მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლის ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში მეუფე ვახტანგის მხარდამჭერ სასულიერო პირებს ჯვარს აყრიან. ეპისკოპოსის საქმიანობის შესწავლას კი, სინოდი სექტემბერ-ოქტომბერში დაასრულებს. ამის შესახებ, news.ge-ს მრევლის წარმომადგენელმა მიხეილ შველიძემ განუცხადა.
"სინოდი შედგება სექტემბერ-ოქტომბერში. გვაძლევენ პირობას, რომ ამ ადამიანს შეისწავლიან და ხალხს რაც უნდა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუ არ მიიღება ასეთი გადაწყვეტილება, საპატრიარქოსთან ჩასვლას ვაპირებთ. ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილებაა მათთვის სამართლიანი. მივცეთ ერთი შანსი. თუ სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, უმართავი შეიძლება გახდეს პროცესები", - განაცხადა შველიძემ სინოდთან გამართული შეხვედრის შემდეგ. საპატრიარქოსგან მეუფე ვახტანგის საქმიანობის შესწავლის პირობა, რამდენიმე კვირის წინაც მიიღო, მაგრამ პროცესი მალევე შეაჩერა.
მრევლმა სინოდისგან იმ სასულიერო პირების დასჯის პირობაც მიიღო, რომლებმაც, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, აღსარება გათქვეს.
"დაპირებები მივიღეთ, რომ უღირსი სასულიერო პირები უახლოეს დღეებში იქნებიან დასჯილი. უახლოესი რამდენიმე დღე, მაქსიმუმ ერთი კვირაა. დაველოდებით, როგორ შეასრულებენ დაპირებას. სასჯელი სასულიერო პირისთვის, რომელიც აღსარებას გათქვამს ჯვრის ახსნაა", - ამბობს მიხეილ შველიძე.
ქორეპისკოპოსები სასულიერო პირებისა და მეუფე ვახტანგის მიმართ არსებული მრევლის პრეტენზიების მოსასმენად, ზესტაფონში დღეს ჩავიდნენ.
http://news.ge/ge/news/story/61519-meufe-v...kve-meored-dado