ხელები შორს "რუსთავი 2"-დან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას "რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ივანიშვილმა დღევანდელ გამოსვლაში განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ "რუსთავი 2"-ის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება.
"მინდა მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყონებლივ შეწყვიტოს ეს გამოძიება. ძალიან ბევრი რაღაც დაბრუნდა შევარდნაძის დროიდან დღევანდელ საქართველოში. "რუსთავი 2"-ზე თავდასხმა იყო ერთ-ერთი ყველაზე მწარე პერიოდი შევარდნაძის მმართველობის. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ამ თემაზე და უამრავი ადამიანის დაკითხვა ხორციელდებოდა ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში. მე ეს ზედმიწევნით კარგად ვიცი, ეს არის ძალიან საშიში პროცესი. ჩემი ინფორმაციით, რომელიც ვფიქრობ, რომ დღეს პრაქტიკულად თავისით დაადასტურა პრემიერმა, ეს პროცესი მივა დასასრულამდე და "რუსთავი 2"-ში სამართალდამცავების უხეშ ჩარევამდე. კარგად ვიცი პრემიერის ლოგიკა", – განაცხდა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ივანიშვილი როცა ამბობს, რომ საქმეში არ ერევა და ეს არის სამართლებრივი პროცესი, იქიდან ცოტა ხანში ადამიანებს აპატიმრებენ.
"მინდა გავაფრთხილო პრემიერი, ხელები შორს ყველას "რუსთავი 2"-დან. იმიტომ, რომ ეს საქართველოში არის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი ათწლეულების მონაპოვარია და ასევე ეს არის კავშირში არჩევნებთან. არჩევნები ჩაითვლება დემოკრატიულად, თუ ყველას აქვს ინფორმაციაზე წვდომა, თუ ქვეყანაში არ არიან პოლიტპატიმრები და ქვეყანაში არის თავისუფალი გარემო. ეს საკითხები უნდა იყოს მთელი საზოგადოების ზრუნვის წყარო", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელების საქმე მიმდინარეობს. საუბარია ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელზე, რომლებიც თავს ტელეკომპანიის 60%-ის კანონიერ მესაკუთრეებად თვლიან.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება პოლიტიკური ჩარევა.
"როგორც ვიცი, გამოძიება მიდის. ვიცი, რომ მათ გარდა ქიბარ ხალვაშსაც აქვს პრეტენზია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...avi-2q-dan.html