ძალიან კარგი ინტერვიუა კარგ ეკონომისტთან. ყველას გირჩევთ.
ინტერვიუ ეროვნული ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მერაბ კაკულიასთან
- დავიწყოთ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით და მთავარი საკითხით – ეკონომიკური ზრდის შენელებით. სად უნდა ვეძიოთ მისი სათავე? - ეკონომიკური ზრდის შენელება საქართველოში, 2012 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. არჩევნების შემდეგ ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ეკონომიკური აქტივობის შესუსტებას საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები და სარეიტინგო სააგენტოები მეტწილად წინასაარჩევნო კამპანიასა და ხელისუფლების ცვლილებას უკავშირებენ. ამ პოლიტიკური მოვლენების როლი მშპ-ს ზრდის ტემპების დაცემაში რიგი მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებაში გამოვლინდა.
- რა გავლენა ჰპოვა ამ პოლიტიკურმა ძვრებმა ეკონომიკაზე, რა შეიცვალა ეკონომიკაში, რა მიმართულებებით შეიქმნა პრობლემები?- ეკონომიკური ზრდის ტემპების ვარდნა მნიშვნელოვანწილად გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრმა კლებამ, რომელთა ჯამური მოცულობა ბოლო სამ კვარტალში (2012 წლის მეორე და მესამე და 2013 წლის პირველ კვარტლებში) 2011-12 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით 35%-ით დაეცა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში პირდაპირი ინვესტიციები მეტ-ნაკლებად ყველა ძირითად დარგში შემცირდა.
როგორც ჩანს, უცხოელმა ინვესტორებმა საკმაოდ მძაფრად აღიქვეს საპარლამენტო არჩევნებთან და ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, რამაც გამოხატულება ჰპოვა ქცევის მოდელში, რომელსაც ”მოიცადე და დააკვირდი” (wait and see) ეწოდება.
ახალი მთავრობის მოსვლამ ხელისუფლებაში მეტ-ნაკლებად მსხვილი ადგილობრივი ინვესტორებიც დააფრთხო, რადგანაც არჩევნების შემდეგ კარდინალურად შეიცვალა მთავრობის მიდგომა ქართული ბიზნესის მიმართ, რომელსაც ადრე ელიტურ და პოლიტიკურ კორუფციაზე დაფუძნებული ”თამაშის წესები” განსაზღვრავდნენ.
ინვესტიციების შემცირება ნათლად აისახა ეროვნულ ანგარიშებში: მთლიანი კაპიტალის ფორმირების წლიური ზრდის ტემპი 2012 წლის მესამე კვარტალში მკვეთრად დაეცა, მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 2%-ით, ხოლო 2013 პირველ კვარტალში - თითქმის 16%-ით შემცირდა.
- კონკრეტულად რა შეცვალა ახალი მთავრობის მოსვლამ ბიზნესთან დამოკიდებულებაში?- ახალმა მთავრობამ მყისიერად უარყო წინა ხელისუფლების ბიზნესთან ურთიერთობის უაღრესად მანკიერი პრაქტიკა, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: სხვადასხვა დარგის წამყვანი ქართული კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც ან წინა ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენელთა ახლო ნათესავების ან მეგობრების მიერ კონტროლდებოდა ან კიდევ სისტემატიურად ასრულებდნენ ყოფილი ხელისუფლების არაფორმალურ ”დავალებებს”, წლების მანძილზე მნიშვნელოვანი უპირატესობებით სარგებლობდნენ: ”იმარჯვებდნენ” საპრივატიზაციო აუქციონებში, ”იგებდნენ” სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებს, ჰქონდათ ფაქტობრივი ფისკალური შეუვალობა, ინარჩუნებდნენ დომინირებულ მდგომარეობას ბაზარზე და სხვა. გარდა ამისა, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად ”არაკეთილსაიმედო” ბიზნესმენების ექსპოპრიაციაში, რაც მათთვის ჩამორთმეული აქტივების ხელში ჩაგდებაში გამოიხატებოდა.
