საგამოძიებო სამსახური მერიის მაღალჩინოსნების ჩვენებებს აქვეყნებს
საგამოძიებო სამსახური "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე მერიის მაღალჩინოსნების: დავით ალავიძის, დავით ავალიანის და ალექსი თაბუაშვილის ჩვენებებს აქვეყნებს.
ჩვენებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული. აღნიშნული პირები ბრალს სრულად აღიარებენ. საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული "თბილისის განვითარების ფონდი"-დან ათეულობით მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის ფაქტს.
"დადგენილია, რომ გიორგი საბანაძის, დავით ალავიძის, დავით ავალიანის, ალექსი თაბუაშვილის და დიმიტრი ჩხეიძის მიერ ორგანიზებულად 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, სხვადასხვა ხერხით განხორციელდა სახელმწიფოს კუთვნილი 48 930 822 ლარის მითვისება-გაფლანგვა, რაც გამოყენებულ იქნა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ხარჯების დასაფარად.
მიმდინარე წლის 26 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით, საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ აიპ "თბილისის განვითარების ფონდი"-დან საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე, ბრალდებულებს თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს დავით ალავიძეს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ავალიანს, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროს ალექსი თაბუაშვილს და მთაწმინდა- კრწანისის გამგებლის ყოფილ მოადგილე დიმიტრი ჩხეიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, რასაც საფუძვლად დაედო ბრალდებულების მხრიდან ბრალის სრულად აღიარება და გამოძიებასთან მათი თანამშრომლობა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...-aqveynebs.html