http://timer.ge/1855-bacho-akhalaia-gaathavisufles.html"სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამათავისუფლეს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის სეხნია და მოგვარე ვარ",- აცხადებს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უკვე ყოფილი გამომძიებელ-ინსპექტორი ბაჩო ახალაია.
როგორც ახალაიამ "თაიმერთან"" საუბარში აღნიშნა, სოდ-ისა და კრიმინალური პოლიციის შეერთების შემდეგ, მას ახალმა ხელმძღვანელობამ თვითდათხოვნის პატაკი დააწერინა.
" თითქმის წელიწადი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ განყოფილებაში ვმუშაობდი. აქამდე ერთი გადაცდომაც არ მქონია. არც კი მიფიქრია, რომ სამსახურიდან მხოლოდ სახელისა და გვარის გამო გამათავისუფლებდნენ. თავის დროზე ხომ ამ დეპარტამენტში იმიტომ არავის ავუყვანივარ, რომ მინისტრის სეხნია და მოგვარე ვიყავი?! ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, ერთ კვირაში პატაკი დამაწერინეს, როცა გათავისუფლების მიზეზი ვიკითხე, მხოლოდ ის მიპასუხეს გვარი და სახელი გაქვს ისეთი, აქ არავინ გამუშავებს, უნდა დატოვო სამსახურიო. ბაჩოს რეკომენდაციით მოხვედი სოდ-ში, მისი კლანის წევრი ხარო"- აცხადებს ბაჩო ახალაია.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან ნათესაობა არ აკავშირებს.
" ახალაიები დიდი გვარია. ბაჩო ახალიასთან ნათესაური კავშირი არ მაქვს, მაგრამ არ უარვყოფ, რომ ვიცნობდი - ხელის ჩამორთმევით. გარდა იმისა, რომ მოგვარეები ვართ, ზუგდიდი არც ისე დიდი ქალაქია... ორი შვილის მამა ვარ და ეს ხელისუფლება უმუშევრად მხოლოდ იმიტომ მტოვებს, რომ ვიღაცის სეხნია და მოგვარე ვარ?! ერთი წელი ვიმუშავე სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენში. გამოიძიონ ჩემი წარსული, თუ რაიმე დარღვევას აღმომიჩენენ პასუხს ვაგებ. ყველა კითხვას პასუხს გავცემ"- აცხადებს ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი.
ახალაიას თქმით, მის მიმართ დისკრედიტაცია ხორციელდება. მას სახელის და გვარის გამო სამსახურში აყვანაზე არა მხოლოდ შინაგან საქემთა სამინიტროში, არამედ სხვა ორგანიზაციების ნებისმიერ ვაკანტურ ადგილზეც უარს ეუბნებიან.