საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დიდი ცვლილებები იგეგმება საქართველოს მთავრობაში. პრემიერი ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის გადახალისებას აპირებს. მისი გარემოცვის ინფორმაციით, პოსტის დატოვება მოუწევს ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ მინისტრს - ნოდარ ხადურს.
მართალია, ივანიშვილი წასასვლელადაც ემზადება, მაგრამ მას სულაც არ სურს სახელისუფლებო სადავეების ხელიდან გაშვება.
გეგმა ასეთია: წასვლით, ივანიშვილი, ეკონომიკური სტაგნაციის, გაზრდილი უმუშევრობისა და მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური სიტუაციის გამო მოსალოდნელ პასუხისმგებლობას თავიდან აიცილებს. თუმცა, გავლენას ხელისუფლებაზე კვლავ შეინარჩუნებს.
დაჯდება ჩვენი პრემიერი სოლოლაკის „შუშებში“ და არალეგალურად გაავრცელებს თავის „საცეცებს“ ხელისუფლებაზე.
რაც შეეხება ხადურს, პრემიერი მისი მუშაობით უკმაყოფილოცაა და გაბრაზებულიც. ხადური თვალში არ მოსდის განათლების ყოფილ მინისტრსა და „ოცნების“ ურეიტინგო საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს. მასზე მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს შს მინისტრ ღარიბაშვილსაც. თუმცა, ხადური მთავრობაში მაინც ნომინალური ფიგურაა. ის უფრო პარტიული აქტივისტია, ვიდრე მმართველი.
მაგალითად: მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ფინანსური პოლიცია ოფიციალურად ფინანსთა მინისტრს ექვემდებარება, ხადურს იქ სტაჟიორადაც არ შეუძლია ვინმეს მიყვანა.
ეს სამსახურები პირადად ღარიბაშვილის კონტროლის ქვეშაა მოქცეული და სწორედ პოლიცია წყვეტს - რომელი კომპანია და ბიზნესმენი უნდა შეავიწროვოს ფინანსურმა.
თუმცა, პროფესორმა ხადურმა, თავისი მოუზომავი, აგრესიული და არაკომპეტენტური კომენტარების გამო, უკვე მოასწრო საზოგადოებაში ნეგატიურ ფიგურად ჩამოყალიბება. მას გარკვეული მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ სამინისტროშიც. საფრთხე ემუქრება ბიუჯეტის შესრულებასაც...
ცხადია, გადამწყვეტილი როლი ხადურის მოსალოდნელ „ჩამოლაბორანტებაში“, იმ ადამიანებს მიუძღვით, ვინც პრემიერს „საჭირო ინფორმაცია“ მიაწოდა.
შესაბამისად, ივანიშვილის გუნდში უკვე მომწიფებულია გადაწყვეტილება - არჩევნების შემდეგ, ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი აღარ იქნება.
P.S: ბატონი ხადურის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ჩვენ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით.
„ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ააქვს“, - გვითხრა პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თეა ბეგაშვილმა.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=22309