რუსული ტანკები არ მოდიან?!
Posted on February 20, 2013 by odilavadze
ორპირის გადასასვლელ ხიდთან საკმაოდ მოძველებული შინდისფერი ,,07”იდგა. მანქანაში მჯდომი მამაკაცი გზას გაჰყურებდა. ის ტანკების კოლონას ელოდებოდა. რუსები რატომღაც აგვიანებდნენ…
ქართული ჯარის წარმატებაში დარწმუნებული გიორგი 10 აგვისტოს ცისკარს ,,მარსელიოზის” სიმღერით შეხვდა. შვიდამდე ძლივს მოითმინა, ახალ ამბებს აღარც დაელოდა, აფხაზეთიდან დევნილ მეზობელთან ავარდა, ბინის კარი ბრახუნით შეუნგრია და ახარა: ,,როკი ჩვენიაა-ა! ,,უძლეველი” რუსული არმია დავადუღეთ!”. შემდეგ დალაქთან ჩავიდა, საზეიმოდ გაიპარსა. იქ შეკრებილ საზოგადოებას ნიშნისმოგებით განუცხადა: ,,დავიხიეთ რუსები – მორჩა!”. ამასობაში კი ორი მხრიდან შემოიჭრილი რუსული არმია თბილისისკენ მიიწევდა. გიორგიმ ამის შესახებ ჯერ არაფერი იცოდა. მხოლოდ 10 საათისთვის შეიტყო – ქართველები უკან იხევენ, საჯარისო შენაერთებმა დატოვეს ცხინვალი, გორი. ტელევიზორთან მიწოლილმა სიმწრით წამოიძახა: ,,ისევ დაგვამცირეს ამ არამზადებმა!”. გიორგის ცრემლი მოადგა და ჭერს მიაშტერდა. აქამდე ომს ძლევამოსილი ქართული ჯარის ელვისებურ შეტევად აღიქვამდა. წარმოსახვით ბრძოლაში ადგილი ჰქონდა მხოლოდ ქართველების გამარჯვებით სვლას და მტრის გაქცევას. GEORGIA-OSSETIA/
ომის ტრაგედია რეალობად მხოლოდ დამარცხების სიმწარემ აქცია. პატრიოტული აღტკინების ბურანი განქარდა. გიორგის უმოქმედობის შერცხვა. უხერხულობის გრძნობა ძლივს დაძლია, გამგეობაში ავიდა, მოხალისედ ჩაეწერადა და დაიბარა: ,,ასაკს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, სამაგიეროდ მაგარი ექიმი ვარ!”. მობილურის ნომერი ჩაიწერეს, დაგირეკავთო. მოეჩვენა, თითქოს დასცინოდნენ, იმ დროისთვის ხომ სატელეფონო ქსელი გათიშული იყო. საღამოსკენ, 5-6 საათზე გაიგო – რუსეთის ჯარი საქართველოს ფართომაშტაბიან ოკუპაციაზე გადადიოდა. იბომბება ქალაქები. ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, გორში – ტანკები შედიან. თბილისი – შეტევის, ავიაჭურვების, საარტილერიო ცეცხლის მოლოდინშია. მთელი საქართველო მიჩუმებულიყო…
ისევ ტელევიზორს მიაშტერდა. ,,Evronews”-ი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ იმეორებდა: ,,ქართველი მეომრები კლავენ დაჭრილ რუს სამშვიდობოებს და ოს მეომრებს, აწიოკებენ მშვიდობიან მოსახლეობას, არ ინდობენ მოხუცებს და ორსულ ქალებს”. თავში ერთი ფრაზა უტრიალებდა – ,,Грузины добивают раненных!”… ,,უჰ, თქვენი..!”,– უძლურებისგან გაცოფებული უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა ტელევიზორს, კედლებს. რუსულ არხებზე ოკუპაციისთვის შესაბამისი სახელიც გამოუგონიათ – ,,საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია”. ,,НТВ”-ზე მანქანაში ჩამწვარი ქართველი პოლიციელების კადრები: ,,დანახშირებული გვამები მცხუნვარებისთვის დამახასიათებელ ,,ბოქსიორის პოზაში”. დახრუკულ პოლიციელებს უახლოვდება მოხუცი ქალი… აფურთხებს! კისერში მოუიჭირა. აქვითინდა.
