წაიკითხეთ:
მოახლოებულ რთველთან და სოფლის მუერნეობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსი" სოფლის მეურნეობის მინისტრს, შალვა ფიფიას ესაუბრა.
- ბატონო შალვა, ყველაზე აქტუალური თემა თქვენ სფეროში ახლა რთველია. როგორ მოემზადა მთავრობა რთველისთვის და როგორი ორგანიზებული იქნება წელს?
- წელს რთველი იქნება პრინციპულად განსხვავებული. ჩვენ ეს სამუშაოები დავიწყეთ ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში, როდესაც მეღვინეებს შეხვდით და მათთან ერთად ძალიან დეტალურად გავიარეთ, თუ რა პრობლემები იყო, რა უნდა გაკეთდეს, რომ ყველაფერი იყოს უკეთესად. მთელი რიგი ცვლილებები იქნება, იმ მეთოდებისგან განსახვავებით, როგორ ხდებოდა რთველის ორგანიზება წინა წლებში. რეალურად, ეს იქნება გარდამავალი ეტაპი, პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ შემდგომ პერიოდში ეს კიდევ უფრო კარგად მოხდეს და თვითონ კერძო სექტორმა დაარეგულიროს საკითხები.
- განსხვავებულიო, თქვენ თქვით. კონკრეტულად, რა იქნება განსხვავებული?
- განსხვავებული იქნება ბევრი მომენტით. პირველი, ჩვენ გვაქვს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა და ამ პროგრამას დაემატა სპეციფიკური, დამატებითი კომპონენტი. ეს არის შეღავათიანი აგროკრედიტი ინდუსტრიისათვის, ანუ მეღვინეთათვის. ამ პროექტის მიზანია, საკრედიტო რესურსი ხელმისაწვდომი იყოს შეღავათიან ფასში მეღვინეთათვის, რათა მათ მიიღონ 15-თვიანი სესხები ყურძნის საყიდლად. 15 თვე აღებულია იქედან, რომ ეს არის დაახლოებითი ციფრი, რომელიც საჭიროა ყურძნის შესყიდვიდან, ღვინის გაკეთებიდან მის რეალიზაციამდე. ეს სესხები მეწარმეებს დაუჯდებათ არა უმეტს 6%-ისა. ანუ, სახელმწიფო ფიქსირებულად გადაიხდის წლიურ 9%-ს. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მოთხოვნა ყურძენზე გაიზრდება, რადგანაც კომპანიებს ექნებათ ხელმისაწვდომი, შეღავათიანი, იაფი რესურსი.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის სუბსიდირების სქემა. თუ წინა პერიოდში სუბსიდირება ვაუჩერიზაციის გზით ხდებოდა და ვაუჩერი გლეხს ეძლეოდა, ახლა მოხდება საწარმოების სუბსიდირება, რათა წახალისებული იყოს მათ მიერ ყურძნის შესყიდვა.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ წინა წლებში ბაზარზე კომპანიებისა და მეწარმების ყველაზე ძლიერ კონკურენტად სახელმწიფო გამოდიოდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ შარშან, ინდუსტრიის მიერ გადამუშავებული ყურძნის 63% სახელმწიფოს კონტროლქვეშ არსებული ორი კომპანიის მიერ იყო ნაყიდი. წელს ეს ასე აღარ იქნება. თავისთავად, სახელმწიფოს კონტროლქვეშ არსებული კომპანიები ყურძნის რაღაც ნაწილს შეისყიდიან, თუმცა აქ არ არის ლაპარაკი ძალიან დიდ ნაწილზე, 60%-ზე. აქ არის ლაპარაკი სარეზერვო რაოდენობის შესყიდვაზე, რომელიც არ იქნება საინტერესო ინდუსტრიისთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც იყო ადრე და აღარ იქნება, ეს არის ძალისმიერი ჩარევა, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები ფაქტობრივად იყვნენ რთველის პროცესის ძირითადი წარმმართველები და ხშირად უხეში ზეწოლით კომპანიებს აიძულებდნენ ასე თუ ისე ქმედებები განეხორციელებინათ. წელს, ძალოვანები იქნებიან ჩართული რთველში მხოლოდ წესრიგისათვის და ლოჯისტიკური საკითხების მიმართულებით.
