რა სტატუსით ესწრება გელა ხვედელიძე ხუხაშვილის თათბირებს რკინიგზაში?
28 ივლისი 14:14632
"სახალხო კრების" წევრი ლაშა ამირეჯიბი პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს გაარკვიოს საზოგადოება რა სტატუსით ესწრება გელა ხვედელიძე ხუხაშვილის მიერ გამართულ თათბირებს რკინიგზაში?
მისი ინფორმაციით, პრემიერის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა დაახლოებით 2 კვირის წინ რკინიგზის დეპარტამენტში ჩაატარა თათბირი, რომელსაც შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძეც ესწრებოდა, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
როგორც ამირეჯიბმა News.ge-ს განუცხადა, ხუხაშვილი და ხვედელიძე, რკინიგზის დეპარტამენტში ერთად მივიდნენ.
"საინტერესოა რა სტატუსი ქონდა მას? დღეს ბატონი ხვედელიძის მიმართ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება, ამასობაში კი, იგი ესწრება თათბირებს. ალბად, ეს დაახლოვებით ის შემთხვევაა, როდესაც მთავარმა პროკურორმა, კბილაშვილმა მას მისცა უფლება დაეტოვებინა ქვეყანა“, - ამბობს ლაშა ამირეჯიბი.
"სახალხო კრების" წევრი სოციალურ ქსელში გავრეცელებულ ხვედელიძის ქონებრივ დეკლარაციასაც იხსენებს და დოკუმენტის გამოქვეყნებას, ხვედელიძის გათეთრების გეგმის ნაწილად მიიჩნევს.
შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის ქონებრივი დეკლკარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე 2013 წლის 15 ივლისს განთავსდა.
შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის სახელზეა რეგისტრირებული თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე 150 კვ.მეტრ ფართობის ბინა.
მას მეუღლე მარეხ ფერაძე და ორი შვილი სალომე და ანა მარია ჰყავს. ბრალდებულ გელა ხვედელიძის მეუღლე მარეხი ფერაძე მსუბუქი ავტომანქანის „MERSEDES GL 2006 წ. FER 50“- მფლობელია. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გელა ხვედელიძეს „საქართველოს ბანკიდან“ 6000 ლარი სესხის სახით 2013 წლის 7 მაისს აქვს აღებული, რომელიც სრულად 2016 წლის მაისში უნდა დაფაროს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გელა ხვედელიძემ 2012 წლის 26 ნოემბერს მსუბუქი ავტომანქანა 8000 აშშ დოლარად გაყიდა. დეკლარაციის თანახმად, გელა ხვედელიძის მეუღლე მარეხი ფერაძე 15 000 აშშ დოლარის მფლობელია, ხოლო მის შვილზე სალომე ხვედელიძეზე 6000 აშშ დოლარია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის განცხადებით, "2013 წლის 14 მაისს გელა ხვედელიძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სხვისი პირადი საიდუმლოს უკანონოდ ხელყოფისთვის, იმ პირის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან პირადი მოტივით მოქალაქე გიორგი ფარესიშვილთან ანგარიშსწორების მიზნით ინტერნეტსივრცეში უკანონოდ გაავრცელა, მისი შეცნობით მოქალაქე გიორგი ფარესიშვილისა და სხვა ორი პირის პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
იმავე დღეს ბრალდების მხარემ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ გელა ხვედელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ და აღნიშნულ მოთხოვნას სასამართლოში მხარი დაუჭირა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და 2013 წლის 15 მაისს ბრალდებულ გელა ხვედელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გელა ხვედელიძემ სასჯელაღსრულების სამინისტროს საპატიმრო დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ დატოვა და გამოძიება დღემდე გრძელდება.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა პაიჭაძის ინფორმაციით, გელა ხვედელიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დასრულებულა და დამატებითი ექსპერტიზაა დანიშნული.
http://news.ge/ge/news/story/60565-ra-stat...ebs-rkinigzashi