
რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის
15:31 05-09-2013
რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის მადლობა მინდა ვთქვა იმ განცხადებისათვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ გააკეთა სირიის კრიზისთან დაკავშირებით , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"პრეზიდენტმა ობამამ გარკვევით განაცხადა, თუ რა სტადიაში ვიმყოფებით, როდესაც საქმე სირიას ეხება, ის არის ამერიკის მთავრობის სპიკერი. აგრეთვე, ჩვენ ველოდებით კონგრესის გადაწყვეტილებას, ასეთ საკითხებს ჩვენთან კონგრესი წყვეტს, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვთქვა იმ განცხადების გამო, რომელიც საქართველოს მთავრობამ გააკეთა სირიის კრიზისთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ გარკვევით თქვა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება, ეს არის აღმაშფოთებელი შემთხვევა და სირიის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ეს განცხადება ამერიკის ელჩმა დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გააკეთა, სადაც ის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას "დიდგორი 2013"-ის მიმდინარეობას დაესწრო. ელჩი აცხადებს, რომ აღნიშნული სწავლება თავდაცვის სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია.
"ჩვენი გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველთვის, როდესაც საქმე გვაქვს ბუნებრივ თუ ადამიანური მიზეზით გამოწვეულ კრიზისთან, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კრიზისის გადაჭრაში ჩართული იყოს, როგორც სამთავრობო, ასევე სამოქალაქო სექტორი, რათა მათ სხვადასხვა საკითხის გადაჭრაში მიიღონ მონაწილეობა.
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ საქართველო შესანიშნავი პარტნიორია, როდესაც საქმე სამხედრო თანამშრომლობას ეხება, შესანიშნავია პარტნიორია ავღანეთში, სადაც ჩვენ მოწმე ვართ თუ როგორი მამაცი ჯარისკაცები ჰყავს საქართველოს. დღეს კი აშშ ამაყია იმით, რომ ის მონაწილეობს და ეხმარება საქართველოს მთავრობას, რათა დაიხვეწოს უწყებათაშორისი თანამშრომლობა კრიზისების გადაწყვეტის საკითხში. უწყებათაშორისი თანამშრომლობა კრიზისების მოგვარების საკითხში არის ის, რასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო და ნატო ითხოვს მის წევრ ორგანოზაციებისგან უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალ დონეზე თანამშრომლობას", - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ბათუმის პორტში ნატო-ს გემების შემოსვლა უამინდობის გამო გადაიდო
13:59 05-09-2013
ბათუმის პორტში ნატო-ს გემების შემოსვლა უამინდობის გამო გადაიდო ბათუმის პორტში ნატო-ს გემების შემოსვლა უამინდობის გამო გადაიდო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, ღონისძება 10:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უამინდობის გამო ხვალისთვის გადაიდო. სამი გამნაღმველი ფრეგატიდან, რომლებიც ბათუმში დღეს უნდა შესულიყო, ორი გერმანიას, ხოლო ერთი თურქეთის რესპუბლიკას ეკუთვნის.
ამასთან, დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართება ხვალ, რომელსაც დაესწრებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები.