აქ მხოლოდ ცალკეულ უნივერსიტეტებზე რომ ვწერთ და ვქექავთ სასიამოვნო ინფორმაციას მოდი მეორე მხარეც დავინახით, თუ რა ხდებოდა "სხვა კუთხით" ჩვენს განათლების სისტემაში, პერიოდიკაში ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდი, რომელის ელ-ვერსიაც ინტერნეტიშიც დევს, აქ უნივერსიტეტის სტუდენტების თუ თანამშრომლების მიერ აღწერილია ის თუ რა ხდებოდა თ. ს. უ.-ში
მაშინ, როდესაც ე.წ. "განათლების რეფორმა" დაიწყო მიხეილ სააკაშვილის დროს, აღწერილია ის თუ ვინ და როგორ უშვებდა თანამშრომლებს თ. ს. უ.-დან, მათ შორის ახლანდელი ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტტუტის დირექტორზე, ვაჟა კიკნაძეზე. ესეც ტექსტი:
კომენტარი გაზეთ „რეზონანსის" 2013 წლის 5 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ ვაჟა კიკნაძის წერილზე, რომელიც, მისი აზრით, პასუხია „რეზონანსში" 2013 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოკვლევაზე („2009 წელს ჩატარებული ერთი კონკურსის დეტალები". ავტორი - ჟურნალისტი ნინო ნაცვალაძე), სადაც თსუ პროფესორი თედო დუნდუა თსუ-ში 2006-2012 წლებში ჩატარებულ კონკურსებს იხსენებს. როგორც ჩანს, ბ-ნ ვაჟა კიკნაძემ დიდხანს იფიქრა და ბოლოს პასუხად დაწერა ის, რომ ბოლო კონკურსებში (2012 წლის ივლისი-აგვისტო, 2012 წლის დეკემბერი) აშკარად დაჩაგრეს.
ჩვენ კომენტარს ვიწყებთ ბატონი ვაჟა კიკნაძის წერილის ბოლო სტრიქონიდან: „ასეთი უსაზღვრო დემაგოგიით, რა მაგალითს ვაძლევთ სტუდენტებს, მათ ხომ კარგად იციან ყველა ლექტორის ნამდვილი ფასი?"
კომენტარის სათაურად, „უნივერსიტეტში შემთხვევით შერბენილი პირი", ბატონი ვაჟა კიკნაძის სიტყვები შევარჩიეთ. მკითხველი მალე დარწმუნდება, რომ ეს ზუსტად ასახავს რეალობას. ჩვენ 2006-2013 წლებში ვსწავლობდით და შემდეგ ვმუშაობთ თსუ-ში და ჩვენ თვალწინ გაიარა მთელმა ამ ისტორიამ. ამიტომ თავს მოვალედაც კი ვთვლით, რომ სიმართლე ახლავე ითქვას. შემდგომ ის, ალბათ, დავიწყებას მიეცემა.
2006 წლის ზაფხულში თსუ მაგისტრატურის (პროგრამა - საქართველოს ისტორია) მეორე კურსზე გადავედით. ხმები იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტი „ძველი პროფესურისაგან" უნდა „გაწმენდილიყო", რა თქმა უნდა, მანამდეც ისმოდა, მაგრამ, ჩვენთან, ლექციაზე, თუ სასემინარო მუშაობაზე, „ძველ პროფესურას" ამ საკითხზე არ უმსჯელია. ისინი აგრძელებდნენ თავიანთი დიდი ცოდნის ჩვენთვის გაზიარებას. ამიტომაც, რაღაცნაირად, იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი, თითქოს, ისევ ისე უნდა გაგრძელებულიყო.