კიდევ ერთი განსხვავება, რაც იქნება, ეს ეხება ე.წ. ფაშისტების თემას. დიდ მევენახეებს, 10 ჰექტარზე მეტი ვენახის მქონეებს, რომელსაც წინა პერიოდში რატომღაც "ფაშისტებს" ეძახდნენ(არადა ისინი აძალიან კარგი ფერმერები იყვნენ), მათ არათუ სუბსიდიის მიღების, ხშირად ყურძნის ჩაბარების საშუალებაც არ ჰქონდათ. ამიერიდან ეს ასე აღარ იქნება და ნებისმიერ მევენახეს ექნება საშუალება, მოახდინის ყურძნის რეალიზაცია.
ადრე თუ სახელწმიფო შემოვარდებოდა ბაზარზე, დააწესებდა თამაშის წესებს და ფასს, ეს ასე აღარ იქნება. ჩვენ ვაძლევთ სექტორს არჩევანის უფლებას. ჩვენ მათ ვეუბნებით, თუ თქვენ იყიდით ყურძენს ლარად ან მეტად, მაშინ თქვენ მიიღებთ სუბსიდიას. თუ თქვენ ლარზე ნაკლებად იყიდით, მაშინ ამ სუბსიდიას ვერ მიიღებთ.
- როდის დაიწყება რთველი?
- ჩვენი მიზანია, რთველი ყურძნის ტექნიკური სიმწიფის დადგენის შემდეგ დაიწყოს. სამწუხაროდ, ჩვენ წინა პერიოდში გვქონდა პრეცენდენტი, ტექნიკური სიმწიფის დადგომამდე, როდესაც ყურძენი უფრო მძიმეა, მაშინ ხდებოდა რთველის დაწყება. მეღვინეებს აიძულებდნენ, ჩაებარებინათ ტექნიკურად უმწიფარი ყურძენი, რაც თავისთავად ღვინის ხარისხზე აისახებოდა. წელს ასე არ მოხდება და იმ ღვინის ხარისხი, რომელიც ინდუსტრიის მიერ არის წარმოებული, უნდა იყოს მაღალი.
რაც შეეხება ტექნიკურ სიმწიფეს, ეს არის კლიმატურ პირობებთან კავშირში. ჩვენი სპეციალისტები მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ ყურძნის შაქრიანობას და ტექნიკურ სიმწიფეს. სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოსთვის დედოფლისწყაროს რამდენიმე რაიონში დაიწყება რთველი, ძირითადი ციკლი კი- სექტემბრის მეორე ნახევარში.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი- რუსეთის მიმართულებით ბაზარი გახსნილია და 3 მილიონ ნახევარზე მეტი ბოთლი ღვინოა გასული. ამას გარდა, სხვა საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საერთო ჯამში 43%-იანი ზრდა გვაქვს შარშანდელი წლის ამავე პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, ხარისხის საკითხი არის უმნიშვნელოვანესი.
- რა რაოდენობის ყურძნის მოსავალს ელოდებით?
- წინასწარი გათვლებით, საერთო მოსავლის რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 140-150 ათასი ტონის ფარგლებში იქნება. თუმცა, როგორც წესი ინდუსტრია გადაამუშავებს ამის ნახევარს, რადგან ჩვენ გვაქვს ტრადიცია, რომ ყველა სახლში აკეთებენ ღვინოს, ჩურჩხელას, ფელამუშს…
- რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების პროცესი კარგად დაიწყო, თუმცა ახლა გარკვეული სტაგნაცია შეინიშნება. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ ქართულ ბიზნესს მთავრობა დაეხმარებოდა.
