Giorgio-Geo
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 79
წევრი No.: 173000
რეგისტრ.: 8-September 13
|
#37928354 · 8 Sep 2013, 15:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არსებობს მოსაზრება, რომ თუ არა ომები - საზოგადოება ამ ტემპებით არ განვითარდებოდა. აღნიშნულის მოსმენისას ძირითადად შეწინააღმდეგებისა და საპასუხო არგუმენტების მოყვანის სურვილი უჩნდება ადამიანს, მაგრამ თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ არის ამ აზრში სიმართლის მარცვალი და არცთუ ისე მცირე. ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ერთი მხარე მეორეს პრიმიტიული იარაღებით სძლევდა და რაიმე ქონებას გასტაცებდა, ჩაეყარა საფუძველი იარაღის, როგორც ძალისმიერი ფაქტორის უზრუნველყოფის საშუალების განვითარებაზე მუშაობას. საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკური რუკა იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ ვის უფრო ძლიერი არმია ჰყავდა, რაც თავის მხრივ უფრო მძლავრ, თანამედროვე და ეფექტურ შეიარაღებას გულისხმობდა. აღნიშნული ტენდენცია თანამედროვე სამყაროშიც გრძელდება და პოლიტიკური თუ დიპლომატიური ელიტის მიერ გატარებული საქმიანობის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ულტრათანამედროვე შეიარაღების ფლობაც, თუმცა ეს სულ სხვა თემაა და სჯობს თავდაპირველს დავუბრუნდე. იარაღით შეიძლება როგორც სიკეთის დაცვა, ისე ბოროტების ხელშეწყობა. რა თქმა უნდა სასურველი იქნებოდა მისი გამოყენება ორივე ზემოთ ხსენებული მიზნით სულ უფრო იშვიათად ხდებოდეს, თუმცა ერთი რამ უდავოა: იარაღი მოდის უხსოვარი დროიდან, დღესდღეობითაც ვითარდება და სამომავლოდაც იარსებებს. წინამდებარე სტატია არც იარაღის რეკლამასა და პროპაგანდირებას ემსახურება და არც მისი აკრძალვის ილუზიურ ქადაგებას. მისი მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენოს მკითხველს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შეხება აქვს შეიარაღებასთან ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სათანადო სიფრთხილის გამოჩენა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. იარაღს არ შეიძლება რამდენიმე მეპატრონე ჰყავდეს. როგორც წესი ის ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე ფორმდება, რომელიც ახდენს მის მოვლას და საჭიროების შემთხვევაში - გამოყენებას. მფლობელმა უნდა იცოდეს მასზე გაფორმებული იარაღის როგორც ზოგადი, ისე ინდივიდუალური ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, მისი გამყენების წესები, უსაფრთხოების ნორმები და რაც მთავარია - უნდა იცავდეს დადგენილ წესებს. ერთი წამითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ არის სათამაშო და მას ძალზე მარტივად შეუძლია სიცოცხლის წართმევა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ცეცხლსასროლი იარაღის მოვლისა და შენახვის პირობების დაცვას. თითოეულ იარაღს შეძენისას მოჰყვება მწარმოებლის მიერ დადგენილი ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია კონკრეტული იარაღის მოდელზე ექსპლუატაციისათვის აუცილებელი წესები, რეკომენდაციები თუ სხვა სასარგებლო ინფორმაცია. კარგი იქნება თუ მყიდველი გულდასმით გაეცნობა მას, რადგან მომეტებული საფრთხის ობიექტს წარმოადგენს გაუმართავი იარაღი, რაც თავის მხრივ შეიძლება არასწორი ექსპლუატაციით იყოს გამოწვეული. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია როგორც დანაშაული. კერძოდ, დასჯადია ,,ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, გლუვლულიანი სანადირო თოფის) დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.“ დასჯადია აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი). აღნიშნული მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, თუ იგი ნებაყოფლობით ჩააბარებს მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებულ, ზემოთხსენებულ მუხლში ჩამოთვლილ საგნებს და თუ მის ქმედებაში არ არის დანაშაულის სხვა ნიშნები. აღნიშნულიდან გამომდინარე ერთი რამ უდავოა: თუ გაქვთ რაიმე შეხება ცეცხლსასროლ იარაღთან, კარგი იქნება თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერ საფუძველზე ხდება. ამრიგად, შეისწავლეთ და დაიცავით იმ იარაღის ექსპლუატაციის წესები, რომელსაც ფლობთ, გაეცანით აღნიშნული სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას, ამასთან ნურასდროს უგულვებელყოფთ უსაფრთხოების ნორმებს.
|