დადგა სექტემბერი. როდესაც უნივერსიტეტში მივედით, სრულიად შეცვლილი სიტუაცია და, უმეტესწილად, უცნობი, „ახალი პროფესურა" დაგვხვდა. მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმის აღნიშვნა, რომ მანამდე თსუ საქართველოს ისტორიის კათედრაზე, ძირითადად, მოღვაწეობდნენ პროფესორები, დოცენტები და მასწავლებლები, რომლებისთვისაც უნივერსიტეტი არასდროს მარტო სამსახური არ ყოფილა. ეს ერთი დიდი ოჯახი იყო, ივანე ჯავახიშვილის, თსუ დამაარსებლის და ამ კათედრის პირველი გამგის, კონცეფციების ერთგული. ეს იყო ერთი პატრიოტული და საქმის მცოდნე სამეცნიერო სეგმენტი, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე იდგა. ეს პროფესურა, სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილის და შოთა მესხიას უშუალო მოწაფეები, მაქსიმალურად ცდილობდა ჩვენთვის საუკეთესო სასწავლო გარემოს შეექმნა.
მაგრამ, როგორც 2006 წლის სექტემბერში გაირკვა, მათგან არცერთი არ აღმოჩნდა ისეთი მონაცემების მქონე, რომ საქართველოს ისტორიის მიმართულების/კათედრის სრული პროფესორი გამხდარიყო. ის კი არა, ზედამსახურებულნიც კი სახლებში გაუშვეს. სამაგიეროდ, ხელისუფლებაში მოსული პარტიისათვის და მასთან დაახლოებულთათვის ყველაფერი ადვილი აღმოჩნდა, თუნდაც საისტორიო წრეებისთვის, პრაქტიკულად, უცნობთათვის.
თსუ-ში ჩატარებული კონკურსების შესახებ არაფერი ვიცოდით. სამაგიეროდ, თვალს ვადევნებდით სამეცნიერო ლიტერატურას. ჩვენი აქტიური ლექტორები, რომლებიც წერდნენ კიდეც, ლექციასაც კარგად ატარებდნენ, და ჩვენს შეკითხვებსაც არასდროს ტოვებდნენ უპასუხოდ (აქვე უნდა ითქვას, რომ, როგორც შემდეგ, 2006 წლიდან გაირკვა, სტუდენტებისთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემა პროფ. ვაჟა კიკნაძეს განსაკუთრებით არ უყვარდა), გარეთ დარჩნენ, უნივერსიტეტის გარეთ. მათთვის ეს იგივე იყო, რაც ადამიანისთვის სახლიდან გაგდება. სახელი და გვარებიც შეგვიძლიაა დავასახელოთ, მაგ. ნიკო ბერძენიშვილის მოსწავლე, ქართული სოციალური ურთიერთობების ისტორიის სპეციალისტი, საქართველოს ისტორიის ნარკვევების ერთ-ერთი ავტორი პროფესორი გივი ჯამბურია, საქართველოს ისტორიის არაერთი საუკეთესო სახელმძღვანელოს ავტორი, საქართველოს ფეოდალური პერიოდის აღიარებული მკვლევარი პროფესორი ნოდარ ასათიანი; თურმე უნივერსიტეტს ისინი აღარ სჭირდებოდა; ცნობილი თეორეტიკოსის, ა. გურევიჩის მოწაფე, ქართული ისტორიული აზროვნების ისტორიის, ქართული აგიოგრაფიის სპეციალისტი პროფესორი ნათელა ვაჩნაძე, და აშ. ეს საქართველოს ისტორიის მიმართულებაზე მოხდა, სხვა მიმართულებები კი საერთოდ გაუქმდა და დღემდე აღარც არსებობს. ყველაფერი ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო. ზოგიერთმა ვერ გაუძლო და ამას გადაჰყვა, ზოგი შეეგუა ბედს. მაშინ უნივერსიტეტში ძალიან დამთრგუნველი მდგომარეობა იყო, პოლიცია შესვლაზე სპეციალურ საშვებს ითხოვდა. ზოგს „გაუმართლა" და არ გააგდეს, ალბათ, დაინდეს და მცირე აკმარეს, მაგ. იმავე თედო დუნდუას - ასოცირებული პროფესორობა.