- ის სტატისტიკა, რაც ჩვენ გვაქვს, ამის მიხედვით პროცესი საკმაოდ კარგად მიდის. რაც შეეხება სახელმწიფოს ხელშეწყობას, ეს არის მაქსიმალური. თქვენ იცით, რომ ჩვენ შეღავათიანი აგროპროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის კომპონენტი გვაქვს, სადაც საკმაოდ აქტიურობს მეღვინეობის სექტორი. მათმა საკმაოდ დიდმა ნაწილმა მოახდინა ტექნიკური გადაიარაღება, გაზარდეს საკუთარი წარმადობები.
- როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში მოახერხებს ქართული ღვინო რუსეთის ბაზაზრე ისეთი პოპულარობის მოპოვებას, როგორც ადრე ჰქონდა ?
- 3,5 მილიონი ბოთლი ხუმრობა არ არის და ქართული ღვინო უკვე არის დაახლოებით ოთხეულში. წლის ბოლომდე ის ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე გავა. პირველზე ალბათ ვერა, მაგრამ მეორე-მესამეზე გადავა. ფაქტია, რომ საკმაოდ კარგი ტენდენციებია. ციკლური ხასიათი ექსპორტებს ყოველთვის ექნება. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ მეღვინეებს ჰქონდეთ საშუალება, აწარმოონ ხარისხიანი ღვინო. ხარისხის კონტროლი იქნება მუდმივი და მაღალ დონეზე. ასევე ხელს შევუწყობთ, რომ თავიანთი ღვინის ექსპორტი როგორც რუსეთის, ასევე სხვა საექსპერტო ბაზრებზე განახორციელონ.
- რაც შეეხება მინერალურ წყლებს, ამ კუთხით რა მდგომარეობაა?
- იგივე სიტუაცისა, როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე. ამ კუთხით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ასევე, ემბარგო მოხსნილია დაბალი რისკის შემცველი ფიტოსანიტარულ კონსტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე, ისეთი, როგორიც არის ხმელი ხილი, ჩირი, დაფნა და ა.შ. რაც შეეხება მაღალი რისკის შემცველ ფიტოსანიტარულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციას, გუშინ ჩამოვიდა "როსსელხოზნადზორის" ჯგუფი, რომელიც არსებული კონტროლის სისტემას შეამოწმებს. ამის შემდეგ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს ვადაში ეს ემბარგოც მოხსნილი იქნება.
- სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ. იყო გარკვეული პრობლემები. დარჩა მოსახლეობა, ვისაც ეს ბარათები არ მიუღია. როგორ ფიქრობთ, წარმატებული იყო თუ არა ეს პროგრამა და თუ იგეგმება მისი განხორციელება მომავალშიც?
- პროგრამა რომ წარმატებული იყო, ამის მანიშნებელი არის თუნდაც ის, რომ 710 ათასმა ოჯახმა მიიღო სასოფლო-სამეურნეო დახმარება. ეს დაახლოებით 200 მილიონამდე დაჯდა. წარმატების მანიშნებელია ისიც, რომ წელს საქართველოში დამუშავდა უფრო მეტი მიწა, ვიდრე ბოლო ათი წლის განმავლობაში დამუშავებულა. რეალურად წელს მოიხნა ისეთი ყამირები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ მოხნულა. რაც შეეხება ხარვეზებს, ხარვეზები თავისთავად იყო, როდესაც შენ საქმე გაქვს ასეულ ათასობით ოჯახთან და ამავდროულად გაქვს ისეთი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს მძიმე მემკვიდრეობა კი არის ის, რომ მიწების 80% იყო აღურიცხავი და ეს არის მოსაგვარებელი. ამ მძიმე მემკვიდრეობის ფონზე და იმ ფონზე, რომ 710 000-მა ოჯახმა მიიღო რეალური, ქმედითი სასოფლო-სამეურნეო დახმარება, ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროგრამა იყო ძალინ წარმატებული.
ჩვენ ვაპირებთ ამ პროგრამის გაგრძელებას. გვაქვს მთელი რიგი პროგრამები, რომელიც დაგეგმილია. მათ შორის საგაზაფხულო ტიპის პროგრამები.
http://www.interpressnews.ge/ge/interviu/2...uli-iqneba.html