„ვაზაგაშვილის მკვლელობა ირაკლი ფირცხალავას დაგეგმილია“, - ამის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა თანამშრომელმა, გელა მებონიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან განმარტა, ამის შესახებ საჯაროდ პირველად განაცხადა. მებონიას თქმით, პირველი გასროლა ვაზაგაშვილის მანქანის მიმართულებით სპეცრაზმელმა მოახდინა, თუმცა მანქანიდან საპასუხო სროლა არ განხორციელებულა, რადგან პირველივე სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, მანქანა შეეჯახა განათების ბოძს და მართვის საშუალება დაკარგა, ხოლო სპეცნაზის მხრიდან მანქანის მიმართულებით მრავლობითი სროლა დაფიქსირდა. იმ ფაქტს, რომ მანქანიდან გასროლა არ მომხდარა, მებონია მანქანიდან ამოღებული იარაღების გამოუყენებლობით ამყარებს, რომელიც, მისი თქმით, პოლიციელებმა ავტომობილის დათვალიერების შედეგად ვერ აღმოაჩინეს და ფირცხალავას მითითებით მიიტანეს. „ჩემი თვალით ვნახე მანქანაში „ვალტერისა“ და „ჩეზეს“ სისტემის იარაღები, რომელთა მჭიდებიც სავსე იყო, ხოლო, ლულა ბოლის კვალს არ შეიცავდა“. მებონია აღნიშნული განცხადების შემდეგ, ჩვენების მისაცემად მთავარ პროკურატურაში წავიდა.
მებონიას განცხადებას უკვე გამოეხმაურა ყოფილი პოლიციელი ირაკლი ფირცხალავა და იგი სიცრუეში დაადანაშაულა. „მებონია შემთხვევის ადგილზე ვერანაირად ვერ შევიდოდა, რადგან იქ შინაგან საქმეთა მინისტრსაც არ ჰქონდა შესვლის უფლება“, - განაცხადა ფირცხალავამ.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=22961