სად გაქრნენ ჩვენი საუკეთესო ლექტორები?! ისინი 2006 წელს ჩატარებული შესარჩევი კონკუსრის მსხველპლნი გახდნენ. ვინ ედგა სათავეში ამ კონკურსს? ბ-ნი ვაჟა კიკნაძე. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის რიგითი მეცნიერ-თანამშრომელი, 50 წლის ასაკში ერთი სტანდარტული წიგნის ავტორი, მოულოდნელად, კომპილაციური დისერტაციით, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გახდა; შემდეგ - ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. შეგახსენებთ, რომ მანამდე ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორები იყვნენ აკად. სიმონ ჯანაშია, აკად. ნიკო ბერძენიშვილი, აკად. გიორგი მელიქიშვილი და აკად. დავით მუსხელიშვილი, ქართული მეცნიერების დიდებანი.
ახალი დირექტორის ხელით, ახალმა ხელისუფლებამ ჯერ თსუ-დან გაუშვა საუკეთესო პროფესურა (კონკუსის პირობები გენიალური იყო, ანუ, პრაქტიკულად, კრიტერიუმების გარეშე), შემდეგ ვაჟა კიკნაძე „საკუთარ" ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტსაც მიუბრუნდა და ინსტიტუტის საუკეთესო აკადემიური პერსონალი სახლებში გაუშვა, მაგ. აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. ნანა ხაზარაძე, ისტორიული გეოგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი დევი ბერძენიშვილი, და აშ. ვაჟა კიკნაძემ კი ორივე დაწესებულებაში, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში (დირექტორი, დღემდე) და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სრული პროფესორი, საქართველოს ისტოირიის ინსტიტუტი, 2006-2012) უმაღლეს აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე იმყოფებოდა.
სხვათაშორის, ბატონი ვაჟა კიკნაძე ამ კომისიების წევრობას და საქართველოს სხვა სამეცნიერო დაწესებულებების კონკურსებში მონაწილეობას თავის ბიოგრაფიაში საამაყო თარიღებად მიიჩნევს (იხ. ისტორიის ინსტიტუტის ვებ-გვერდი).
2006 წლის კონკურსის შედეგად, თსუ საქართველოს ისტორიის მიმართულების/ინსტიტუტის ხელმძღვანელად ავტომატურად დაინიშნა ვაჟა კიკნაძის მიერ შერჩეული სრული პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი, სახელმწიფოს მმართველ ოჯახთან დაახლოებული და ამით ზედმეტადაც ამაყი.
სულ მალე, თსუ საქართველოს ისტორიის მიმართულებაზე/ინსტიტუტში მეორე სრული პროფესორიც გამოჩნდა, ვაჟა კიკნაძე, 2006 წლის ივლისის არჩევნების კომისიის წევრი. მან, რატომღაც, 1 სრული პროფესორის ადგილი ვაკანტურად დატოვა, შემდეგ, მალევე, გამოცხადდა ახალი კონკურსი, სადაც „უნივერსიტეტის სახემ" (ტერმინი კიკნაძისეულია), ვაჟა კიკნაძემ გაიმარჯვა. მისი შესარჩევი კომისიის წევრი უნივერსიტეტის მეორე „სახე", ეკა ავალიანი იყო.
ასე რომ, ის, რასაც საქართველოს ისტორია ერქვა, აღმოჩნდა ორი პიროვნების, პარტიისთვის ძალზედ ახლობლებისის ხელში, მარიამ ჩხარტიშვილის და ვაჟა კიკნაძის. ვაჟა კიკნაძეზე უკვე მოგახსენეთ. მარიამ ჩხარტიშვილი კი აქამდე მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, წყაროთმცოდნეობით განყოფილებაში (განყოფილების გამგე გიული ალასანია). ჩვენ გვახსოვს ქ-ნ მარიამ ჩხარტიშვილის პირველი ლექცია. არ ვაჭარბებ, მგონი, მართლაც, პირველად ატარებდა ლექციას, ღელვაც ემჩნეოდა; არც ის იცოდა, როგორ წარემართა ლექცია. თავისი ერთ-ერთი სტატია წაგვიკითხა, იქვე დავუსვით შეკითხვები. მას სხვისი მოსაზრების, თუნდაც სტუდენტის, მოსმენა არ სიამოვნებდა. სამაგიეროდ, იცოდა რომ უფროსი იყო, და არასაჭირო სიმკაცრის გამოვლენა სცადა. მსგავს დამოკიდებულებას კი ჩვეული არ ვიყავით, მითუმეტეს, რომ ჩვენ კარგად ვსწავლობდით. როგორც შემდგომ გაირკვა, მას, ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობები უჭირს.
