"საქართველო სწორი მიმართულებით მიდის"
19:56 12.09.2013
DFWatch-ის ინტერვიუ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩთან კენეტ იალოვეცთან.
- თითქმის 11 თვე გავიდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჩატარდა, სადაც ქართული "ოცნების კოალიციამ" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა და მთლიანი პოლიტიკა შეიცვალა. ამან აშშ-ის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ახლა, არჩევნებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ რა აზრის ხართ არჩევნების შედეგების შესახებ, იყო ეს წინ გადადგმული ნაბიჯი თუპირიქით?
- არ მიმაჩნია, რომ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. გასული ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, მასში გაიმარჯვა ოპოზიციურმა კოალიციამ "ქართულმა ოცნებამ", პრეზიდენტი სააკაშვილი დათანხმდა არჩევნების შედეგებს და გზა დაუთმო მათ. რა თქმა უნდა, ის ისევ პრეზიდენტია. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგად იქნა მიღებული არა მარტო აშშ-ის მიერ, არამედ დასავლეთ ევროპაში და ყველგან, სადაც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან.
ყოველივე ამან მოიტანა ახალი პერიოდი. პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე 8 წელზე მეტია, რაც ამ პოსტს იკავებს და ხალხი შეჩვეული იყო მას. ახალი პრემიერ-მინისტრი არ იყო ცნობილი. ჩვენ არ გვქონდა მასთან დიდი კავშირები. ხალხი იმყოფებოდა არჩევნების სამართლიანობის გავლენის ქვეშ, მაგრამ ჩვენ არ ვიცნობდით ბატონ ივანიშვილს. ჩვენ ვიცნობდით ბევრ ადამიანს "ქართული ოცნების" კოალიციიდან, მაგრამ ეს გაურკვევლობის პერიოდი იყო. არჩევნების შემდეგ არსებობდა შეშფოთება, როცა მოხდა წინა მთავრობის წევრების დაპატიმრება და ბრალდებების წაყენება. გამოითქვა შეშფოთებები, მათ შორის ჩემს მიერაც, რომ ყოველივე ეს არ ქცეულიყო იმად, რასაც ჩვენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ვეძახით და ახალ მთავრობას არ დაეწყო წინა მთავრობის წარმომადგენლების უმიზეზოდ დაპატიმრება. ბატონმა ივანიშვილმა განმარტა, რომ ამ ადამიანებს ბრალი წაუყენეს არა პოლიტიკური მიზეზების გამო, არამედ იმ დანაშაულების გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს თანამდებობაზე ყოფნისას. მაგრამ მაშინ იყო გაურკვეველი პერიოდი და ვიცოდით რა საქართველოს პოლიტიკის ისტორია, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამდით იმის გამო, რომ ამ სასამართლო პროცესებში შეიძლება, ყოფილიყო პოლიტიკური ელემენტები. კოჰაბიტაცია არ იყო ადვილი, ის ძალიან ძნელი აღმოჩნდა.
მე წავიკითხე ბათუმში აშშ-ის ხომალდზე პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მომხდარი უთანხმოების შესახებ. ჩვენ მთავრობაშიც ხდება ასეთი ფაქტები. მათ ერთმანეთს სერიოზული ბრალდებები წაუყენეს. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ კოჰაბიტაციას არ მოჰყვა ძალადობა და მთავრობის ჩამოშლა.
თავდაცვის მინისტრი ალასანია იმყოფებოდა აშშ-ში და მე მოვისმინე, თუ როგორ საუბრობდა ის იმის შესახებ, თუ რაოდენ რთულია კოჰაბიტაცია. თუმცა ის ეფექტური აღმოჩნდა სამხედრო რეფორმების თვალსაზრისით, ჯარის მოდერნიზაციაზე მუშაობისას და ეს დამაიმედებელი იყო, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ კოჰაბიტაცია რთულია. ზოგჯერ ის ეფექტურია, მაგრამ ეს ახალი რამაა თქვენთვის და თქვენ აამუშავეთ ის კარგად.
