"აფხაზეთისა და თბილისის მიწაში ცალ-ცალკე დამარხული ჩემი შვილის სხეულის ნაწილები გავაერთიანეთ"
17 წლის ნუკრი გერგედავა დედის თვალწინ დახვრიტეს, ქალბატონი ნაირა კი სასტიკად აწამეს. ამ სატანჯველის გამოვლის მიუხედავად, ინგირამდე ჩამოაღწია და აფხაზეთის მიწასა და სისხლში აზელილი შვილის ცხვირის ხრტილი თან წამოიღო. დედის თხოვნით, ნუკრი გერგედავას სხეული მისმა აფხაზმა მეგობრებმა სოფელ ვარჩეში დაკრძალეს (მოგვიანებით, ნუკრის მამა გარდაიცვალა, მას შვილის ცხვირის ნეშტი საფლავში ჩაატანეს). "აფხაზეთისა და თბილისის მიწაში ცალ-ცალკე დამარხული სხეულის ნაწილები შეერთებას ითხოვს!" - ამბობდა "კვირის პალიტრასთან" ნაირა კალანდია-გერგედავა. მისი ვაჟის ნეშტის ვარჩეს სასაფლაოდან თბილისში (ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე) გადმოსვენება ამ ტრაგედიიდან 19 წლის შემდეგ მოხერხდა.
ნაირა კალანდია-გერგედავა:
- ყოველი სექტემბრის მოახლოება ჩემთვის იმ კოშმარის განახლებაა, რაც გამოვიარეთ. ჩემი ნუკრი არძინბას დაბადების დღეზე, 30 სექტემბერს დახვრიტეს. სამწუხაროდ, ეს საშინელება გააფხაზებულმა ქართველმა ჩაიდინა. შარშან ჩემი ვაჟის ბავშვობის აფხაზი მეგობრები შემეხმიანენ, შესაძლოა ნუკრის გადასვენებამ სადმე სხვაგან მოგვიწიოს, რადგან ვარჩეს სასაფლაოს აუქმებენო. იქ ძირითადად, ქართველები იყვნენ დასაფლავებული. ძალიან ავნერვიულდით და ვთხოვეთ, თუ მოხერხდებოდა, ნუკრის ნეშტი ინგირამდე მოეტანათ. მორიდებით მითხრა, ხარჯებთან არის დაკავშირებული, საკუთარი ჯიბიდან გავიღებდი, მაგრამ ამის საშუალება არა მაქვსო. მოკლედ, ნუკრის ნეშტის ამოთხრას, ყუთში მოთავსებას და ტრანსპორტირებას ფული სჭირდებოდა. თანაც ხომ არ გგონიათ, რუსი მესაზღვრეები ნუკრის ცხედარს უპრობლემოდ გამოატარებდნენ?! მინიმალური თანხა 900 დოლარი იყო. იმ ახალგაზრდამ, თუ რამე მორჩება, უკან გამოგიგზავნითო... ერთმა ღვთის მადლით აღსავსე ქალმა მასესხა ფული, რომელიც შუამავალს გადავეცით.
- იდენტიფიცირება როგორ მოხდა?
- ზუსტად იმ ადგილას ჰქონდა თავის ქალა დაზიანებული, სადაც ტყვია მოხვდა. ადრე თქვენთანაც ვთქვი, ერთ აფხაზს ტყვეობაში მყოფი ნუკრი შეეცოდა და ტყავის ქურთუკი მოახვია-მეთქი... მაშინ ჩემი შვილი ინტუიციით გრძნობდა მოსალოდნელ სიკვდილს, სციოდა კიდევაც და კანკალებდა. ჰოდა, იმ ქურთუკით იყო დაკრძალული. მითხრეს, რომ მისი ნეშტის ამოღებისას ხელში ქურთუკის ნაგლეჯიც შერჩათ და ისიც გამოგზავნეს. ერთ საინტერესო დეტალსაც მოგიყვებით: ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალული არიან დედაჩემი და ჩემი მეუღლე. ნუკრის საფლავის გათხრისას მიწა ჩამოიშალა და ჩემი ქმრის კუბოს ნაწილი გამოჩნდა. ტირილი დავიწყე, რადგან ნუკრის ცხვირის ხრტილი (ხელსახოცში გახვეული) მამამისს ჩავაყოლეთ, ამჯერად ჩვენი ვაჟიშვილი მამის კუბოს ზედ გადავაწვინეთ და ისე დავმარხეთ. ასე მგონია, ამით ორივეს სული ბედნიერი იქნება. ჩემს ნუკრის აფხაზეთის მიწა-წყლის გარეშე ყოფნა ერთი წუთით ვერ წარმოედგინა - აფხაზებმა ჩემი შვილის ყოფილი საფლავიდან აღებული ერთი მუჭა მიწაც გამოგზავნეს. ეს ჩვენი მშობლიური მიწაა. დევნილები ამ მიწას რომ ნახულობენ, ტირიან. ზოგი მთხოვს, ერთი კოვზი მეც მიწილადეო. 20 წელი გავიდა... არ ვკარგავთ იმედს, რომ იქ დაბრუნება გვეღირსება.
http://www.kvirispalitra.ge/public/18591-q...rthianethq.html