შუადღისთვის გამოდის პატრიარქი: ,,… დასანანია, რომ პირველად ისტორიაში მართლმადიდებელი ერი გვბომბავს…”. ამ სიტყვების გაგონებაზე გიორგი საწოლიდან წამოვარდნილა და როგორც შემდეგ მიყვებოდა, დაუწყია დღიურის შედგენა.
თბილისში ჩამოსული ჩემთან მოვარდა. წესიერად არც მომესალმა, შემოსვლისთანავე გაცხარებით დაიწყო: ,,რა მოხდა, ბიჭო, ,,პირველად” – მე-11 არმიის წითელ კომისრებს კასეტური ბომბები არ ჰქონიათ, არა?! არც ტანკები ეყოლებოდათ მაგ ნაბოზვრებს! არ ყოფილაო – გესმის შეენ?! ესენი ვინ არიან, ვინ?!”.. Mamo Voin
11 აგვისტო, ორშაბათი. დილიდან დეპრესია, ცრემლები… დღის 4-5 საათი, ,,მესიჯი” თბილისიდან – ,,ორპირისკენ დაიძვრნენ”. იგივე ესმოდა ეზოში ჩამომსხდარ ჭორიკანა ქალებისგან. ,,რუსული ტანკები მოდიან, ტან-კე-ბიი!” – იმეორებდა გიორგის ადუღებული გონება. უმოქმედობა, უმწეობა აუტანელი შეიქნა, სულ გადაირია! ეზოში ჩავიდა. თავში ათასგვარი სისულელე უტრიალებდა: ,,რა ვქნა, რაა?!”… სულ მოკლე ხანში სასოწარკვეთა გაცოფებით, შემდეგ კი გაბედულებით შეიცვალა: ,,ჩემი ოცნების აღსრულების დრო დადგა! ტანკებს გადავუდგები!”. უჩვეულო ეიფორია დაეუფლა. ,,ჰო, გავალ და ტანკების კოლონას მანქანით გავაჩერებ… დიახ, ასე! მაგათი..! ავტოც არაა დასანანი – ,,07”-ა, თანაც ძველი… გადმოვხტე მანქანიდან თუ გმირულად შევწირო თავი? მეყოფა გამბედაობა? კარგი, ადგილზე გავარკვევ”. სახლში შემობრუნდა და მზადებას შეუდგა.
წყალი გადაივლო. ცელოფნის პარკებიდან უხმარი მაისური და საცვალი ამოიღო, საზეიმოდ გამოეწყო. ,,Hugo Boss”-ის ყუთი გახსნა და უხვად დაისხა. შემდეგ, ჩვენი ღამის საუბრებისას, ამ ფრიად საინტერესო დეტალს ღიმილით განმარტავდა: ,,მორგში, მნახველების დასანახად, ,,ტანკგადავლილი გმირი” ხომ უნდა ვყოფილიყავი სათანადოთ დაზმანული, არც სასიამოვნო სურნელი იქნებოდა უმნიშვნელო”.
საკუთარი გამბედაობით შეშინებული გიორგი ცახცახმა აიტანა. ეზოდან კვლავ რუსების მოლოდინით აღელვებული მეზობლების ხმები მოესმა. ფანჯრები დააღო, კომპიუტერთან მივიდა, საქართველოს ჰიმნი ბოლო ხმაზე დააგუგუნა! როგორც იქნა, გაეტია. მანქანა დაქოქა, გამგეობის შენობასთან მივიდა. დგას ორპირის მთავრობა და ,,ელიტა”, ასე ოცი-ოცდაათი კაცი. რატომღაც საზეიმოდ გამოწყობილან… დადგა:
– რა ისმის, მოდიან?
– ახლა გამოვასწარით სენაკიდან, იქანა არიენ ჯერე… შეიძლება დეიძრენ!
– ბიჭებო, ასე ხომ არ ვიდგებით?! მოდით ტრასაზე გავიდეთ და ჩამოშვებული თავებით მაინც დავდგეთ… არ შევაფურთხოთ მტეერს?!
თავისდაუნებურად ადვილად შეცვალა ადრე მიღებული თავგანწირვის გეგმა – გმირობა, პატრიოტიზმი, ხომ თითქოს სასირცხვილოცაა. უხერხული პაუზა ორპირის მერმა დაარღვია:
– ბატონო გიორგი, როგორ გეკადრებათ? ახლა მაგის დროა?! არ გაგიგიათ – ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო?”
