საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის გვერდზე „ფეისბუქში“ მორიგი განცხადება გამოქვეყნდა. ადეიშვილი აღნიშნავს, რომ დაგვიანებით ეხმაურება 2008 წლის ომის 5 წლისთავს.
„დღეს რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცების და ქართული დიპლომატიის დამსახურებაა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა უბრალოდ დააგვირგვინა ის რისთვისაც დიდი ხანი ემზადებოდა. მე არ მესმის იმ ხალხის ვინც იძახის რომ ომი საქართველომ დაიწყო. რას ეფუძნება ამ ხალხის აპელირება?“, - აღნიშნულია ადეიშვილის განცხადებაში.
ადეიშვილი თავის ვრცელ წერილში საუბრობს იმაზე, რომ საქართველო არ შეჭრილა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე.
„2008 წლის ივლისში ე.წ. აპალჩენცებმა რუსების წაქეზებით და ხელშეწყობით დაგვიხოცეს პოლიციელები და ქართველი მშვიდობისმყოფელები, ეს ხომ დადასტურებული ფაქტია, რა მნიშვნელობა აქვს "აპალჩენცები" რა იარაღს იყენებდნენ, რპგ-ს თუ ჰაუბიცებს, მოხდა აშკარა შეტევა და ამას მოჰყვა მსხვერპლი. გაიხსენეთ რუსეთმა აგვისტოს ომამდე კერძოდ მაისში და ივნისის დასაწყისში აფხაზეთში შემოიყვანა რეგულარული ჯარების ნაწილები, რომლებმაც უმოკლეს დროში ააგეს და გაამაგრეს სამხედრო რკინიგზა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ადეიშვილი ამტკიცებს, რომ, ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ.
„ჩვენ ვუპასუხეთ მთელი სიმკაცრით. შეიძლება აქ ვიღაცამ გაგვაკრიტიკოს, რომ რატომ ვუპასუხეთ მთელი სიმკაცრით. ანუ ისევ დაიწყონ აპელირება და აქ შესაძლოა ნაკლებად მოღალატეობრივად განწყობის ადამიანებმაც დაასახელონ არგუმენტები, რომ რატომ ვესროლეთ მსხვილკალიბრიანი იარაღიდან პირდაპირ რუსებს.
ამაზე გეტყვით, რომ როცა რუსებმა დაიწყეს დაბომბვა, მათ უმისამართოდ დაბომბეს ფრონტის ხაზები, თავიანთიც და ჩვენიც, მათ უბრალოდ აწყობდათ რომ ასე გამოჩენილიყო, რომ ჩვენ დავხოცეთ რუსეთის მშვიდობისმყოფელები. ნუთუ რუსეთის ისტორიის მანძილზე გასაგები არ არის რომ მისთვის საკუთარი ჯარისკაციც საზარბაზნე ხორცია? ასე რომ დიდი მნიშვნელობა არ ქონდა რას ვისროდით, მაინც ისე გამოჩნდებოდა როგორც მოსკოვში მაგიდაზე გეგმაში ეწერა. საკმარისია, მე არ მსურს ჩემი ეს განცხადება თავის მართლების სტილში გამოვიდეს დაწერილი, რადგან საქართველო და მაშინდელი ხელისუფლება მართალი იყო, მართალი იყო დიპლომატიურ არენაზეც და ფრონტის ხაზზეც.
მე მინდა ქართველი გმირების ხსოვნას მივაგო პატივი და ვუთხრა მათ ოჯახებს და მათ ახლობლებს, დღეს რომ საქართველო კვლავ აგრძელებს არსებობას არის მათი დამსახურება და მათი სახელები არასოდეს დაავიწყდება ქვეყანას. მე მინდა გავიხსენო ავღანეთში დაღუპული ჩვენი სამხედროები, რომელთა სამსახური არის აბსოლუტურად ანალოგიური ვინც მსახურობს ქართულ ჯარში საქართველოში“, - აღნიშნულია ადეიშვილის განცხადებაში.
http://info9.ge/?l=G&m=108&f=0&id=17049