დავუბრუნდეთ ბ-ნ ვაჟა კიკნაძის წერილს. ის წერს, რომ მოვლილი აქვს მსოფლიო. კარგი იქნებოდა, თუ თარიღებსაც მიუთითებდა, როდის დაიწყო მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობა? ან რას კითხულობდა კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე? რაიმე სიახლე გააცნო ვინმეს? ან იქედან ჩამოიტანა რამე ხელშესახები, ახალი აღმოჩენა? განა, როდის გახდა მისი კვლევის სფერო ვიკინგების ისტორია?! ან თევდორე მღვდელის გმირობა?! ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითია. უბრალოდ, მის ხელში აღმოჩნდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიუჯეტი და მან დაუზოგავად დააფინანსა თავისი მოგზაურობები ახლო და შორეულ საზღვარგარეთში. მანამდე ხომ ის არსად ყოფილა. დიახ, ეს ყველაფერი მოხდა სწორედ 2006 წლიდან, როდესაც ისტორიის ინსტიტუტიდან სახეები, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. ნანა ხაზარაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დევი ბერძენიშვილი და სხვა ღირსეული ქართველები და მეცნიერები გაუშვა „კონკურსების" შედეგად.
მის მიერ დაწერილ, „რეზონანში" გამოქვეყნებულ წერილში, ბ-ნი ვაჟა კიკნაძე თავის თავს უნივერსიტეტის სახეს უწოდებს. ეს, ალბათ, არ უნდა იყოს სწორი. აი, უნივერსიტეტის სახეების უნივერსიტეტიდან განდევნა კი სწორედ მის სახელთან ასოცირდება. მისი და მათი „წარმატებული რეფორმის" შედეგი იყო ის, რომ უნივერსიტეტში ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველთა რიცხვი მინიმუმამდე დავიდა, ასევე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად 2007-2008 წლებში მხოლოდ თითო მსურველი თუ გამოჩნდებოდა.
თსუ-ში მ. ჩხარტიშვილისა და ვ. კიკნაძის სრული პროფესორობის დროს, თსუ საქართველოს ისტორიის მიმართულებაზე არ ჩატარებულა არცერთი სამეცნიერო კონფერენცია, არ მომზადებულა არცერთი სამეცნიერო კრებული, ჟურნალი.
ახლა, რა მოხდა, როდესაც 2010 წელს თედო დუნდუა აირჩიეს სრულ პროფესორად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი კვლავ პროფ. მარიამ ჩხარტიშვილია. პროფ. თედო დუნდუას ინიციატივით და ხელმძღვანელობით ტარდება ინსტიტუტის ყოველწლიური კონფერენცია, გამოიცემა ჟურნალი - „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები", სულ დაიბეჭდა 7 ნომერი და 2 სპეციალური გამოშვება, გამოიცემა „ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომები" (გამოსულია 2 ნომერი), ინსტიტუტს აქვს თავისი ლოგო, ვებ-გვერდი, აქტიურად მუშაობს სტუდენტთა სამეცნიერო წრე; მუდმივად იმატებს ისტორიით დაინტერესებულ სტუდენტთა რაოდენობა.
