#37162896 · 8 Jul 2013, 16:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გერმანიის ელჩი საქართველოში: არჩევნების შემდეგ ქართული საზოგადოება უფრო თავისუფალი გახდა 2013-07-08 15:12:28
არჩევნების შემდეგ ქართული საზოგადოება უფრო თავისუფალი გახდა, ამის შესახებ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ცდილობს ახალი სახელმწიფოს აშენებას, რომელიც დემოკრატიული უნდა იყოს. გარდა ამისა, საქართველომ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს გლობალიზებულ სამყაროში, ყველაფერი ეს კი ერთდროულად უნდა გაკეთდეს, რაც, დიპლომატის შეფასებით, იოლი არ იქნება, თუმცა, როგორც ჰენიგი ამბობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპულ ქვეყნებს ამისთვის ხანგრძლივი დრო დასჭირდათ.
„იმედი მაქვს, საქართველო სწორ გზაზე დგას. პირველი, რაც თვალში გვხვდება: საქართველოში კოჰაბიტაცია დიდად ვერ შედგა. ვფიქრობ, საქართველო არც მენტალურად და არც ინსტიტუციონალურად არ იყო მომზადებული ასეთი სიტუაციისთვის. მსგავსი რამ საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. ყველაფერს სწავლა სჭირდება,“ – აცხადებს გერმანიის ელჩი და ამბობს, რომ კოჰაბიტაცია განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი რთული მისაღწევია.
მისი თქმით, ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი მასში ეჭვს არ ბადებს. მეტიც: არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პლურალიზმი იზრდება, მედიას მეტი თავისუფლება მიეცა, სამოქალაქო საზოგადოება ვითარდება, არის რეფორმები განათლების სფეროსა და იუსტიციაში.
„ზოგადად, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული საზოგადოება უფრო თავისუფალი გახდა და ქართველები უფრო თამამად გამოთქვამენ საკუთარ აზრს. ამაში არცთუ უკანასკნელი დამსახურება მიუძღვის მოსახლეობაზე კონრტოლის და თვალთვალის მნიშვნელოვან შემცირებას,“ – აცხადებს ორთვინ ჰენიგი. ამასთან, ელჩი ამბობს, რომ ყველაფერი ერთბაშად არ იცვლება დ ცვლილებები, პირველ რიგში, ადამიანთა თავებში უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, გერმანიისთვის საქართველოს მიმზიდველობაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ გერმანია ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინვესტორია, საქონელბრუნვის მიხედვით კი თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ჩინეთის შემდეგ მეხუთეა.
„2012 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 592 მილიონ ევროს მიაღწია, საიდანაც დაახლოებით 70% გერმანულ იმპორტზე მოდის. მნიშვნელოვან როლს კერძო ინვესტორებს შორის ასრულებს Heidelberg Cement–ი. გარდა ამისა, ქვეყანაში მუშაობს ProCredit Bank–ის, Lufthansa–ს, Knauf–ისა და სხვა მსხვილი და საშუალო გერმანული კომპანიების წარმომადგენლობები,“ – აცხადებს ორთვინ ჰენიგი.
მისი თქმით, კერძო ინვესტორების გარდა, გერმანია აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო დონეზე, სხვადასხვა პროექტში, რომლებიც სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტურასა და ენერგორესურსებს უკავშირდება[B]
|