ირაკლი კოვზანაძე - ჩვენი მიზანია შევავსოთ ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილური კაპიტალის დეფიციტი და ასევე გავიყოთ რისკი ინვესტორთან
17:45 14-08-2013
ქართული ეკონომიკის განვითარებაში საპარტნიორო ფონდის მონაწილეობასა და ამ თვალსაზრისით საქმიანობის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი კოვზანაძეს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, რატომღაც ასე მგონია, რომ მხოლოდ სპეციალისტთა და ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებულ ადამიანთა წრემ თუ იცის საპარტნიორო ფონდის არსებობის, მიზნების, ამოცანების და საქმიანობის შესახებ. იქნებ, ჩვენი საუბარიც ამ თვალსაზრისით არსებული "ხარვეზის" შევსებით დაგვეწყო...
- თუ დასაწყისში ასე იყო კიდეც, მიმდინარე ეტაპზე, ნამდვილად გამიჭირდება იმაში დათანხმება, რომ საპარტნიორო ფონდის მიზნების, საქმიანობის, ამოცანების და მით უფრო არსებობის თაობაზე მხოლოდ დაინტერესებულ ადამიანთა ვიწრო წრე ფლობდეს ინფორმაციას. ჩვენი საქმიანობის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირების კუთხით საკმაოდ სერიოზულ მუშაობას ვეწევით. თქვენი კითხვის პასუხად კი შევეცდები მოკლედ კიდევ ერთხელ ავხსნა საპარტნიორო ფონდის მისია, ჩვენი ამოცანები და შესაძლებლობები.
საპარტნიორო ფონდის მისიაა კერძო ინვესტიციების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის იმ სექტორებში, სადაც სახელმწიფოს პრიორიტეტები გააჩნია. ასეთებად მიჩნეულია ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ინფრასტრუქტურა/უძრავი ქონება.
ფონდი ამ მისიას ახორციელებს იმ სახსრებით, რომლებიც ფონდში აკუმულირდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანიის საქმიანობის შედეგად. ასეთებია: საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. ფონდის მფლობელობაშია ასევე "თელასის" აქციათა 25 %.
საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის, ფინანსთა, ენერგეტიკის და იუსტიციის მინისტრები. ასევე, რამდენიმე წამყვანი ქართული კომერციული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. ბანკირების საბჭოში მოწვევა მიზანშეწონილად ჩაითვალა, იმდენად, რამდენადაც ფონდის საქმიანობა არ უნდა გახდეს კომერციული ბანკებისთვის კონკურენციის გამწევი ფაქტორი. ასე რომ, თუკი საბჭოზე დასამტკიცებლად გამოტანილი პროექტი ბანკებისთვისაც აღმოჩნდება საინტერესო, ფონდი მათ ამ პროექტებს უთმობს.ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ საპარტნიორო ფონდის დებულება ზემოთჩამოთვლილი მიმართულებების დაფინანსებისას, როგორც წესი, ითვალისწინებს პროექტის მოცულობის მინიმალური ქვედა ზღვრის დაწესების პრინციპს. ასეთი ქვედა ზღვარია, სოფლის მეურნეობის პროექტების შემთხვევაში, მთლიანი საინვესტიციო ღირებულება არაუმცირეს 5 მლნ ლარისა. სხვა მიმართულებებით, არა უმცირეს 30 მლნ ლარისა.
ფონდის მანდატი პროექტებში მისი მონაწილეობის მაქსიმალურ მოცულობას განსაზღვრავს პროექტის ღირებულების არაუმეტეს 50 %–ით. ფონდი პროექტებში მონაწილეობს, როგორც კაპიტალში, ასევე სუბორდინირებული, კონვერტირებადი სესხის გაცემით და ჩვენი მიზანია შევავსოთ ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილური კაპიტალის დეფიციტი (რაც საქართველოში შეინიშნება) და ასევე გავიყოთ რისკი ინვესტორთან.
რაც შეეხება პროექტების შერჩევის მთავარ კრიტერიუმებს, ესენი გახლავთ მათი კომერციული პოტენციალი და ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენის შესაძლებლობა.