არჩევნების შემდეგ აღნიშნული კომპანიების მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა: ახალი მთავრობის პირობებში მათ ერთბაშად ყველა პრივილეგია დაკარგეს; ამასთან, დაიწყო ელიტურ და პოლიტიკურ კორუფციაში ჩართული ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებიც არა ერთ ბიზნეს სტრუქტურას მფარველობდნენ.
ყოველივე ეს, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა აღნიშნული კომპანიებისთვის, რამაც, ცხადია, უარყოფითად იმოქმედა მათ ეკონომიკურ აქტივობაზე. ამგვარი შოკის ეფექტის რაოდენობრივი შეფასება ერთობ რთულია და ცალკე კვლევას საჭიროებს, მიუხედავად ამისა, ბიზნეს სექტორის ოფიციალური სტატისტიკა გარკვეულ წარმოდგენას მაინც გვიქმნის მის მასშტაბზე. საწარმოთა ბრუნვა 2013 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2012 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საწარმოთა ბრუნვის მატების ტემპი 42%-ს აჭარბებდა. ნიშანდობლივია, რომ მსხვილი კომპანიების ბრუნვების ზრდის ტემპი იგივე პერიოდში თითქმის 10-ჯერ შემცირდა, მაშინ, როდესაც საშუალო კომპანიების – თითქმის 5-ჯერ, ხოლო წვრილი საწარმოების - 4-ჯერ. როგორც ჩანს, ხელისუფლების ცვლილება ყველაზე მეტად მაინც მსხვილ კომპანიებზე აისახა.
- ექსპერტების მხრიდან საუბარია პოლიტიკურ გაურკვევლობაზე, რაც ინვესტორებს აფრთხობს, როგორია თქვენი პოზიცია, დღეს არსებული ვითარება რამდენად დამაბნეველია ინვესტორისთვის? - უნდა განვასხვავოთ პოლიტიკური გაურკვევლობა და პოლიტიკის გაურკვევლობა.
პოლიტიკური გაურკვევლობა ინვესტორების მიერ შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის განცდას გულისხმობს. საქართველოს კონტექსტში ამას საპრეზიდენტო რესპუბლიკაში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ფორმირებული მთავრობის პრეზიდენტთან ”შეუთავსებლობა” იწვევს, რაც ვერა და ვერ გადაწონა ორივე მხარის მიერ არა ერთხელ დეკლარირებულმა მისწრაფებამ ,,კოაბიტაციისკენ”. პრეზიდენტი საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ახალ მთავრობას, რასაც ადასტურებს თუნდაც ის, რომ მრავალრიცხოვანი საზღვარგარეთული ვოიაჟების დროს იგი ყველანაირად ცდილობს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას და მის მიმართ ნდობის შესუსტებას. უცხოელი ინვესტორების მიერ არაერთგვაროვნად აღიქმება აგრეთვე ახალი მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველა რეფორმის უკიდურესად ნეგატიური შეფასება.
პოლიტიკური გაურკვევლობისგან განსხვავებით პოლიტიკის გაურკვევლობა, უწინარეს ყოვლისა, რეგულირების არსებულ სისტემაში ინვესტორთათვის არახელსაყრელი ცვლილებების შესაძლებლობას გულისხმობს. ამის თვალსაჩინო მაგალითად უცხოელი ექსპერტები შრომის კოდექსის ცვლილებებს მიიჩნევენ. ამ ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი მართლაც არახელსაყრელი იყო ინვესტორებისთვის, თუმცა საქმე მხოლოდ შრომის კოდექსში როდია. პოლიტიკის გაურკვევლობის პრობლემა უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების განცხადებული ეკონომიკური პოლიტიკა ლიბერტარიანულ დოქტრინას ეყრდნობოდა და თავისუფალი ბაზრის უზენაესობის და „მინიმალური მთავრობის“ პრინციპებს ქადაგებდა, მაგრამ რეალობაში არც მმართველობის ავტორიტარულ სტილს ერიდებოდა, არც საკუთრების უფლების ხელყოფას და არც სახელმწიფოს უხეშ ჩარევას ეკონომიკაში.
