წყაროდავით მიქაბერიძე ამჟამადაც მეტადონის პროგრამით მკურნალობს?
„ქართული ოცნების“ პოლიტიკაში შემოსვლისა და ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, სხვა სახელმწიფოებრივ საკითხებთან ერთად, მომავალმა პრემიერმა საკუთარი თანაგუნდელების დაქორწინების ფუნქციაც იტვირთა. ,,ელისო ჩაფიძე უნდა დავაქორწინო“, – დაჰპირდა იგი ტყიბულელებს, მაგრამ დაპირებაში ერთი წელი გავიდა და, საბოლოოდ, ჩვენს ყოფილ კოლეგას ისევ ტყიბულელებმა უმაჭანკლეს. როგორი ხაჭაპურის გამოცხობა იცის პატარძალმა, ეს, ალბათ, მიქაბერიძეებს უნდა ვკითხოთ, რაც შეეხება „ოცნების“ სიძეს, მისი წარსულის შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტი „ქრონიკა+“-მა ისევ მეოცნებეებისგან მიიღო.
პარლამენტარ ელისო ჩაფიძის დაქორწინების შესახებ პირველი ინფორმაციის გაჟღერებამ ქუთაისი შოკში ჩააგდო. საპარლამენტო ქალაქში ტყიბულის მაჟორიტარის მეორე ნახევრის სახელისა და გვარის გახმაურებას აშკარად არაჯანსაღი რეაქცია მოჰყვა. ჯერ იყო და დავით მიქაბერიძე ის მკვლელი ეგონათ, მეტსახელად „ძროხა“, რომელმაც წლების წინათ სოფელ ბაღდათში ბალახვნელი ბიჭი, დედისერთა რეზიკო კახიანი რომ გამოასალმა სიცოცხლეს. ჯვრისწერის ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ პარლამენტარის რჩეულში ქუთაისლებმა „მწვანე ბაზრის“ დირექტორის, ზურაბ გვიშიანის ყოფილი სიძე ამოიცნეს. მაია გვიშიანი და დავით მიქაბერიძე 1997 წელს დაოჯახდნენ. მათი ქორწინება 2009 წლამდე გაგრძელდა. პირველი ქორწინებიდან მას ქალიშვილი თეკლაც ჰყავს. ქუთაისში ბევრმა იცის, რატომ სცემეს სვანებმა გვიშიანის სიძე და როგორი იყო მისი ურთიერთობა სამართალდამცველ ორგანოებთან. როგორც „ქრონიკა+“-ს გვიშიანების ახლობელმა უამბო, ცოლის ოჯახმა ბევრი ეცადა, დავითი ნორმალური ცხოვრებისთვის დაებრუნებინა, მაგრამ უშედეგოდ. სიმამრის მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როცა დავით მიქაბერიძემ მეუღლის ოჯახს ოქროს ნაკეთობანი მოჰპარა ნარკოტიკების შესაძენად. სვანებმა მიქაბერიძე ბანოჯაში, სიმამრის აგარაკზე დაიბარეს, სასტიკად სცემეს და სახლიდან გააგდეს. მართალია, „ოცნების“ ხათრით ახლა გვიყვებიან, დავით მიქაბერიძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავესო, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც „ქრონიკა+“-ს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა მიაწოდა, სხვა რამეზე მეტყველებს.
„ქართული ოცნების“ სიძე, ამ დოკუმენტების მიხედვით, ორჯერაა ნასამართლევი და ორჯერვე ოპიუმის მოხმარებისთვის. პირველად 2008 წელს, მეორედ კი – 2013 წელს. შსს-ს ნარკოექსპერტიზის ცნობით, დავით მიქაბერიძე ოპიუმის ჯგუფის ალკალოიდის მომხმარებელია. ამავე დოკუმენტებით, ის მეტადონის პროგრამაშიც გადიოდა ნარკოლოგიურ მკურნალობას.
ქუთაისი იუმორის ქალაქია და ჯვრისწერის ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ არც იმის გახსენება დაავიწყდათ, ციხიდან გამოსულმა დავით მიქაბერიძემ მეგობრებს როგორ შესჩივლა, – ახლა ვინმე გამოჩენილი ქალი უნდა მოვიყვანო ცოლადო… რაზეც რომელიღაც ენაკვიმატს უპასუხია, – გამოჩენილი ქალი აგერაა პარლამენტში, გუგული მაღრაძეო. ამ უწყინარმა ხუმრობამ, ეტყობა, მიქაბერიძეს იდეა გაუჩინა და გასათხოვარი პარლამენტარების ნუსხაში ელისო ჩაფიძე ამოარჩია.
მისი იდეის განხორციელებას ტყიბულელმა მეგობარმა და „საბუტილნიკმა“, გვარად კუპატაძემ, შეუწყო ხელი, რომლის ცოლიც ელისო ჩაფიძის მეგობარია. ამის შემდეგ მაჭანკლები დატრიალდნენ და მიქაბერიძე ელისო ჩაფიძეს გააცნეს. სხვათა შორის, კუპატაძე, როგორც ჩვენი წყარო ტყიბულიდან იუწყება, რამდენიმე ხნის წინათ საპროცესოთი გამოვიდა და ახლა წიხლით აღებს ტყიბულის პოლიციის კარს, – აბა, გაბედეთ და მეორედ დამიჭირეთო! პირადი ცხოვრება პირადი ცხოვრებაა და არავის საქმე არ არის, პარლამენტარი პატიმარს წაჰყვება თუ სამჯერ ნასამართლევ კრიმინალს, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის ხელმძღვანელობით, არ იქნებოდა ურიგო, ეკითხა, ვინ იყო „ქართული ოცნების“ სიძე და ორჯერ ნარკოტიკებზე ნასამართლევ, ე. წ. ქუთაისელ ბიზნესმენთან ერთად კამერების წინ არ უნდა ემარიაჟათ. დავით უსუფაშვილმა პატიოსნად განაცხადა, – სიძეს ჯერ არ ვიცნობ და იმედია, მომავალში გავიცნობო. პრემიერ-მინისტრი ბოლო პერიოდია, მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზეც ამბობს, არ ვიცოდი, ინფორმაცია არ მაქვსო და როგორც ჩანს, ამჯერადაც „არ ვიცოდის“ მოიშველიებს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, იმედია, პარლამენტარ ელისო ჩაფიძის მაჭანკლობის ხათრით კუპატაძეს ტყიბულის პოლიციის უფროსად არ დანიშნავს და არც იმის საშუალებას მისცემს, პოლიციელები „ოცნების“ სიძით დააშანტაჟოს.