- მას შემდეგ რაც თქვენ ჩაუდექით სათავეში საპარტნიორო ფონდს, რისი გაკეთება შეძლო თქვენმა ფონდმა და პრიორიტეტებად რა მიმართულებები განისაზღვრა?
- ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ფონდში იმ მომენტისთვის არსებული პროექტების ხელახალი შესწავლა-გადახედვა, ასევე, ფონდის სტრუქტურული რეორგანიზება. რაც შეეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტებად განისაზღვრა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ინფრასტრუქტურა/უძრავი ქონება.
ენერგეტიკის მიმართულებით ხორციელდება რამდენიმე მასშტაბური პროექტი. თურქ ინვესტორებთან, კერძოდ, უმსხვილეს თურქულ კომპანია "ჩალიკ ჯგუფთან" ერთად, მიმდინარეობს მუშაობა გარდაბანში თბოელექტროსადგურის პროექტზე, რომელიც ახალი ტექნოლოგიური მიდგომებიდან გამომდინარე, იქნება 50 %–ით უფრო ენერგოეფექტური, ვიდრე დღეს ქვეყანაში არსებული თბოელექტროსადგურებია და 230 მეგავატიანი დადგმული სიმძლავრით ის საკმაო წვლილს შეიტანს ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების საქმეში. – პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულებაა 210 მლნ აშშ დოლარი.
დამუშავების სტადიაშია კიდევ ერთი ენერგეტიკული პროექტი, კერძოდ მდინარე ენგურის მთავარ შენაკადზე "ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრეც 210 მეგავატს გაუტოლდება. ამ ეტაპზე, ფონდი იხილავს პროექტით დაინტერესებული პოტენციური ინვესტორების წინადადებებს.
ერთ-ერთი სერიოზული და მზარდი მიმართულებაა სასტუმრო ინფრასტრუქტურული პროექტები მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონებში.
უკვე დავასრულეთ 10 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტი სოფლის მეურნეობის დარგში, რომელიც ფონდმა კომპანია `გეო-აგროსთან~ ერთად განახორციელა. სოფელ კოდაში უკვე ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და სანიტარულ–ჰიგიენური ევროპული ნორმების სრული დაცვით გამართული მეღორეობის ფერმა, რომელიც 2014 წლიდან ღორის ხორცზე ადგილობრივ მოთხოვნას 20–25%–ით დააკმაყოფილებს. ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რომელიც თავისი შინაარსით უნიკალურია და სახელმწიფოს, საბანკო სექტორის და მეწარმეთა თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხორციელდება ასევე სხვა პროექტებიც.
- საპარტნიორო ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვაა. ამ თვალსაზრისით რა წარმატებები გაქვთ? როგორ აისახა ინვესტორებზე საქართველოში ხელისუფლების ცვლილება?
- დინამიკა იმედისმომცემია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეკონომიკა დღითი-დღე უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტიციებისთვის. მიმაჩნია, რომ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა არის სტაბილური. საგადასახადო გარემო, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, არის ერთ–ერთი საუკეთესო. გვაქვს დაბალი საგადასახადო განაკვეთები და ამ კუთხით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ. ინვესტორთა დაინტერესება იგრძნობა იმ ბიზნეს ფორუმებიდან, რომლებსაც საპარტნიორო ფონდთან ერთად აწყობს საინვესტიციო სააგენტო. დარწმუნებული ვარ, საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ინვესტიციის მოცულობა ქვეყანაში გაიზრდება.
საპარტნიორო ფონდის საქმიანობით და ჩვენი შესაძლებლობებით სულ უფრო ინტერესდებიან პოტენციური ინვესტორები. ბოლო თვეებში ფონდში სტუმრობდნენ უნგრული, თურქული, შვეიცარიული, უკრაინული, სლოვაკური, ბრაზილიური მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები. მათთან ურთიერთობას ინტენსიური სამუშაო ხასიათი აქვს, რაც, დარწმუნებული ვარ, კონკრეტულ პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს.
- მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოს რუსეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა, ინვესტორთა უმრავლესობა და განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა, სწორედაც რომ რუსეთზე მოდიოდა. ამ თვალსაზრისით ახლა რა ვითარებაა და საქართველოში ინვესტიციების ჩადებით რომელი ქვეყნის ბიზნესმენები დაინტერესდნენ?