თავისთვის გაიფიქრა – ოხ, შენი ,,ბაბაია” დედას შ…ო!, ხმამაღლა კი ვერ შეჰკადრა – მერია, რაც არ უნდა იყოს. ჯერ გაჩუმდა… და მაინც აფეთქდა:
– კი მაგრამ, გუშინ ჩვენ ძმებს და შვილებს რომ უშვებდი სასაკლაოზე, ეგ როგორაა?! ისინი დაგეტოვებინა ,,ბაბაიას” დასაძახად და შენ წასულიყავი ფრონტზე!
გარშემო სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. მაღალი საზოგადოება დაიშალა, მოშორებით მანქანებთან ჩამოდგა. გიორგი მიყვებოდა: ,,ელიტა” ფიქრობდა – ტო, ამას შიგა აქვსო! დამცინავ, სმა-ჭამისგან დასიებულ როჟებზე ეწერათ ქონიანი აზრები!”. სულ სამნი დარჩენილან: გიორგი, მერი და გამგეობის პატარა, თავმოტვლეპილი ბუხგალტერი. ეს უკანასკნელი მიბრუნებია გიოს და ყბამოქცევით ჩაულაპარაკია: ,,გიო, მეც სიამოვნებით შევაფურთხებდი რუსებს, მაგენის დედა მ…ყან!”. ჩუმად უთქვამს, ვერ გაუბედავს გენერალური ხაზიდან გადახვევა. პაუზა გაგრძელდა. მერმა სცადა, განემუხტა მდგომარეობა:
– მაგათი დაგეგმილი ოპერაცია, აბა რა იქნებოდა?! ტყუილად ჩახოცეს ამდენი ხალხი!
– ახლა გახდნენ ,,მაგენი”?! ამდენი წელია მთავრობაში ხარ და ,,მაგათიო”?!
,,ჩაისვარეთ, თქვე ნაძირლებო და ,,მაგათიო?!”,– ეს უკანასკნელი კვლავ არ უთქვამს, მხოლოდ გაიფიქრა და მერის მაგივრად შერცხვა.
– კაი დაწყნარდი, გიოია, რაია ბიჭო…
ამ სიტყვებით მიუახლოვდა ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი და ყურში ნდობით ჩასჩურჩულა:
– წადი გიოია, ბენზინი ჩაახსი დროზე, ამგენს ყ…ზე კიდიათ და შენ დარჩები ცარიელი!
,,ფუი, თქვენი დედებს შ…ი!” – ამ გინებამაც მხოლოდ გონებაში გაუელვა. საწვავის შესავსებად გაიქცა. მისულს, ბენზინგასამართი ტუმბოებიდან რეზინის ,,შლანგები” წამძვრალი დახვდა. ,,უხ, თქვენი მშიშარაა…! თქვე განდონებო!” – შესძახა ამჯერად ხმაამომდგარმა გიორგიმ და მარტომ გადაწყვიტა ჩაფიქრებულის განხორციელება. გაქანდა ცენტრალური გზისკენ. მანქანა გააჩერა. ხედი ზედმეტად მოშიშვლებული მოეჩვენა და ახალ ადგილზე გადავიდა. 17
გიორგი ორპირის გადასასვლელ ხიდთან საკმაოდ მოძველებულ შინდისფერ ,,07”-ში იჯდა და ტანკების კოლონას ელოდებოდა. მტრის ტანკები ჯერ არ ჩანდა…
ამასობაში, კვლავ საკუთარი თავგანწირვით აღფრთოვანება მოეძალა. შეეცოდა კიდეც გარდაცვლილი გიო – ,,კალაშნიკოვის” ტყვიებით განგმირული, ტანკის მუხლუხოებით დამახინჯებული, მაგრამ ქალებისთვის მაინც სასურველი, ჯინსებში და ახალ ტრუსებში გამოწყობილი, ,,Hugo Boss”-ის სურნელით. კანში ვეღარ ეტეოდა. შეუდგა ახლობლებთან შენიღბული შინაარის მორიდებულად ჰეროიკული სმს-ების დაგზავნას. გიორგის ხომ, საკუთარი გამბედაობისაც კი სცხვენოდა. რამოდენიმე პასუხის ან სულაც დუმილის მიხედვით მიხვდა – მისი ბუნდოვანი აზრები, ან არავის ესმოდა, ან სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ,,არაფერია, მე თქვენ გიჩვენებთ, როგორ უნდა მტრის დახვედრა! ცოტაც მოიცადეთ და ნახავთ – ვინ ვარ მე!”,– ფიქრობდა მარტოობისგან მოწყენილი გიორგი. გავიდა საათი, ორი… რუსული ტანკები კვლავ არ ჩნდებოდნენ. ძილი ერეოდა, სმენაც მოუდუნდა, ვეღარც გრუხუნს ელოდებოდა უწინდელი გაფაციცებით.