ახლა რაც გვაშფოთებს არის ის, რომ თქვენ ახსენეთ, გვიახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ეს ორი სახის გაურკვევლობას წარმოშობს. ვიცი, რომ ამას უკვე აქვს გავლენა უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოში. არსებობს ხალხი, რომლებიც შეშფოთებულები არიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკური სიტუაცია იქნება შემდგომ თვეებში. ჩემი აზრით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნები. არ ვღელავ ამ არჩევნების სამართლიანობაზე. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გაიმართოს კარგი ხარისხის დებატები საქართველოს საგარეო პოლიტიკის, რუსეთთან ურთიერთობის და ეკონომიკური რეფორმების შესახებ. ეს წარმოადგენს შესაძლებლობას საზოგადოებისთვის, რომ გახდეს მოვლენებში ჩართული ხოლო პრეზიდენტისთვის კი წარმოადგენს ნდობის ძლიერი ვოტუმის მოპოვების შესაძლებლობას დასავლეთისა და ნატოს-კენ სწრაფვასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ყოველივე ეს კარგია. და მეორე საკითხია ივანიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლებლობა. ეს არის ის ორი გაურკვევლობა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რა გააკეთა საქართველომ, ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ვერ მოახერხებთ ორივე საკითხის მოგვარებას.
- არსებობს გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, ესტუმრება თუ არა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს. გასულ წელს DFWatch-ში გამოქვეყნებულ თქვენს შეხედულებაში ამბობდით, რომ ივანიშვილის განცხადება არჩევნების შემდეგ იმის შესახებ, რომ პირველ ვიზიტს ის აშშ-ში განახორციელებდა, კარგი სიგნალი იყო. მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ თითქმის წელიწადი გავიდა, ვიზიტი კი არ განხორციელებულა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
- მე არ ვარ მთავრობაში და შემიძლია, ჩემი პირადი შეხედულება გამოვთქვა. ძალიან მოხარული ვიქნებოდი, მეხილა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გახორციელდა წარმატებული ვიზიტების სერია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამარიკას ესტუმრა თქვენი იუსტიციის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია აშშ-ის ორჯერ, ეკონომიკის მინისტრი, გენერალური პროკურორი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და ახლახანს ამერიკას სტუმრობდა თავდაცვის მინისტრი. მიმაჩნია, რომ ყველა ეს ვიზიტი იყო სასარგებლო. ბევრი ამ ადამიანთაგანი კარგად იყო ცნობილი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ადრეც - ბ-ნი ალასანია და ბ-ნი უსუფაშვილი. ყოველივე ეს წარმოადგენდა მოსამზადებელ სამუშაოებს და ვიმედოვნებ, რომ ვიზიტიც განხორციელდება. მაგრამ ერთერთი პრობლემა იქნება ის, რომ ბ-ნი ივანიშვილი საუბრობს პოლიტიკიდან წასვლაზე და რთული იქნება აშშ-ში ვიზიტის მომზადება, თუ ის აპირებს თანამდებობის დატოვებას ექვს ან რვა თვეში.
მე ვიცი, რომ არსებობდა შესაძლებლობები ადრეც, როცა ის იყო ოპოზიციის კანდიდატი და მდივანი კლინტონი იმყოფებოდა საქართველოში. მან უარი თქვა ქ-ნ კლინტონთან შეხვედრაზე, რადგან ის ჯგუფის ნაწილი იყო და მას კლინტონთან მარტო შეხვედრა სურდა. მიმაჩნია, რომ ეს შეცდომა იყო. მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ შეხვედროდა ქ-ნ კლინტონს და კარგი იქნებოდა, თუ ის ასეც მოიქცეოდა და ვისურვებდი, რომ ყოფილიყო ამერიკაში მისი ჩამოსვლის სხვა გზაც, მაგრამ ივანიშვილს თავისი კრიტერიუმები აქვს, ჩვენ კი ჩვენი და ვერ მოვახერხეთ მათი ერთმანეთთან დამთხვევა. მაგრამ, ვაცხადებ, რომ ურთიერთობა ჩვენს სახელმწიფოებსა და მთავრობებს შორის ძალიან კარგია, გაგვაჩნია ძალიან კარგი კომუნიკაცია ყველა ასპექტში, რაც მინისტრების ვიზიტების შედეგია.
- თუ გავითვალისწინებთ ცვლილებებს კონსტიტუციაში, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს პრეზიდენტის ძალაუფლებას პრემიერ-მინისტრის ძალაუფლების ხარჯზე, არის თუ არა ეს არჩევნები აშშ-სთვის საინტერესო?
- რა თქმა უნდა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გათვალისწინებით, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ ჩატარდა, საპრეზიდენტო არჩევნებიც შესაბამისად თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. ეს საკითხი დასაფიქრებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ არჩევნები მართლაც ამგვარად ჩატარდება. ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე გადავა, მაგრამ მიმაჩნია, რომ სიმბოლურად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თუ არჩევნებში ერთიანი "ნაციონალური პარტიის" კანდიდატი გაიმარჯვებს, წარმოიშობა კოჰაბიტაციის საკითხი, თუ რამდენად შეძლებენ ამას. თუ "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს, თქვენ გეყოლებათ ერთიანი მთავრობა, რაც მოგცემთ ერთიანი პოლიტიკის ჩვენების შესაძლებლობას და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინ. ასე, რომ, რა შედეგიც არ უნდა მივიღოთ არჩევნებში, მას დაკვირვება სჭირდება. პირველი, თუ გაგრძელდება კოჰაბიტაცია, ის თუ როგორ შეძლებენ ისინი მუშაობას და მეორე - თუ პრემიერი და პრეზიდენტი ერთიდაიგივე პარტიის წარმომადგელები იქნებიან, გადაიდგმება თუ არა დიდი ნაბიჯები ეკონომიკური რეფორმების კუთხით და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, იმგვარად, როგორც თავდაცვის მინისტრმა ალასანიამ მიუთითა. ალასანიამ თავის სიტყვაში და აგრეთვე იმ შეხვედრაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, ისაუბრა ძალიან პროგრესულ და მნიშვნელოვან ნაბიჯებზე სამხედრო, რეფორმების, ვაჭრობის და ორგანიზაციის თვალსაზრისით და ხალხი დააკვირდება, თუ როგორ იმუშავებს ეს პროგრამები იმის მიხედვით, თუ რა გზით წავა საპრეზიდენტო არჩევნები: ა) თუ კოჰაბიტაცია გაგრძელდება, როგორ იმუშავებს მთავრობა; ბ) თუ იქნება ერთიანი მთავრობა, შეძლებს თუ არა ის სწრაფად და პირდაპირ იმოძრაოს ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების კუთხით.
- სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე და უკანასკნელი ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერში იწურება და მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ მკაფიო მითითება არ არსებობს. როგორ წარმოგიდგენიათ მისი პოლიტიკური მომავალი ოქტომბრის შემდეგ?