მიუხედავდ ამისა, წინა მთავრობამ კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიის მეშვეობით შეძლო საერთაშორისო არენაზე რეფორმატორული იმიჯის დამკვიდრება. ამ ფონზე, ინვესტორებსა და დონორებთან დაკავშირებულ გავლენიან წრეებში ჩაისახა ეჭვი იმის შესახებ, რომ ახალი მმართველი კოალიცია, რომელიც წლების მანძილზე სააკაშვილის რეჟიმის შეურიგებელ ოპოზიციაში მყოფი, იდეოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ განსხვავებული ძალებისგან დაკომპლექტდა, გამოავლენს პოლიტიკურ ნებას იმ პოზიტივის (მათი აზრით) შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, რაც მემკვიდრეობით მიიღო. სამწუხაროდ, ახალმა მთავრობამ ჯერჯერობით ვერ შეძლო კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება, რათა ეს ეჭვი გაექარწყლებინა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკაში კარგად ჩახედული უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბიზნესკლიმატი ქვეყანაში არ გაუარესებულა და, პირიქით, უკეთესობისკენ ვითარდება.
რეგულირების გაურკვევლობის კიდევ ერთი მაგალითია ახალი კანონპროექტი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს მომზადდა და არაერთხელ იქნა განხილული ექსპრტების მიერ, მაგრამ მისი მიღება 7 თვეა ჭიანურდება. ამგვარი მაგალითები ხელს უწყობს ინვესტორთა შორის მარეგულირებელი ჩარჩოს არასტაბილურობის განცდის არსებობას. ზოგიერთი მათგანი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა სხვა საკანონმდებლო აქტებშიც, მათ შორის საგადასახადო კოდექსში, შევიდეს ცვლილები, რაც არახელსაყრელი იქნება ინვესტორებისთვის.
- პოლიტიკურმა ცვლილებებმა კიდევ რა ეკონომიკურ ფაქტორებზე იქონია გავლენა უარყოფითი გავლენა?- პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად საქართველოში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს ბოლო წლებში ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები წარმოადგენდა. 2012 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის მსხვილი ასიგნებები გამოიყოფოდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წლის პირველ სამ კვარტალში მშპ-ის ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებაში. გასული წლის მეოთხე და 2013 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული ხარჯების დაფინანსება შეყოვნდა. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო ახალი მთავრობის მიერ სატენდერო პროცედურების გადასინჯვა, რაც ადრინდელი ტენდერების არაკონკურენტულობითა და მათში გამარჯვებული კომპანიების საქმიანობაში გამოვლენილი სერიოზული დარღვევებით იყო განპირობებული. ამას ისიც დაემატა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფოს მიერ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები.
ეკონომიკური ზრდის შენელების მნიშვნელოვნ ფაქტორს წარმოადგენს სამომხმარებლო მოთხოვნის შესუსტება. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის ნდობის ინდექსი უშულოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში) მკვეთრად გაიზარდა, რაც თავდაპირველად მის მიერ მთავრობის ცვლილების დადებით აღქმაზე მიუთითებს, წლის ბოლოს იგი ასევე მკვეთრად დაეცა. იანვარ-თებერვალში მომხმარებლის განწყობილება კვლავ გაუმჯობესდა, თუმცა მარტში აღნიშნული ინდექსი ისევ დავარდა. ზემოთქმული იმაზე მიუთითებს, რომ ქართველ მომხმარებელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაკლებად ოპტიმისტური განწყობა ჩამოუყალიბდა, რაც მის მოხმარებისკენ შედარებით სუსტ მიდრეკილებაში გამოვლინდა.
მოთხოვნის და კერძოდ სამომხმარებლო მოთხოვნის კლებაზე მიუთითებს აგრეთვე იმპორტის შემცირება, რომელიც მნიშვნელოვანწილად საწვავისა და სურსათის იმპორტის კლებასთანაა დაკავშირებული. 2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული იმპორტის მოცულობა წლიურ გამოსახულებაში ყოველთვიურად მცირდება. იმპორტის წლიურმა კლებამ თავის პიკს 2013 წლის მარტში მიაღწია, როდესაც მან თითქმის 10% შეადგინა.