- საინვესტიციო კლიმატი ერთ დღეში არ უმჯობესდება. მთავარია ის, რომ დღევანდელი მთავრობის და მთლიანად ხელისუფლების მიდგომაა სწორი და მართებული. ვფიქრობ, ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად დისტანცირებულია ბიზნესისგან და მხოლოდ იმ რეგულაციებითაა შემოფარგლული, რასაც კანონმდებლობა განსაზღვრავს. ამას, პირველ რიგში, თავად ბიზნესი გრძნობს და სწორედ ესაა უმთავრესი ფაქტორი, რაც ინვესტიციების ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკური გუნდი აცხადებს და მეც დარწმუნებული ვარ, რომ წლის მეორე ნახევრის შედეგები ამ თვალსაზრისით შთამბეჭდავი იქნება. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებას გამოხატავენ ევროპული კომპანიები. მოგეხსენებათ, ევროპული კაპიტალი მიდის იქ, სადაც რეგულაციები და ზოგადად, თამაშის წესები მკაფიოდაა ჩამოყალიბებული და სადაც ბაზრებზე სტაბილურობის განცდაა.
სულ ახლახანს საპარტნიორო ფონდს სტუმრობდა საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ევრობანკის დელეგაციას ჩვენ გავაცანით მიმდინარე პროექტები, ჩვენი შესაძლებლობები, ასევე, განვიხილეთ საპარტნიორო ფონდის სუვერენულ ფონდად გარდაქმნის მიმდინარე პროცესი. მათთვის საინტერესო გამოდგა ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი კონკრეტული ხედვების გაცნობა, თუ რა ფორმებით, რა ფორმატით და რა მოცულობით არის შესაძლებელი და სასურველი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩართვა საპარტნიორო ფონდის საქმიანობაში, მათ შორის, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, საპარტნიორო ფონდის პროექტებით "ევრობანკის" დაინტერესება უახლოეს მომავლში კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს.
- ბრძანეთ, რომ ფონდი აქტიურადაა ჩართული ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაში. ამ მიმართულებით, კერძოდ რა პროექტების განხორცილება გაქვთ დაგეგმილი?
- უკვე დასრულებულია ამ ტიპის ორი პროექტი. კერძოდ, ახალციხეში თანამედროვე სასტუმრო კომპლექსი "ჯინო ველნესი" და ასევე ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსი "როიალ ბატონი". ეს პროექტები თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებულია, რამდენადაც ამ შემთხვევებში უკვე განხორციელდა ფონდის მთავარი პრინციპი – ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ სწორად გათვლილი და თანმიმდევრულად განხორციელებული ინვესტირების შედეგად პროექტების წარმატებულად ამუშავება შეუქცევად პროცესად იქცეს და უკვე პროექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში გაშვების პარალელურად, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფონდის ამოცანა ხდება, პროექტიდან გასვლა და პარტნიორთან ერთად ისეთი ინვესტორის მოძებნა, რომელიც პროექტის შემდგომი წარმატებითა და განვითარებით იქნება დაინტერესებული. ჩვენ შევედით ამ პროექტებში, დავაფინანსეთ ისინი, ვაკონტროლეთ მათი მიმდინარეობა, პროექტებმა დაიწყო ფუნქციონირება და ჩვენ უკვე ჩაგვენაცვლნენ სხვა ინვესტორები. ახალციხის შემთხვევაში ეს არის სლოვაკეთის "ექსიმბანკი", ხოლო ყვარელში ჩაგვენაცვლა "თიბისი ბანკი".
სასტუმრო-ინფრასტრუქურულ პროექტებში მონაწილეობისას ჩვენ ძირითადად ვარჩევთ ისეთ წინადადებებს, რომლებიც მაღალი და მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონებში ითვალისწინებს ინვესტირებას. ლიკანში ყაზახ ინვესტორებთან ერთად მიმდინარეობს "რიქსოსის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტი, რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულებაც 38 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ფონდი ასევე მონაწილეობს წინანდალში 16 მილიონი აშშ დოლარის მთლიანი საინვესტიციო ღირებულების ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "წინანდალი რედისონის" პროექტში. ამ სასტუმროს ოპერირებას შემდგომში "რედისონი" განახორციელებს.