- ეს ძალიან კარგი კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ მას შეუძლია. იმდენად, რამდენადაც ვიცი, ის როგორი ნიჭიერი და აქტიურია, იმედი მაქვს, როცა თანამდებობას დატოვებს, დროს გამონახავს და თავის მემუარებს დაწერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უახლესი ისტორიის თვალსაზრისით. თუმცა, ვისურვებდი, მას მუშაობა დაეწყო ახალგაზრდებთან; ვისურვებდი, ის მეხილა უნივერსიტეტში, სადაც მას შეეძლებოდა, მემუარებიც ეწერა და აღმზრდელობითი სამუშაოც გაეწია ახალგაზრდებისთვის. ის ძალიან ქარიზმატული და ჭკვიანი კაცია, მიუხედავად იმისა, ეთანხმები მას თუ არა; მას ბევრი აქვს სათქმელი, ასევე აქვს საკმაო გამჭრიახობა და ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, და ნამდვილად მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, როგორც მისთვის, ისე - საქართველოსთვის, სული მოითქვას, როგორც ამას აშშ-ში ვამბობთ ხოლმე, დრო გამოყოს და აზრები მოიკრიფოს. იფიქროს იმაზე, თუ რის გაკეთება სურს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამის გაკეთების საუკეთესო საშუალება, რამდენადაც ეს მე თვითონ გამიკეთებია, არის უნივერსიტეტში წასვლა, წერა და ახალგაზრდების აღზრდა. შეგიძლია, კვლავაც წერო სტატიები, კვლავ გამოხვიდე სიტყვით, მაგრამ საქართველოში, შესაძლებლობას ლიდრობისთვის წარმოადგენს ის, რომ მიეჩვიო ახალ სახეებს და ახალ ადამიანებს. ასე რომ, ჩემი აზრით, შესვენება კარგია პრეზიდენტისთვის, და საქართველოსთვისაც კარგია, ჰყავდეს ახალი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი; ბატონი ივანიშვილი თავის პოსტზე დარჩება თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. ყველა ჩვენგანს სურს, იხილოს სტაბილური სიტუაცია საქართველოში, ახალი თაობით, ახალი ლიდერებით და ახალი ახალგაზრდებით, რომლებიც ასპარეზზე გამოვლენ. თქვენ ძალიან ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა ხართ, გამორჩეული ახალგაზრდებით დაჯილდოვებული, ახალი ადამიანებით, და ვისურვებდი, რომ მათ შესაძლებლობა მისცემოდათ და ასევე, მეხილა ახალი სახეები პოლიტიკურ არენაზე.
- ზოგიერთები შიშობენ, რომ სირიის კონფლიქტი შეიძლება, რუსეთს შეეხოს. შესაძლოა, არალოგიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ თუ სირიაში რუსეთის ინტერესები შეილახება, მან შეიძლება, ბრაზი თავის სუსტ მეზობელზე გადმოანთხიოს.
- არა მგონია, ასე მოხდეს. ხუთი წელი გავიდა რუსეთთან ომის შემდეგ, როცა მათ აშკარა ტაქტიკური სამხედრო გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ ჩემი აზრით, დიპლომატიურად დამარცხდნენ. ვფიქრობ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებამ ისინი დიპლომატიურ ჩიხში მოაქცია, კუთხეში, საიდან თავის დაღწევაც მათ არ შეუძლიათ. ამ ორის დამოუკიდებლობა მხოლოდ რამდენიმე პატარა ქვეყანამ აღიარა, ხოლო ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არავის უღიარებია. ჩემი აზრით, რუსეთმა სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ დიპლომატიური მარცხი განიცადა.
