საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან მოსამართლეების მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფა, სასამართლოს დისკრედიტაციის პირდაპირ მცდელობას წარმოადგენს.
ამის შესახებ კუბლაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, მხარეებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიტინგების ფონზე არ შეიცვლება, ვინაიდან გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე და მისი შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.
"დაახლოებით 2 კვირის წინ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ჩემი პირველი მოადგილის შესახებ იყო საუბარი ისეთ კონტექსტში, რომელიც პირდაპირ შეიცავდა შეურაცხყოფას. შემდეგ, ახალციხეში მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე, იყო საუბარი საერთოდ სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და მოსამართლეებზე ზოგადად. ბოლოს იყო თბილისის მერისგან საუბარი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში კონკრეტული მოსამართლეების მიმართ და მათი შეურაცხყოფა. თითოეულ ამ ფაქტთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ ასეთი ფაქტი ხელსუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან, სასამართლოს დისკრედიტაციის პირდაპირი მცდელობაა. მინდა კატეგორიულად ვთქვა, რომ საბოლოო შედეგს, ისინი ამით ვერ მიიღებენ, მაგრამ ამით ისინი ძირს უთხრიან სასამართლოს და მთლიანად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენენ. თქვენ ხშირად გაგიგონიათ მწვავე კრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და ეს ბუნებრივია და ეს კრიტიკა ასატანია. მაგრამ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი გამოდის და ამბობს, რომ მან იცის, რომ იქ მტკიცებულებები არსებობდა და ამიტომ ეს გადაწყვეტილება უსამართლოა, ეს უკვე დაუსაბუთებელი კრიტიკაა, რადგან მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიტინგების ფონზე არ შეიცვლება. ეს უნდა გასაჩივრდეს და მხოლოდ ასე შეიძლება ამის შეცვლა", - განაცხადა კუბლაშვილმა.
http://www.iveroni.com.ge/politika/37274-k...html?lang=ka-GE