წყარო:
http://www.ireporter.ge სექსი ბიცოლა მუსლიმთა უფლებების სადარაჯოზე
გუშინ სამთაწყაროში, ორთვიანი მუქარისა და დაშინების გამო, მუსლიმთა ლოცვა, ვფიქრობ, დიდი დროით შეწყდა; ვერცერთი სამთაწყაროელი მუსლიმი ვეღარ გაბედავს მეჩეთში მისვლას; ადგილობრივმა ხოჯამ, რომელიც პერმანენტული თავდასხმების მსხვერპლია, დატოვა სოფელი; მუქარების ავტორები, სამთაწყაროელლი “ქრისტიანების” გარდა, სოფლის რწმუნებული და შშს-ს თანამშრომლებიც არიან, – “ჩაგალპობ ციხეში”, ასე უთხრეს ხოჯას სამართლადამცველებმა; დედოფლისწყაროს გამგებელი, ირაკლი შიოლაშვილი, თავხედურად აცხადებს, რომ სამთაწყაროში სოფლის უმრავლესობა გადაწყვეტს, უნდა ილოცოს თუ არა უმცირესობამ; ამ ფონზე პატრიარქი ცინიკურად მოუწოდებს მუსლიმებს, თუ სხვაგან გიკრძალავენ, საპატრიარქოში მოდით და ილოცეთო. ამ მძიმე ამბავში ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, თავის მუსლიმ მოქალაქეებს უთხრა, რომ ეს მათი სახელმწიფო არ არის. თავის დროზე, სწორედ ასე უთხრეს აფხაზებსაც და ოსებსაც, რომ საქართველო, მათი არ იყო.
[ნაწყვეტი]
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს რწმუნებულის – გულო ნადირაშვილის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისციპლინურ გადაცდომას. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს, შეისწავლოს სოფლის რწმუნებულის – გულო ნადირაშვილის ქმედებების კანონიერება და დადგეს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი.
ინციდენტის დროს, ადგილზე იმყოფებოდა შსს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს არხილოსკალოს განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების ორი თანამშრომელი: იმედა თაგოშვილი და მამუკა სარდალაშვილი. მუსლიმთა განმარტებით, პოლიციის წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს მხოლოდ ის, რომ ადგილზე მისული მოსახლეობა ფიზიკურად არ გასწორებოდა მლოცველებს. თუმცა, მათ წინააღმდეგობა არ გაუწევით მოსახლეობისათვის, რომ არ შეჭრილიყვნენ სამლოცველოში.
სოფელ სამთაწყაროს მუსლიმთა წინამძღვრის – სულიკო ხოზრევანიძის განმარტებით, 2013 წლის 07 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, მის საცხოვრებელ სახლთან შავი ფერის ავტომანქანით მივიდა ორი უცნობი. მათ თავი გააცნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად და უთხრეს, რომ იყვნენ ქ. თბილისიდან ჩასულები. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირებმა მას ბრალი დასდეს სოფელში რელიგიურ ნიადაგზე არსებულ დაძაბულობაში. ასევე, ბრალს სდებდნენ, სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა სამლოცველოს გახსნის სანაცვლოდ თანხის აღებაში.
სულიკო ხოზრევანიძის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან საუბრის დროს, მათთან მივიდა ვინმე სერგო ჯაიანი, რომელიც მიესალმა უცნობებს და ხელით ანიშნა, რომ წასულიყვნენ. უცნობების წასვლის შემდეგ, მუსლიმთა წინამძღოლი სახლში შებრუნდა.
დაახლოებით 20-30 წუთის გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ მივიდნენ სულიკო ხოზრევანიძის სახლთან და სთხოვეს წასულიყო მათთან ერთად. ეუბნებოდნენ, რომ შესულიყო სალოცავში და შეესრულებინა პარასკევის ლოცვა. ასევე, მოითხოვდნენ, დაესახელებინა იმ პირების ვინაობა, ვინც ლოცვაში ხელს უშლიდა. მუსლიმთა წინამძღოლის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მისდამი დამოკიდებულება იყო დამცინავი.
როგორც სულიკო ხოზრევანიძის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, იგი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიყვანეს მის თანამორწმუნე პარმენ ცეცხლაძესთან, რომელსაც ასევე უთხრეს წასულიყო სალოცავად. პარმენ ცეცხლაძემ, თავის მხრივ, უარი განაცხადა პარასკევის ლოცვის შესრულებაზე.
სოფელ სამთაწყაროს მუსლიმთა წინამძღოლის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას ემუქრებოდნენ დაპატიმრებით. კერძოდ, ეუბნებოდნენ, რომ „ციხეში ამოალპობდნენ“. სულიკო ხოზრევანიძის განმარტებით, უცნობებთან საუბრის დროს, მას ტელეფონით უკავშირდებოდნენ ჟურნალისტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მისივე თქმით, უცნობები უშლიდნენ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემას.
This post has been edited by 7171 on 13 Jul 2013, 21:07