- ცნობილი ფაქტია, რომ საქართველო ჰიდროელექტრესურსებით მართლაც უნიკალური ქვეყანაა. ამ სფეროში სერიოზულ ინვესტორთა მხრიდან თუ არის მოსალოდნელი ინვესტიციების ჩადება?
- ენერგეტიკა საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. უკვე მოგახსენეთ რამდენიმე მასშტაბური ენერგოპროექტის თაობაზე, რომელიც ჩვენი მონაწილეობით მუშავდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს ონი ჰესის კასკადის შესწავლითი სამუშაოები და ინტენსიურად განვიხილავთ სხვა ენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო მომხიბვლელობას.
- საპარტნიორო ფონდის ბაზაზე იგეგმება სუვერენული ფონდის ჩამოყალიბება. რა არის ამ გადაწყვეტილების განმაპირობებელი ფაქტორები, რა ეტაპზეა ეს პროცესი და რა იქნება ის სიახლეები, რასაც სუვერენული ფონდი ინვესტორებს შესთავაზებს?
- საპარტნიორო ფონდის სუვერენულ ფონდად გარდაქმნის ამოცანა დადგა, რათა ფონდის საქმიანობა უნისონში მოსულიყო მსოფლიოში არსებული ანალოგიური ფონდების საქმიანობის ფორმასთან და შინაარსთან. შექმნილია სამთავრობო ჯგუფი ეკონომიკის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების პირველი პირების შემადგენლობით. გარდაქმნის პროცესში აქტიურადაა ჩართული სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, რომელთა უშუალო ზედამხედველობითაც მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე. დაქირავებულია სუვერენული ფონდების ჩამოყალიბების დიდი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო–იურიდიული კომპანია ღეედ შმიტჰ. ეს პაკეტი პარლამენტს საშემოდგომოდ წარედგენება და დიდი ალბათობით, უკვე 2014 წლიდან საპარტნიორო ფონდის ბაზაზე იფუნქციონირეს საქართველოს "სუვერენული ფონდი". სუვერენული ფონდი სრულად უპასუხებს კორპორატიული მართვის თანამედროვე პრინციპებს.
სუვერენული ფონდი ასევე დაიცავს სანტიაგოს პრინციპებს, რაც დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობის წარმატების ერთ–ერთი მთავარი წინაპირობა გახდება.
- უფრო დაწვრილებით, თუ შეიძლება, რას გულისხმობს სანტიაგოს პრინციპები?
- 2008 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) და სუვერენული ფონდების საერთაშორისო ჯგუფების მიერ შემუშავდა სარეკომენდაციო ხასიათის 24 პრინციპი სუვერენული ფონდებისათვის. სწორედ ამ დოკუმენტს ეწოდება სანტიაგოს პრინციპები, რომელიც განსაზღვრავს, რომ სუვერენული ფონდის იურიდიული საფუძველი და სხვა ფუნდამენტები უნდა იყოს სანდო და ხელს უნდა უწყობდეს ფონდის დასახული მიზნების მიღწევას. შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც გაზიარებული აქვს ეს პრინციპები. ესენია: ავსტრალია; აზერბაიჯანი; კანადა; ჩილე; ჩინეთი; ირანი; ირლანდია; სამხრეთ კორეა; ქუვეითი; მალაიზია; მექსიკა; ახალი ზელანდია; ნორვეგია; ყატარი; რუსეთი; სინგაპური; გაერთიანებული არაბეთის ემირატები; ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები.
იმედია, საქართველოც მალე ჩადგება ამ ქვეყნების რიგში, რაც ინვესტორთა მხრიდან ჩვენი შესაძლებლობებით დაინტერესებისთვის კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი გახდება.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
ფორუმის არანაგაჟირებულ ეკონომისტებს (მცოდნეებ) მოვუსმენდი დიდი ყუარდღებით
This post has been edited by forumeli64 on 15 Aug 2013, 20:04
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...