http://commersant.ge/?page=news&id=2930რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე მოლდოვური ღვინის შეტანა აკრძალა
2013-09-11 11:00:17
gazeta.ru–ს მასალები
რუსეთი ქვეყანაში მოლდოვური ღვინისა და მეღვინეობის პროდუქციის შეტანაზე ემბარგოს აწესებს. მიზეზად უსაფრთხოების ნორმების შეუთავსებლობა სახელდება.
მოლდოვას ხელისუფლება აცხადებს, რომ აკრძალვის მიზეზებთან დაკავშირებით სიტუაცია ბოლომდე გარკვეული არ არის და მზად არიან რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის.
მოლდოვაში ასევე ეშინიათ მსხვილი დანაკარგების იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთთან ერთად საბაჟო კავშირის სხვა ქვეყნებიც გადაწყვეტენ მოლდოვურ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებას.
10 სექტემბრის საღამოს როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთი წყვეტს საკუთარ ტერიტორიაზე მოლდოვური ღვინის შეტანას.
ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას რუსეთის ტერიტორიაზე მოლდოვას მეღვინეობის პროდუქციის შეტანის აკრძალვის შესახებ,“ – განაცხადა ონიშჩენკომ და აღნიშნა, რომ ემბარგო იმოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე რუსეთი ვერ დაინახავს მოლდოვას მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, მიმართულს პრობლემის სისტემური გადაწყვეტისკენ.
ონიშჩენკოს მტკიცებით, მხოლოდ ბოლო პერიოდში აღმოჩენილი იქნა ღვინის ორი და კონიაკის ექვსი პარტია, რომლებიც არ შეესაბამებიან დიბუტილფალატის უსაფრთხო შემადგენლობის მოთხოვნებს.
მოლდოვა, თავის მხრივ, აცხადებს მზადყოფნას, რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს მეღვინეობის პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით. მოლდოვას პრემიერ–მინისტრის პრეს–მდივნის განცხადებით, მათ სურთ გაიგონ, რა არის მოლდოვურ ღვინოსა და მეღვინეობის პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების მიზეზი, რათა მოხდეს კიშინიოვის ოფიციალური პოზიციის ფორმირება.
„მოლდოვამ გაამკაცრა მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის კონტროლი. რესპუბლიკაში, მეღვინეობის სისტემაში რეფორმები მიმდინარეობს,“ – განაცხადა მან.
მოლდოვას ეკონომიკის მინისტრმა ვალერი ლაზერმა კი აღნიშნა, რომ მისთვის ბუნდოვანია რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების მიზეზები.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიო, სად მთავრდება ტექნიკური ასპექტები და სად იწყება პოლიტიკური. ვაღიარებ, რომ სრული გარკვეულობა არ არსებობს,“ – განაცხადა მინისტრმა.
მოლდოვას მეღვინეთა კავშირის ხელმძღვანელი გეორგ არპენტინი კი შიშობს, რომ რუსეთის შემდეგ აკრძალვა შესაძლოა საბაჟო კავშირში შემავალმა სხვა ქვეყნებმაც შემოიღონ. მისი განცხადებით, ასეთ შემთხვევაში მოლდოვური ღვინის ნახევარზე მეტი შესაძლოა არარეალიზებული დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მოლდოვური ღვინის შეტანაზე აკრძალვა 2006 წელს დააწესა, ამის ოფიციალურ მიზეზად კი პროდუქციის ხარისხისადმი არსებული პრეტენზიები დაასახელა. კერძოდ, საუბარი იყო ღვინოში პესტიციდების არსებობაზე, თუმცა ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ აკრძალვა რუსეთსა და მოლდოვას შორის არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ურთიერთობებს უკავშირდებოდა.
მიწოდება მხოლოდ 2007 წელს აღდგა. თუმცა ემბარგოს მოქმედების პერიოდში ღვინის ბევრი მოლდოვური კომპანია ევროკავშირის, უკრაინის, ბელორუსის, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრებზე გადაერთო.
This post has been edited by otarik1977 on 11 Sep 2013, 12:34