რაც შეეხება თსუ-ში 2012 წელს ივლისი-აგვისტოში ჩატარებულ კონკურსს, რაზეც ბ-ნ ვაჟა კიკნაძეს გული შესტკივა (ის „გარეთ" დარჩა, ანუ „გაირბინა"), მანამდე ჩატარებულ კონკურსებთან შედარებით, ის ნამდვილად ობიექტური იყო, რადგან, ამჯერად, სახელმწიფოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო (ძლიერი ოპოზიციის არსებობის პირობებში), ვაჟა კიკნაძის და მისი აზრით, „უნივერსიტეტის სახეების" მხარდამჭერმა პარტიამ(!!!) ზეწოლა ვეღარ მოახდინა თსუ-ზე. უფრო ზუსტად, მათ მფარველმა პირებმა ვეღარ გაბედეს მათი „დახმარება". დღეს კი ბ-ნი ვაჟა კიკნაძე გაბრაზებულია. ნეტავ რატომ? მან ხომ უცხოეთი დაათვალიერა სახელმწიფოს ხარჯზე. და განა ის სამმაგ ხელსაფსაც არ იღებდა, პრაქტიკულად, არაფრისთვის. იმიტომ ხომ არა, რომ, ის, როგორც თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის სრული პროფესორი (2006-2012 წლები) მხოლოდ სტუდენტების კრიტიკის ობიექტი იყო არაკომპეტენტურობისთვის?! როგორც მიმართულების ხელმძღვანელი, ის არაფერს აკეთებდა, თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც ერთ რიგით ისტორიკოსს, რომელზეც მეტი დამსახურება ინსტიტუტის ნებისმიერ ასისტენტ-პროფესორს ჰქონდა, არავინ სერიოზულად არ მიიჩნევდა, არავინ უგდებდა მას
ყურს. ნეტავ, რომელმა ქალღმერთმა ფორტუნამ მოავლინა ის ივ. ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას და სხვათა ადგილას?! ქალღმერთები მეტი აღარ იქნებიან, და, ალბათ, მალე ბ-ნი ვაჟა კიკნაძეც აღარ იქნება ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. მას ვეღარ დაეხმარებიან „ზონდერები“ (მანანა სანაძე, გონელი არახამია, თამაზ ბერაძე, პაატა ბუხრაშვილი) საქართველოს უნივერსიტეტიდან (ე.წ. ალასანიას უნივერსიტეტი), როგორც ეს მოხდა მაგ., 2009 წელს. სწორედ თედო დუნდუა დარჩა უნივერსიტეტის გარეთ, ეს კონკურსი ვაჟა კიკნაძეს, ალბათ, მოეწონა. ის, პრაქტიკულად, ცარიელი გრაფებით ამარცხებს თედო დუნდუას. „რეზონანსში“ წარმოდგენილ წერილში ის აღიარებს, რომ საკონკურსო კომპონენტებით ჩამოუვარდება თედო დუნდუას. მერე რა, ის მაინც დიდ მეცნიერია. ნუთუ, ეს მართალაც ასეა?!
ახლა ვნახოთ, თუ როგორი მეცნიერია ვაჟა კიკნაძე. როგორც ის თავად წერს საგაზეთო სტატიაში, თავისი წიგნი, პირობითი სათაურით “საქართველო XIV ს-ში”, 2012 წელს გადაცემული ჰქონია დასასტამბად ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ვაჟა კიკნაძის “ახალი” ინგლისური წიგნი გამოიცა შემდეგი სათაურით: “The Eurasian (??? – ავტ.) State of Georgia in the Fourteenth Century (Mongol Era and Its End)” (The Edwin Mellen Press, 2013), და არა “საქართველო XIV ს-ში”, როგორც ამას ვაჟა კიკნაძე განზრახ შეცდომით უთითებს საგაზეთო სტატიაში. მაინც რატომ “ავიწყდება” ვაჟა კიკნაძეს, რომ მის მონოგრაფიას სათაურად აქვს შემდეგი _ “ევრაზიული სახელმწიფო საქართველო მეთოთხმეტე საუკუნეში” და არა “საქართველო XIV ს-ში”?! იმის გამო ხომ არა, რომ ეს ახალი წიგნი მისივე ძველი წიგნის, 1989 წელს გამოცემული მონოგრაფიის “საქართველო XIV საუკუნეშის” თარგმანია? თუ იმის გამო, რომ მის ახალ გამოცემულ ინგლისურ წიგნში მან საქართველოს “ევრაზიული სახელმწიფო” უწოდა? წიგნის სათაურის მიხედვით, საქართველო თურმე “ევრაზიული სახელმწიფოა”! არა ევროპული, ან აზიური, არამედ სწორედაც რომ ევრაზიული, აი, ასე წერს და წარმოაჩენს საქართველოს ვაჟა კიკნაძე, ანუ იმ სახით, როგორც დღეს ეს წარმოუდგენიათ კრემლის იდეოლოგებს.
http://resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=16761