შინამეურნეობათა მოხმარებისკენ მიდრეკილების შესუსტებაზე მეტყველებს აგრეთვე ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდის ტენდენციაც. საპარლამენტო არჩევნებამდე მისი ტემპი მცირდებოდა და სექტემბერში წლიური 7% შეადგინა. შემდეგ ამ ტიპის დეპოზიტების ფორმირება დაჩქარდა: 2013 წლის პირველ კვარტალში მათი ზრდის ტემპმა წლიურ გამოსახულებაში საშუალოდ 18% შეადგინა.
- შევეხოთ საინვესტიციო ფონდების საკითხს, რა ინფორმაციას ფლობთ ამ ფონდებთან დაკავშირებით? რამდენად ქმედითი მექანიზმი შეიძლება იყოს ეს ფონდები ინვესტიციების მოსაზიზად?- პოლიტიკის გაურკვევლობა საქართველოში ინვესტიციების ხელშეწყობის ინსტიტუციურ ჩარჩოსაც შეეხო. მოგეხსენებათ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ახალმა მთავრობამ სამი ახალი საინვესტიციო ფონდის შექმნა დააანონსა; ესენია: სუვერენული ფონდი, რომელიც ”საპარტნიორო ფონდის” ბაზაზე ჩამოყალიბდება; სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და თანადაფინანსების კერძო ფონდი.
სუვერენული ფონდი, არსებული ინფორმაციით, შექმნის პროცესშია, თუმცა რაიმე საკანონმდებლო აქტის ან კანონის პროექტი მისი სტატუსისა და ფუნქციონირების წესის, აგრეთვე ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან მისი მიმართების შესახებ დღეისათვის ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ, რომ სუვერენულ ფონდი თავს მოუყრის სახელმწიფო აქტივებს და განახორციელებს სტრატეგიულ პროექტებს, იკისრებს „საერთაშორისო დივერსიფიკაციის ფუნქციას” და განახორციელებს ახალგაზრდული (ინოვაციური) პროექტების მხარდაჭერას და "სხვა მომავალი ფონდების” მართვას.
”სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი” ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შეიქმნა. მისი ეგიდით უკვე განხორციელდა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი. ამჟამად განხორციელების პროცესშია ,,შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტი. მიუხედავად ამისა, ამ ფონდის იურიდიული სტატუსი და დაფინანსების წყაროები ბოლომდე ნათელი არ არის და გარკვეულ კითხვებს ბადებს.
რაც შეეხება თანადაფინანსების კერძო ფონდს, რამდენადაც იგი მთავრობის ეგიდით იქმნება, ხოლო მისი მოცულობა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რამდენიმე მილიარდ დოლარს მიაღწევს, იგი ქვეყანაში ინვესტირების საკმაოდ მძლავრ ფაქტორად შეიძლება იქცეს. თუმცა, ინფორმაცია თანადაფინანსების ფონდის შესახებ იმდენად მწირია, რომ საგნობრივ წარმოდგენას არ იძლევა მისი ფუნქციონირების მექანიზმზე.
ყოველივე ეს წარმოშობს ინსტიტუციურ გაურკვევლობას, რაზედაც არაერთხელ გამახვილდა ყურადღება საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების, ისე ცალკეული ექსპერტებისა და მიმომხილველების მხრიდან.
