
რობერტ ბლოჰი
(1917 – 1994)
ამერიკელი მწერალი რობერტ ბლოჰი ძირითადად ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრში მუშაობდა. ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა ნაწარმოებმა "ფსიქომ", რომელიც მოგვიანებით ლეგენდარულმა ალფრედ ჰიჩკოკმა კინოკლასიკად აქცია.
ალფრედ ჰიჩკოკისა და სტივენ კინგის "მამა"
რობერტ ბლოჰი 1917 წლის 5 აპრილს დაიბადა ჩიკაგოში, ბანკის მოლარის რაფაელ ბლოჰისა და სოციალური მუშაკის სტელა ლებას ოჯახში, რომელიც გერმანულ-ებრაული წარმომავლობის იყო. რობერტი ხუთი წლის იყო, როცა ოჯახი ქალაქ მეივუდში გადავიდა საცხოვრებლად.
ბავშვობიდან იყო ლავკრაფტის შემოქმედების თაყვანისმცემელი, რომელთანაც მცირე ხანს მიმოწერაც ჰქონდა. პირველი მოთხრობა Lilies გამოაქვეყნა ნახევრად პროფესიონალურ ჟურნალში Marvel Tales, 1934 წელს. შემდეგ წლებში ასობით საშინელებათა და ფენტეზის ჟანრის მოთხრობა გამოაქვეყნა სხვადასხვა ჟურნალში. 1945 წელს სცენარისტად მუშაობდა პოპულარულ ამერიკულ რადიოშოუში Stay Tuned for Terror.
პირველი წიგნი დიდ ბრიტანეთში გამოვიდა 1945 წელს. თუმცა ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა ლეგენდარულმა "ფსიქომ", რომელიც მოგვიანებით ალფრედ ჰიჩკოკმა გადაიღო ფილმად. მისი ნაწარმოებების მიხედვით 15 ფილმია გადაღებული.
რობერტ ბლოჰი ის ადამიანია, რომელმაც გაარღვია მისტიკური "შავი სკოლა" და თავისი შემოქმედებით ააფეთქა. სწორედ ამ მწერალმა ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე ლიტერატურის "კლასიკურ ქორორს", რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ამბობენ, რომ ბლოჰის გარეშე ვერ იარსებებდა ჰიჩკოკი და ვერ შედგებოდა სტივენ კინგი, რომელიც სწორედ მის მოთხრობებზე გაიზარდა.
პირველად ბლოჰი ანგარებით დაქორწინდა მარიონზე -რათა ჯარში არ წაეყვანათ. მარიონს ძვლების ტუბერკულოზი ჰქონდა და 1953 წელს ბლოჰი ცოლის მშობლიურ ქალაქში დასახლდა, რათა გოგონა ოჯახსა და მეგობრებთან ახლოს ყოფილიყო. საბოლოოდ მარიონი გამომჯობინდა და 1963 წელს ისინი გაშორდნენ. ქალიშვილები რობერტა და მარიამი მამასთან დარჩნენ საცხოვრებლად.
1964 წელს ბლოჰი შეხვდა ახალდაქვრივებულ ელეონორა ალექსანდრს. მათ მალე იქორწინეს და თაფლობის თვე ტაიტიში გაატარეს. რობერტი და ელეონორა ბლოჰის სიკვდილამდე ბედნიერად ცხოვრობდნენ.
1994 წელს რობერტ ბლოჰმა თავისი საკუთარი ნეკროლოგი გამოაქვეყნა. ამ ფაქტს უწოდეს იმ ადამიანის ხუმრობა, რომელიც მთელი ცხოვრება სიკვდილზე წერდა, მაგრამ ერთ თვეში რობერტ ბლოჰი მართლაც გარდაიცვალა -სიმსივნით. იგი ლოს-ანჯელესშია დაკრძალული.
This post has been edited by PET123 on 9 Sep 2011, 16:02