"მაკროეკონომიკური პარამეტრების შემცირება საბიუჯეტო შემოსავლებზე უარყოფითად აისახება და სოციალური პროგრამები ვეღარ განხორციელდება"
15:59 31.07.2013
ექსპერტის ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძის შეფასებით, "მაკროეკონომიკური პარამეტრების შემცირება საბიუჯეტო შემოსავლებზე უარყოფითად აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს ვეღარ განახორციელებს".
ამის შესახებ კალანდაძემ "პირWელს" სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის -0.8%-მდე შემცირების მიზეზებზე საუბრისას განუცხადა.
"როცა ჩვენ ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდით, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრების შემცირების საშიშროება იყო, ხელისუფლებამ ამ საკითხისადმი ზედაპირული მიდგომა გამოიჩინა. ზოგადად, წითელ ხაზად გასდევს ხელისუფლების რიტორიკას ის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამ შემთხვევაში უარყოფითი ისაა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება ტენდენციაა, თორემ მხოლოდ რომელიმე თვეში რომ იყოს შემცირებული ეს მაჩვენებელი, განსაკუთრებით საგანგაშო არაფერი იქნებოდა. ამასთან, შემცირებულია ასევე დასაქმების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებლები. ასევე, ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რომ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებიც შემცირდა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკაში ჯანსაღი პროცესები არ მიმდინარეობს", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვარაუდს იმის შესახებ, რომ დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა არარეალისტურია და ამ მაჩვენებელმა შესაძლოა, 4.5-დან 5%-მდე შეადგინოს, კალანდაძე აღნიშნავს, რომ 4.5%-იანი ზრდაც პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკას.
"ეკონომიკა ბიზნეს აქტიურობის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდამ უნდა გამოაცოცხლოს, ხელისუფლებას კი ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და მაკროეკონომიკური პარამეტრების შემცირების ფონზე, პრაქტიკულად არაფერს აკეთებს. წლის მეორე ნახევარში ეს ყველაფერი უკვე საბიუჯეტო შემოსავლებზე უარყოფითად აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს ვეღარ განახორციელებს", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, ბიზნესი პასიურ რეჟიმშია გადასული და ეს შემაშფოთებელია.
"ბიზნესი აღარ ცდილობს, თავისი საქმიანობა პროგრესზე ორიენტირებული გახადოს, გაურკვეველ მდგომარეობაშია. პრაქტიკულად, ყველა დიდ კერძო კომპანიაში, მათ შორის ბანკებში, თანამშრომელთა შემცირება და ხელფასების დაახლოებით, 30-40%-ით კლება მიდის, რაც მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე უარყოფითად აისახება", - აღნიშნა კალანდაძემ.
ექსპერტის აზრით, ხელისუფლება ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს განვითარებაზე არაა ორიენტირებული, არ აქვს შესაბამისი პოლიტიკა და არც ცდილობს მის შემუშავებას.
როგორც ლევან კალანდაძემ განაცხადა, მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ასევე ფინანსთა სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
"ჩემს შეთავაზებაზე არაადექვატური პასუხი მივიღე. მითხრეს, რომ ეს გეგმა არ სჭირდებათ, რადგან ქვეყანაში კრიზისი არაა და როცა ასეთი მდგომარეობა იქნება სახეზე, მხოლოდ მას შემდეგ შეიმუშავებენ გეგმას. მინდა, ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც საბიუჯეტო კრიზისი დადგება, ანტიკრიზისული გეგმა საქმეს არ უშველის", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ამასთან, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და ინვესტიციების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კალანდაძის აზრით ისაა, რომ ქვეყნის ახალ ეკონომიკურ გუნდს ინვესტორებისთვის არანაირი გზავნილი არ გააჩნია.
"თავდაპირველად, როცა ხელისუფლებაში მოსვლისას პრემიერი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა, თქვა, რომ ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოს, რაც კარგი მესიჯი იყო, თუმცა შემდეგ ეს მხოლოდ განცხადების დონეზე დარჩა და კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყოლია. მაგალითად, ანტიმონოპოლიური კანონი, რომელიც უკვე მზად არის, არ ამოქმედებულა, რადგან როგორც ჩანს, საამისოდ, პოლიტიკური ნება არ არის, რაც ინვესტორებისთვის ცუდი მესიჯია. ასევე ცუდი გზავნილი იყო წულუკიანის მიერ წარმოდგენილი შრომის კოდექსის თავდაპირველი ვარიანტი, რომელშიც შემდეგ გარკვეული ცვლილებები შევიდა", - განაცხადა კალანდაძემ.
რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების გავლენას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ არჩევნები ამმხრივ არსებით ცვლილებებს არ გამოიწვევს, თუმცა ბიზნესის მოლოდინის რეჟიმში ყოფნას ხელს შეუწყობს.
"ზოგადად, ნებისმიერი არჩევნები მოლოდინის რეჟიმში ჩაყენების საფუძველია, ამიტომ განსაკუთრებულ პასიურობას არ ველი, უბრალოდ, ეს პროცესი საინვესტიციო მიმართულებით აქტიურობას უფრო შეუშლის ხელს", - აღნიშნა კალანდაძემ.
მან ასევე კვირიკაშვილის მიერ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც, მომავალი წლის ბიუჯეტში დამწყები ბიზნეს კომპანიებისთვის დაფინანსების გამოყოფა იგეგმება.
"მინისტრის განცხადება პოპულისტურია. როგორ იმუშავებს ეს პროგრამა, რა პრიორიტეტები იქნება და კიდევ სხვა საკითხებზე კვირიკაშვილს არ უსაუბრია. ზოგადად სწორი და საჭიროა სტარტაპების დაფინანსება, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებას გააზრებული არ აქვს ამ პროგრამის რისკები", - აღნიშნა კალანდაძემ და დასძინა, რომ ’’ხელისუფლებამ ჯერ თავად არ იცის რას გააკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3%, ხოლო პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8% შეადგინა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის გასულ თვეებს, აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,6%, მაისში კი 0,2% იყო.
http://pirweli.com.ge/?menuid=21&id=38892