- შექმნილი ვითარების შესახებ კრიტიკა უფრო მეტი გვესმის, ვიდრე პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება. თქვენ რა ნაბიჯების გადადგმას მიიჩნევთ აუცილებლად იმისთვის, რომ ეკონომიკაში დადებითი ძვრები დაიწყოს?- ამ ეტაპზე მთავრობის მთავარი ამოცანაა არ დაუშვას ეკონომიკური ზრდის შენელების გადაზრდა რეცესიაში, რისი რეალური საფრთხეც უკვე არსებობს. მოცემული ამოცანის გადაწყვეტა გარდამავალი პერიოდის ძირითადი უარყოფითი ეკონომიკური ეფექტების შედარებით მოკლე დროში განეიტრალებას მოითხოვს. ამ კონტექსტში, ჩვენი აზრით, სამი რამ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: ინვესტორების (მათ შორის ადგილობრივის) ნდობის აღდგენა, ბიზნესის დეპოლიტიზება და დეკრიმინალიზება და ეკონომიკის ფისკალური სტიმულირების გაძლიერება. ინვესტორების ნდობის აღდგენა არსებითად მათი ქცევის მოდელის - ”მოიცადე და დააკვირდი” შეცვლას გულისხმობს, რისთვისაც საჭიროა ერთი მხრივ პოლიტიკური გაურკვევლობის, ხოლო მეორე მხრივ პოლიტიკის გაურკვევლობის გადალახვა.
პოლიტიკური გაურკვევლობა თანდათან ნეიტრალდება, რაც იმაში გამოიხატება, რომ სამოქალქო დაძაბულობის და პოლიტიკური არასტაბილურობის რისკი კლებულობს. ახალ მთავრობას და პარლამენტს ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობის დიდი კრედიტი აქვს, რასაც ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებათა სისტემატიური გამოვლენის ფონზე რეალური ოპოზიციის (ყოფილი მმართველი პარტიის) დასუსტებაც უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ წინა მთავრობის მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ სისხლისამართლებრივ დევნაში ზოგჯერ შერჩევითი მართლმსაჯულების აჩრდილს და საქართველოს ”უკრაინიზაციის” საფრთხეს ხედავენ. აქედან გამომდინარე, ახალ მთავრობას ესაჭიროება გამართული კომუნიკაცია, რათა ეს ეჭვები იმთავითვე გააქარწყლოს.
უცხოელ ინვესტორთა და დონორთა საზოგადოებისთვის იმის კარგად განმარტებაც არის აუცილებელი, რომ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში საკონსტიტუციო მოდელი იცვლება და ახალი პრეზიდენტის არჩევა, ვინც არ უნდა იყოს იგი, ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლების პოლიტიკაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ნაკლებად წაადგება ინვესტორთა ნდობის აღდგენას, რადგანაც პოლიტიკური სტაბილურობის გარანტად საქართველოში ამ ეტაპზე სწორედ პრემიერ-მინისტრის ფიგურა აღიქმება.
პოლიტიკის გაურკვევლობის განეიტრალება, უწინარეს ყოვლისა, ახალი მთავრობის ფასეულობათა, სტრატეგიული მიზნების და მათი მიღწევის გზების ნათლად ჩამოყალიბებას და საერთაშორისო დონეზე მათ წარმოჩენას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო პროგრამაში ”ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის” თითქოს კარგად ჩანს ახალი მთავრობის პრიორიტეტები, დოკუმენტს, მისი ფორმატიდან გამომდინარე, აკლია სტრატეგიული ხედვა და სისტემურობა. ამგვარი სტრატეგიის შემუშავება გაჭიანურდა, რაც ხელს უშლის უცხოელ ინვესტორებსა და დონორებს სათანადოდ აღიქვან საქართველოს მთავრობის ინიციატივები კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით. ამდენად, ინვესტორთა ნდობის აღსადგენად გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც კარგად უნდა აისახოს ახალი ხელისუფლების ფასეულობათა სისტემა და ქვეყნის განვითარების მოდელის ძირითადი პრინციპები, აგრეთვე ეკონომიკურ რეფორმათა თანმიმდევრულობა (სამოქმედო გეგმა).
ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისათვის აუცილებელია მსხვილი ბიზნეს სტრუქტურების გამოყვანა პოლიტიკური შოკის მდგომარეობიდან, რომელიც მათ არჩევნების შემდეგ წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული უაღრესად მანკიერი ”თამაშის წესების” გაუქმების შედეგად მიიღეს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კომპანიების უმეტესობა მსხვილი საწარმოები არიან, რომლებიც შედარებით მაღალი ტექნოლოგიური დონით და კვალიფიცირებული სამუშაო ძალით გამოირჩევიან, მათი პარალიზება ქვეყნის ეკონომიკას ძვირად დაუჯდება. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება აღნიშნული კომპანიების ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნების საკითხი, რაც, ჩემი აზრით ერთდროულად ორი მიმართულებით შეიძლება წარიმართოს: პირველი, უნდა გაიმიჯნოს ამ კომპანიების მენეჯმენტის და რეალური მფლობელების, მათ შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების და მათი ნათესავ-მეგობრების, პასუხისმგებლობა, რითაც აღნიშნულ საწარმოებს ფუნქციონირების გაგრძელების შანსი მიეცემათ და მეორე: თუ კომპანიებში გამოვლინდება ეკონომიკური დანაშაული, მათ შორის გადასახადებისგან თავის არიდება, რაზედაც პასუხისმგებლობა უშუალოდ მენეჯმენტს ეკისრება, მიზანშეწონილია შემუშავდეს ამ ტიპის დანაშაულების დეკრიმინალიზებისა და საგადასახადო ვალდებულების განვადების მოქნილი მექანიზმი.
და ბოლოს, ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად მნიშვნელოვანია მისი ფისკალური სტიმულირება. ინვესტორთა ნდობის აღდგენას, ისე როგორც ბიზნესის დეპოლიტიზაცია-დეკრიმინალიზაციას, ძლიერი პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, გარკვეული დრო უნდა. არადა, საქართველოს ეკონომიკას დაუყოვნებლივ სჭირდება ფისკალური სტიმულირება, მით უმეტეს, რომ უკვე წელიწადზე მეტია ადგილი აქვს აშკარა დეფლაციურ ტრენდს, რომლის ერთ-ერთი მიზეზი შიდა მოთხოვნის სისუსტეა.
ახალი მთავრობის აქტიური სოციალურმა პოლიტიკამ, რაც ბიუჯეტის სოციალური ხარჯების მზარდ დინამიკაში აისახა, როგორც ჩანს, ვერ გადაფარა ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების შეყოვნებისა და მთავრობის მოხმარების (საქონლისა და მომსახურების შესყიდვები) შემცირების უარყოფითი მაკროეკონომიკური ეფექტი და შიდა მოთხოვნაზე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა. აქედან გამომდინარე, თუ ხელისუფლება არ დააჩქარებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას, რის შესახებაც არაერთი განცხადება გაკეთდა, და არ გაააქტიურებს სახელმწიფო შესყიდვებს, ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელების გადალახვა და რეცესიის თავიდან აცილება გაჭირდება.
- და ბოლოს, შექმნილი ვითარების ფონზე, რამდენად უნდა ველოდოთ პრობლემებს ბიუჯეტში?- ეკონომიკის ზრდის ტემპების ვარდნა დეფლაციური ტრენდის ფონზე შესამჩნევ პრობლემებს შექმნის ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზაციის თვალსაზრისით, რაც ცხადია დღის წესრიგში დააყენებს ხარჯების შემცირების საკითხს. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი სოციალური ვალდებულებების შესრულებას ეს, როგორც ჩანს, ნაკლებად დაეტყობა, რასაც ვერ ვიტყვით ბიუჯეტის სხვა ხარჯებზე. ბიუჯეტის ხარჯების არსებითმა კლებამ კი, უცხოური ინვესტიციების დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა ხელი შეუწყოს ეკონომიკის რეცესიაში ჩათრევას. ამიტომ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ მთავრობამ ბიუჯეტის დეფიციტის გარკვეულ ზრდაზე იფიქროს, მით უმეტეს, რომ თვით საერთაშორისო სავალუტო ფონდიც კი არ არის ამის წინააღმდეგი.
http://www.commersant.ge/?page=news&id=2179მერაბ კაკულია: უკვე არსებობს ეკონომიკური ზრდის შენელების რეცესიაში გადაზრდის რეალური საფრთხე
This post has been edited by Geronti on 30 Jul 2013, 20:31