გვიან ღამეა. ერთი აზრი აეკვიატა, თითქოს ვიღაც ჩასძახოდა ყურში: ,,წადი რა, წაეთრიე სახლში, შე ჩემისა. დაიღალე, თან ავად ხარ. ეს ბოზებიც არ მოდიან, როდემდე გინდა ელოდო? ხომ ხედავ მარტო დარჩი…”. მართლაც მოსწყინდა, მოშივდა, დაღლილობაც მოეძალა. გმირულმა აღტკინებამ კლება იწყო, ეიფორიამ გაუარა და გიოც საბოლოოდ დანებდა. ის სახლში დაბრუნდა. მანქანა ფარეხში აღარ შეაყენა, გარეთ, აივანთან მიაჩერა, თუ დაიძრნენ ტანკები, ეგებ ღამე მომიწიოს გასვლაო. ძველი გამოცდილებით ნაკარნახევი ფიქრი დაეუფლა: ,,ახლა მარადიორობა დაიწყება, საბურავებს მომპარავენ”. საკმაოდ მოძველებული შინდისფერი ,,07” ეზოში აღარ დატოვა და ფარეხში შეაყენა.
,,არადა, რა დროს საბურავები იყო, ბიჭო? ფუ, რა განდონი ვარ!” – გაბრაზებით იმეორებდა ჩვენი ,,ღამის საუბრებისას“ გიორგი. ,,აზრზე ხარ, ტოო, მაინც მეშინია სიკვდილის?! ამდენი განსაცდელის შემდეგ, მაინც?! ისე, არც ასაფეთქებელი მქონდა რაიმე – ,,ლიმონკა”, ,,პლასტიდი”… ეჰ, რაც არ უნდა ვთქვა, მხდალობამ იცის ეგ და… მარტოობის განცდამ. ადამიანს მხარი სჭირდება, მეგობრის, ისე ძნელია გმირობა. შენ რომ ყოფილიყავი, დედას ვუტირებდით, ზუგდიდში ჩავაკითხავდით მაგ ნაბოზვრებს, არა?!”.
თბილისში საღამოს გამართულმა საპროტესტო მანიფესტაციამ და ხუთი ქვეყნის პრეზიდენტის ჩამოსვლამ გიორგი ოდნავ დააწყნარა. ტელევიზორთან მიმჯდარი დემონსტრანტებთან ერთად გულაჩუყებით ტიროდა. გადმოსცეს ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკ-კეინის განცხადება: ,,დღეს ყველანი ქართველები ვართ!”. ,,ჯიგარი ხარ მაკკეინი, ჯი-გა-რი!” – შესძახა გიორგიმ და მალევე ჩაეძინა.
გამთენიისას, ძილშივე კვლავ საპროტესტო აზრი გაუჩნდა. წამოხტა, წყალი გადაივლო და გაქანდა სამხატვრო სალონში. შენობის წინ, გაუკაცრიელებულ ტროტუარზე დალაქი და მეწაღე მშვიდად აგორებდნენ ნარდს. ,,ამათთვის არაფერი მომხდარა?!” – გაიფიქრა გიორგიმ. კამათელი ჩაუჭრა, მრისხანედ შეხედა, ნარდი დაუხურა და უსიტყვოდ თავისკენ იხმო. აცახცახებული სალონში შევარდა. მხატვარი, ჩამწვარი ,,ზვიადისტი“, მაკ-კეინივით ჯიგარი აღმოჩნდა! სახელდახელოდ გამართულ მიტინგზე – მეწაღის, დალაქის, მხატვრის, დამლაგებელ ოლიას, მისი მცირეწოლოვანი შვილისვილი გოგოს და რამდენიმე შემობოდიალებულ ლოთის თანდასწრებით წარმოთქვა მხურვალე სიტყვა:
,,ძვირფასო თანამემამულენო!
სამშობლო განსაცდელშია! საქართველოს ჩრდილოელი ურდოები შემოესია!
