტანო. საჭიროა, რაც შეიძლება, სწრაფად გადავლახოთ ეს კრიზისული პერიოდი. ვფიქრობ, პიკმა უკვე ჩაიარა", - ეს არის ამონარიდი ინტერვიუდან.
მისივე თქმით, ”მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში სხვა ბევრი კარგი მეზობელი გვყავს, ქართველებისთვის რუსებზე უახლოესი ხალხი, სარწმუნოების, მენტალობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არ არსებობს”.
ამასთან, ინტერვიუში ბურჭულაძე იმასაც აღნიშნავს, რომ თავს დღემდე საბჭოთა მოქალაქედ თვლის.
”როგორ შემიძლია, თავი საბჭოთა მოქალაქედ არ ჩავთვალო, როცა საბჭოთა კავშირში გავიზარდე?! მე მეგობრები დამრჩა რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში... განა ამის დავიწყება შეიძლება?! და როგორ შემიძლია, ახლა შევიცვალო? ჩვენ ყველას ერთი აღზრდა გვაქვს, ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის. მე ვთვლი, რომ ბედმა გაგვიღიმა, რომ ყველა ერთ დიდ ქვეყანაში გავიზარდეთ, სადაც ძალიან ბევრი კარგი რამ იყო. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის, ერთი აზროვნება გვაქვს და იმ ცხოვრებიდან ურთიერთსიყვარული შეგვრჩა. ვწუხვარ, რომ ჩვენი შვილიშვილები ერთმანეთისთვის უცხოები იქნებიან. ჩემთვის ეს ძალიან არასასიამოვნოა. რუსული საოპერო სკოლა შენარჩუნდა და თან როგორ! მე ვის წარმოვადგენ? მე წარმოვადგენ რუსულ საოპერო სკოლას, რომელიც ძველებულად ძლიერ ფუნდამენტზე დგას. მე ვსწავლობდი მშვენიერ პედაგოგთან - ევგენი ივანოვთან. მთელს მსოფლიოში წარმადგენენ, როგორც რუსულ ბანს და მე ამით ვამაყობ", - აცხადებს ის.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბურჭულაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებაზე ხშირად იყო საუბარი, დღეს კი, დადასტურდა, რომ ამ საკითხზე მასთან მოლაპარაკებებს ქართული დასი და პარტია ”თავისუფალი საქართველო” აწარმოებს.
შემოთავაზებას არ უარყოფს თავად ბურჭულაძეც, თუმცა აცხადებს, რომ ჯერჯერობით, თავს იკავებს.
”არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი. არასამთავრობოებისგან ძალიან ბევრი რჩევა იყო. თხოვნა იყო საზოგადოებისგან, პოლიტიკოსებისგან, რომ მე გადამედგა ეს ნაბიჯი როგორც - უპარტიოს. მე თავს ვიკავებ. არ ვარ ჩამოყალიებებული, არც უარს ვამბობ და არც - თანხმობას. რაც თავი მახსოვს, სულ იყო ჩემი გადაბირების მცდელობა პოლიტიკაში და ყოველთვის ვარიდებდი ამას თავს, ყველა მთავრობის დროს და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი", - განაცხადა ბურჭულაძემ.
თავის მხრივ კი, როგორც ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, ბურჭულაძესთან მოლაპარაკებებს არა მარტო - თავისი, არამედ პოლიტიკური სპექტრის საკმაოდ დიდი და პოპულარული ნაწილის სახელით აწარმოებს.
„ვაწარმოებ მოლაპარაკებას პაატა ბურჭულაძესთან არა - მარტო ჩემი სახელით, არამედ პოლიტიკური სპექტრის საკმაოდ დიდი და პოპულარული ნაწილის სახელით, ასევე, ქართული საზოგადოების, საზოგადოებრივი მოძრაობების, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის სახელით. დღეს საქართველოს სჭირდება ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც შეძლებს დააბალანსოს და დაამარცხოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ, ვინ შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო, მადლობა ღმერთს, ბევრი ღირსეული კანდიდატი არის საქართველოში, მაგრამ პაატა ბურჭულაძეს აქვს ყველაზე მაღალი ნდობა ქართულ საზოგადოებაში“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე 1955 წლის 12 თებერვალს თბილისში დაიბადა. მუსიკალური განათლება თბილისში მუსიკის პედაგოგ ოლიმპი ჭელაშვილთან მიიღო. სწავლის პერიოდში უკვე, წარმატებით მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. განსაკუთრებული ნიჭის გამო, მიიღო სტიპენდია, რამაც მას საშუალება მისცა მაინლანდში ჯულიეტა სიმიონატის და ედუარდო მულერის ხელმძღვანელობით სწავლა გაეგრძელებინა.
უკვე 1981 წელს მოიპოვა პირველი ჯილდო მუსიკალურ კონკურსში - Voci Verdiane, (ბუსეტო, იტალია). 1982 წელს ოქროს მედლით გაიმარჯვა ცნობილ მოსკოვის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში. 1985 წელს კი, გაიმრჯვა ლუჩიანო პავაროტის კონკურსში (ფილადელფია, აშშ). ხოლო ამ მნიშვნელოვან კონკურსებში წარმატებების შემდეგ, ევროპის და ჩრდილოეთი ამერიკის სცენებზე წარმატებული გზის გაგრძელება შეძლო.
1982 წელს ჩაიკოვსკისა და“ვერდის ხმების” ლაურეატი, ლონდონის სამეფო თეატრის “კოვენტ გარდენის” სცენაზე ლეგენდარული ლუჩანო პავაროტისა და კატია რიჩარელის გვერდით პირველად გამოჩნდა (ვერდის ოპერაში “აიდა”). ლუჩანოს გამონათქვამი - “მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის შევა საოპერო ხელოვნების ისტორიაში, როგორც ყველა დროის გამოჩენილი მომღერალი”, მაშინ გაზეთში დაიბეჭდა (“Совершенно секретно” (1992წელი).
1986 წელს პაატა ბურჭულაძე მიენიჭა მარია კალასის სახელობის კონკურსის პირველი პრემია.
1986 წლის 17 მარტს ქალაქ ვენის მერიის მიერ ოფიციალურად დამტკიცდა პაატა ბურჭულაძის თაყვანისმცემელთა ფან-კლუბი. ფან-კლუბის შექმნის იდეა ეკუთვნოდა მაყურებელთა ჯგუფს, რომელთაც გადაწყვეტილება სისრულეში ვერდის ოპერის - “ლუიზა მილერის” პრემიერის შემდეგ მოიყვანეს.
1987 წელს მსოფლიოში ბურჭულაძე ცნობილმა დირიჟორმა ჰერბერტ ფონ კარაიანმა მიიწვია ზალცბურგში მოცარტის ”რეკვიემში” მონაწილეობის მისაღებად. რეკვიემის შემდეგ კარაიანმა აღნიშნა: “პაატა ბურჭულაძე მეორე შალიაპინია, როგორი ძალა და უბადლო ტალანტია, ვგონებ დღევანდელ მსოფლიოში არ მოიძებნება მომღერალი, რომელიც მას შეედრება, დღეს ის ერთადერთია და განუმეორებელი.”
1998 წლის 12 თებერვალს რუსეთის პიროვნების პალატამ, რუსეთის პატრიარქის ალექსი II ლოცვა-კურთხევით, რუსული ოპერებისა და ნაწარმოებების საუკეთესო შესრულებისათვის პაატა ბურჭულაძეს თავადის წოდება მიანიჭა, ცერემონიალი ვენის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაიმართა.
პაატა ბურჭულაძეს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორის პრემია და ჯილდო. მღერის მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში. არის საქართველოს სახალხო არტისტი, გერმანიისა და ქალაქ ათენის საპატიო არტისტი.
მომღერალი, რომელიც შესულია თანამედროვე საოპერო ხელოვნების თითქმის ყველა ენციკლოპედიურ გამოცემაში, ადამიანის უპირველეს მოვალეობად ქველმოქმედებას მიიჩნევს.
2004 წელს პაატა ბურჭულაძის ინიციატივით ,საქართველოში დაარსდა უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი “იავნანა”. 2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ საქველმოქმედო საქმიანობისთვის პაატა ბურჭულაძე გაერო-ს კეთილი ნების ელჩად იქნა არჩეული.
ასევე აღსანიშნავია, რომ სწორებ ფონდი "იავნანას" მეშვეობით ათობით ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა.