კაცობრიობის ისტორიაში რელიგიას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამიტომ მისი წარმოშობის შესახებ მსჯელობა სხვადასხვა ეპოქის მოაზროვნეთა საგანგებო ინტერესის საგანი იყო. საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შეიქმნა რელიგიის წარმოშობის სხვადასხვა თეორია, რომლებიც არა მხოლოდ ავტორების, არამედ, უმრავლეს შემთხვევაში, კონკრეტული ეპოქის მსოფლმხედველობას გამოხატავს.
შევეცდებით, სტატიაში მოკლედ წარმოვაჩინოთ რელიგიის წარმოშობის ის თეორიები, რომლებმაც ამ პრობლემის შესწავლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები. ძველ სამყაროსა და შუა საუკუნეებში რელიგიის წარმოშობის თეორიები მეტ-ნაკლებად ერთფეროვანი იყო, ამიტომ ჩვენ არ შევუდგებით ამ ეპოქის ფილოსოფოსთა თუ თეოლოგთა ნააზრევის გადმოცემას. ეს ერთფეროვნება უმთავრესად რელიგიის ღვთაებრივ წარმოშობას უკავშირდებოდა.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში ევროპელები შორეულ აფრიკულ, ამერიკულ და აზიურ კულტურებს გაეცნენ. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი მომავალ შედარებით რელიგიათმცოდნეობას. დაიწყო არა მარტო უძველესი მითოლოგიის გაცნობა, არამედ შეიქმნა კიდევ ერთი მითი „კეთილშობილი ველურის" შესახებ. მისი პირველი ავტორები უმთავრესად მოგზაურები იყვნენ. წარმოდგენა „კეთილშობილი ველურის" შესახებ გახლდათ „ოქროს ხანის" მითის თავისებური აღორძინება და გამოძახლი მოსაზრებისა, რომელიც თანამედროვე საზოგადოების ზნეობრივ დეგრადაციასა და სოციალური ჰარმონიის დაკარგვას ქადაგებდა. თუ კარგად დავაკვირდებით ამ თეორიას, დავინახავთ, რომ ის ძალიან წააგავს ადამიანის მორალური დაცემის, მისი სამოთხიდან განდევნისა და მარადიული ნეტარების დაკარგვის ბიბლიურ სიუჟეტს.
XVI-XVII საუკუნეების ევროპაში კაპიტალისტური ურთიერთობების ჩამოყალიბებამ და რაციონალისტური მსოფლმხედველობის გამარჯვებამ გამოიწვია მრავალი იმ პოსტულატის უარყოფა, რომლებიც შუა საუკუნეებში უალტერნატივოდ მიიჩნეოდა. ევროპელები ნელ-ნელა მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩამორჩენილი საზოგადოებები განვითარების იმ სტადიაზე იყვნენ, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დიდი ხნის წინ გაიარა. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობდა შემდეგი მოსაზრება: თუ გვინდა, საკუთარი წარსული შევიცნოთ, ახალაღმოჩენილი ველური ტომების კულტურისა და რელიგიის შესწავლა აუცილებელიაო.
განმანათლებლობა. ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი იყო XVII საუკუნის ინგლისში ჩასახული რელიგიური მსოფლმხედველობა, რომელსაც დეიზმი ეწოდა. დეიზმის მიხედვით, ღმერთი უპიროვნო პირველსაწყისია სამყაროსი, რომელიც შემდეგ საკუთარი კანონებით ვითარდება. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებმა ჭეშმარიტების განსასაზღვრად გონებას მიანიჭეს უპირატესობა, რომლის მეშვეობითაც კრიტიკულად გადააფასეს არსებული რელიგიები. მათი აზრით, ყველა რელიგია დამახინჯებაა ჭეშმარიტი „ბუნებრივი რელიგიისა", რომელიც გონებაზეა დაფუძნებული. დეიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი დევიდ იუმი (1711-1776) გახლდათ. მან გამოსცა წიგნი „რელიგიის ბუნებრივი ისტორია". იუმის მიხედვით, მსგავსად ბუნების ისტორიისა, არსებობს რელიგიის ბუნებრივი ისტორია, რომელიც იმავე მეთოდებით უნდა შევისწავლოთ, რა მეთოდებითაც ვსწავლობთ ბუნებას. სხვა დეისტებისგან განსხვავებით, დევიდ იუმს რელიგიის უძველეს ფორმად მრავალღმერთიანობა და კერპთაყვანისმცემლობა მიაჩნდა, ხოლო რწმენის მიზეზად - შიში და იმედი: შიში აუხსნელი ბუნებრივი მოვლენების წინაშე და იმედი მათგან თავის დახსნისა. ამიტომ პირველყოფილი რელიგია არა რაციონალური, არამედ ირაციონალურია.
დეიზმს ნაყოფიერი ნიადაგი დახვდა საფრანგეთში. ამ მხრივ აღსანიშნავია ვოლტერის ნააზრევი. მისი აზრით, ბუნება წარმოადგენს ერთიანი ღვთაების ტაძარს, თუმცა ყველა ადამიანს და საზოგადოებას შეუძლია ამ საერთო ტაძარში საკუთარი საკურთხევლის აღმართვა. აქედან გამომდინარე არსებობს მრავალფეროვანი რელიგიური სწავლებები, რომლებიც ერთმანეთს ეცილებიან ჭეშმარიტებას. ვოლტერის აზრით, რელიგიების სხვადასხვაგვარობა განპირობებულია იმით, რომ ბუნებრივი კანონის ხმა ჩაიხშო და ადამიანებმა შექმნეს ღმერთები სახედ თვისად. „ბუნებრივი რელიგია" ერთიანი და უნივერსალურია. ის ისეთივე ძველია, როგორიც სამყარო, რადგან პირველყოფილ ადამიანებს არ შეეძლოთ სხვა რწმენა ჰქონოდათ. იუმისგან განსხვავებით, ვოლტერი ფიქრობდა, რომ ყველა რელიგია სწორედ ერთღმერთიანი უძველესი რელიგიისგან წარომოიშვა.
რელიგიის წარმოშობის თვალსაზრისით საინტერესოა ჟან ჟაკ რუსოს ნააზრევი. მას მიაჩნია, რომ ზნეობრივი იდეალები, ისევე როგორც რელიგიური გრძნობა, ადამიანისთვის თანდაყოლილია. რწმენა, დაფუძნებული გრძნობასა და გონებაზე, ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა, ხოლო გვიანდელი დოგმატური რელიგიები, რომლებმაც დაამახინჯა და დაჩრდილა პირველყოფილი „ბუნებრივი რელიგია" - ცივილიზაციის განვითარების ნაყოფი.
განმანათლებლობის ეპოქის ერთ-ერთი საინტერესო მოაზროვნეა შარლ დე ბროსი. მისი აზრით, რელიგიის უძველესი და უნივერსალური ფორმა ფეტიშიზმი იყო. მისი ეს მოსაზრება შესაძლოა არცთუ ორიგინალური მოგვეჩვენოს, თუმცა ბროსის მთავარი დამსახურება რელიგიების შესწავლის მეთოდია. მან პირველმა გამოიყენა შედარებითი მეთოდი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოპოვებულ ეთნოგრაფიულ მასალას ეყრდნობოდა, რითაც საფუძველი ჩაუყარა რელიგიათმცოდნეობას როგორც მეცნიერებას.
XVII საუკუნის მოაზროვნეთაგან გამოყოფას იმსახურებს გერმანელი ფილოსოფოსი იოჰან გოტფრიდ ჰერდერი. მისი აზრით, უძველეს ეპოქებში, როდესაც საზოგადოებრივი ცნობიერება ჯერ კიდევ არ იყო დიფერენცირებული, როდესაც რელიგია, ფილოსოფია და პოეზია არ იყო გამოყოფილი ერთმანეთისგან, ადამიანისთვის დამახასიათებელი გახლდათ არქაული, სინკრეტული აზროვნება და კულტურის ფორმები. ჰერდერს მიაჩნდა, რომ ყოველი ხალხი ქმნის „რელიგიური დრამის განუმეორებელ ვერსიას". ეს ხდება იმიტომ, რომ არა მარტო გარემო პირობებია განსხვავებული, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თითოეული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია თავისი განუმეორებელი ფსიქიკური წყობა, საკუთარი ეროვნული ხასიათი, რომელიც წარუშლელ დაღს ასვამს სულიერ კულტურასა და რელიგიურ ცნობიერებას.
ვრცლად