ჩვენ ღირსებას თელავს რუსული ჩექმა! დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია, ჩვენი შეიარაღებული ძალები და პოლიცია ხალხთან ერთად განაგრძობს შეუპოვარ ბრძოლას პირსისხლიან მხეცთან! ჩვენთან არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები!
…ახლახან შევიტყვე, ორპირელი სამშობლოს მტრის, ,,კგბ”-ეშნიკ იგორ გიორგაძის ,,ნახალოვკელი” და რიონისპირელი თანამოაზრები ღამღამობით გადარბიან მეზობლებთან ცხელი ხაჭაპურებით და შემწვარი გოჭის ხორცით… ნაძირლები ჭიქით ხელში ულოცავენ ერთმანეთს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მოახლოებას! მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მტრის და ადგილობრივი მოღალატეების პროპაგანდას! იყავით მხნედ და იმედიანად!
ჩვენთან არს ღმერთი. ჩვენ მხარესაა სიმართლე და ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ძალა ერთობაშია! ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”.
ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ყოველივე, რაც გულში არ ეტეოდა ამოანთხია:
,,ყოველი კოლაბორაციონისტი პირადად ჩემგან მიიღებს შუბლში ტყვიას! ოჰ, მე რუსების დედას ######!”. ოლიას მცირეწლოვანი შვილიშვილი ატირდა. დამსწრე საზოგადოება უხმოდ დაიშალა. მაგრად გასწორებია მხოლოდ ,,ზვიადისტს“! გიორგის ცეცხლოვანი გამოსვლის შემდეგ ძლივს ამოუდგამს ენა – უუხ, ამათი ღორიო..! კიდე კაი შენ გამოჩნდი, თორე ამ ორპირელმა ,,პუტჩისტებმა“ ხომ შემჭამესო! რუსებო თქვენი დედა მ…ნო! – იმასაც ასე დაუსრულებია. მანქანაზე საპროტესტო წარწერის გასაკეთებლად გიორგის მისაშხურებელი საღებავები ამოუღია. ,,ნუ გააფუჭებ ამ კუკლასავით ,,ნოლსემს”, აგერ მისაწებებელი ქაღალდი მაქვსო – უთქვამს ზვიადისტს და გაჩაღებულა დიდი მუშაობა. ფერი შეურჩევიათ – ხასხასა ყვითელი. წინ ,,კაპოტზე”, უკან საბარგულზე და მანქანის ორივე გვერდზე დიდი, ყვითელი ასოებით ამაყად მიუწერიათ – ,,STOP RUSSIA!”. ძველმა რევოლუციონერმა – ,,შენ მიტკალი მომიტანე, საღებავი და დიდი პლაკატის დახატვა ჩემზე იყოსო! ხელში დავიჭიროთ და გადასასვლელ ხიდთან ტრასაზე გავიდეთ, მე არაფრის არ მეშინიაო! ამათი მოღალატე, შევარდნაძის ლაქია დედაცო!”. ,,საღოლ, ჯიგარი ხარ, ჯემალია-ზვიადისტო!” – შეუქია გიორგის და წამოსულა.
ქალაქში გაქანდა, სააგიტაციო ავტომობილით ერთი-ორი წრე ორპირს მოარტყა. მართალია, ზედმეტი ყურადღების მიქცევის ძლიერ ერიდებოდა, მაგრამ მოსახლეობის საბრძოლო სულს ხომ უნდოდა გაღვივება?! ისიც თითქმის ჩამქვრალ ნაკვერჩხალს უბერავდა. ხალხი ცხოველი ინტერესით უცქერდა გიორგის და მის ავტოს – აი, გიჟიო, ფიქრობდა. საკვების შესაძენად მაღაზიასთან მიაჩერა, ორი დღეა მხოლოდ სიგარეტს ეწეოდა და ყავას აყოლებდა. დახლებზე სიცარიელე დახვდა. მონებში მშიერი კუჭის შიშს უფეთქია! ორპირელებს ძეხვი, სოსისი, სარდელი და შპროტის კონსერვები დახლებიდან დაუტაციათ. ნაცნობმა გამყიდველმა გოგომ, რომელიც გიორგის ეპრანჭებოდა, სამი სოსისი ძლივს გაიმეტა. ორპირიდან ჩამოსულმა, თავისი წუხილი ასე გადმომცა: ,,მაღაზიიდან გამოსვლისას წარმოვიდგინე: ,,მაგიდასთან ზის ოჯახი. მამა, დედა, შვილი. მსუქნები. ჩქარ-ჩქარა იტენიან პირში ძეხვეულს. ცხიმიანი ტუჩები. კბილებში გაჩხერილი ვარდისფერი ნაწილაკები. ნახორცალი მაგიდაზე ცვივა. მთელი დღეა ჭამენ და ჭამენ!.. შიში აღორებს ადამიანს თუ გაღორებული ადამიანია მშიშარა? არ ვიცი, ალბათ ორივე’’.A Georgian man cries near the body his relative after a bombardment in Gori
მომდევნო დღეებში ტელევიზიით გავრცელდა საშინლად დამამცირებელი კადრები: ,,ქართველი მამაკაცები გზაზე დაგდებული ჰყავთ, ავტომატიანი რუსები შეშინებულ გლეხებს ჩხრეკენ. ყაჩაღები წაწოლილთ ფეხსაცმლის წვერით მიუთითებენ, თუ რა ბრძანება შეასრულონ. ნივთებს უყრიან. ბოლოს ზედა სამოსს ხდიან და შიშვლებს უშვებენ. გიო ისე გამწარდა, ისეე! რა ექნა?! მერამდენედ – ოხ, თქვენი დე-დებს შ…ცი მეეეო! – თუ იტყოდა. ასეც მოიქცა… ომის ქრონიკა გრძელდება: ,,რუს ,,მეომარს” ჩანთაში მონადირებული ოქროს ჩანგალი უდევს; საგუშაგოზე სატვირთო რუსულ მანქანას აჩერებენ – ნაძარცვი სარეცხი ფხვნილი, ქვაბების სახეხი ჟელე; ყაზარმის კედლებიდან ,,შტეპსელებს” აძრობენ, ,,ბომჟებს” უნიტაზები, ნახმარი ,,ბოტასები”, სამხედრო ფორმა გააქვთ!”. ,,ფუი, თქვენი!” – კვლავ და კვლავ იმეორებდა გიორგი. ,,მერე გეტყვიან – აბა ტოლსტოიო? და დოსტოვსკის რას უშვებიო?! არა, ძმაო, ეგენი არიან კგბ-შნიკების და ბომჟების ერი! ჩემმა ზიზღმაც ირაციონალური ხარისხი შეიძინა და მორჩა მაგათზე ბაზარი!.. ნუ, ერთი… ორასი წლით მაინც! მერე ვნახოთ…”.
…გიორგი დღესაც ზის, ამჯერად რუხ-ვერცხლისფერ, საკმაოდ მოძველებულ ,,Golf-4”-ში, ახლა უკვე თბილისში და ტანკების კოლონას ელოდება. ზის არა მარტო ის, მეც იქ ვარ… და ბევრი სხვაც. ამჯერად რუსული ტანკები უფრო ახლოს არიან, 40 კილომეტრში თბილისიდან. ჩვენ ყველანი ადგილზე ვართ!
გიორგი იჩემებს – კაცი ბუნებით მონადირეა და მეომარიო. ამიტომ ასე აყალიბებს საკუთარი ცხოვრების აზრს: ,,პირადი – ,,ოცნების გოგოს” პოვნა; საზოგადო – გმირობა, სასურველია – რუსული ტანკის ქვეშ შევარდნა. პირველი – ძნელია, მეორე – უპირატესიო”,– ასე აფასებს მიზნების მნიშვნელოვნებას. ,,სხვა ღირსეული საქმე არ ჩანს, სამშობლოსათვის მაინც შევწირავ თავს. ვაღიარებ, გმირი არ ვარ, უბრალოდ, უაზრო ყოფამ ისე დამღალა, მიჯობს დროზე მოვკვდე და თანაც სასარგებლო საქმე გავაკეთო, ცხოვრებაში რაღაც კვალი მაინც დავტოვო. ძმაკაცები შემაქებენ, შვილები იამაყებენ – მამაჩვენი მაგარი კაცი იყოო! ქალები ხომ სულ გადაირევიან და დადნებიან – რა ბიჭი იყო გიორგი, ნაღდი კაცი და გმირიო! სულ ეგაა რა”
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://odilavadze.wordpress.com/2013/02/20/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C/
მაინტერესებს ვინ რას ფიქრობთ ამ პატარა მოთხრობაზე
ომის პერიპეტიები, ოკუპანტი, მიშა, ტანკი და ასეთი ამბები არ მაინტერესებს.
უბრალოდ რას იტყვით ამ მოთხრობაზე? რა გრძნობა აღძღა თქვენში?