არა მგონია, მოცემულ მომენტში, იმ თვალსაზრისით, რაც მათ ჩაიდინეს, რომ მათ რაიმე სამხედრო ზომებს მიმართონ. შეიძლება, ვცდები. ჩემი აზრით, არ არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ისინი აპირებენ, საქართველოს თავს ისევ დაესხან. შესაძლოა, მე ვფიქრობ, რომ ისინი სხვა გზებს მოძებნიან, შეზღუდული სამხედრო დარტყმის საპასუხოდ. განსაკუთრებით, თუ მოხდებოდა იმის დემონსტრირება, რომ სირიელები ქიმიურ იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებდნენ, რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა ასადის მხარდასაჭერად გამოსვლა. შესაძლოა, მათ კიდევ შეიყვანონ ჯარი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ მათ ეს უკვე გააკეთეს. მათ იქ უკვე დიდი რაოდენობით ჯარი შეიყვანეს და ჩემი აზრით, ისინი აცნობიერებენ, რომ აშშ-მა რაც არ უნდა გააკეთოს სირიაში, მათთვის ეს შეზღუდულია. ჩვენ არ ვაპირებთ სირიაში დიდი რაოდენობით ჯარის შეყვანას, ყოველ შემთხვევაში, მე ასე არ ვფიქრობ. ასე, რომ, ესკალაცია არ იქნება ის, რაზეც ისინი ჩათვლიან, რომ რეაგირება უნდა მოახდინონ; გარდა ამისა, რამდენადაც ვიცი, მათი ჯარი ბრწყინვალე მდგომარეობაში სულაც არ არის. ისინი ჯერ კიდევ რეფორმის პროცესში არიან; ისინი დიდი რაოდენობით კორუფციას ებრძვიან. ასევე არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ რამის გაკეთების დიდი სურვილი ექნებათ. ვერ ვიტყვი, რომ დაცვა უნდა გავაძლიეროთ, ან ძალიან, ძალიან ყურადრებით უნდა ვიყოთ, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ რასაც აშშ გააკეთებს, არ იქნება ისეთი რამ, რაც სამხედრო ნაბიჯებსა და კონტრნაბიჯებს გამოიწვევს. ჩემი აზრით, პრეზიდენტი ობამა ასე ფრთხილად ამიტომაც მოქმედებს. თუმცა, რუსეთთან დაკავშირებით, რა მოხდება, არ ვიცით. მე პირველი ვიქნები, ვინც ამას აღიარებს. ბატონი პუტინი ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის თვითონ რუსეთში და ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალ-ყური.
- ეს ის სიტუაციაა, როცა ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის ფართოვდება და ეს სირიის ესკალაციის ამ ეტაპამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო. ამასთან მიმართებით, საქართველოს ნატო-ს წევრობის შესაძლებლობა იზრდება თუ მცირდება?
- ალიანსმა განაცხადა, რომ საქართველო მისი წევრი გახდება. ეს უფრო დროის საკითხია. როცა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აქ იმყოფებოდა, მან აღწერა მთელი რიგი ნაბიჯები; მას ესმის საქართველოს მოახლოებული არჩევნებისა და ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობა, ასევე, საქართველოს მიერ სამხედრო რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა. მან გამოსცა ძალიან საინტერესო პუბლიკაცია ინგლისურ ენაზე, სამხედრო რეფორმის პროექტის შესახებ, რომელიც ძალიან ამომწურავი და ყოვლისმომცველია. ჩემი აზრით, მან განაცხადა, რომ ის აღიარებს, რომ ამას დრო დასჭირდება. მაგრამ რასაც ის მოუთმენლად ელის მომავალი წლის ნატო-ს სამმიტზე, არის კონკრეტული, რეალური მითითება, პასუხი ნატო-სგან იმ ყველაფერზე, რასაც საქართველო აკეთებს.
ის უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელსაც თქვენ უწევთ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, ავღანეთში, ის ფაქტი, რომ თქვენ იქ ჯარისკაცები დაკარგეთ, აღიარებულია და ძალიან მაღალი შეფასება ეძლევა. მაგრამ ის ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ საქართველოს ძალიან სურს, მოისმინოს რაღაც ტიპის პასუხი, ალიანსისგან, რომლითაც მიუთითებენ, რომ ან არსებობს გარკვეული ტიპის სქემა, ან ეს არის სწორედ ის, რაც უნდა გაკეთდეს. მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი ისაა, რომ ის აღიარებს და თქვენი მთავრობა აღიარებს, რომ თქვენ ჯერ კიდევ შორს ხართ წევრობის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებისგან. ეკონომიკა კვლავაც საჭიროებს რეფორმირებას, ასევე, არსებობს პრობლემა, რა თქმა უნდა, არა თქვენ მიერ შექმნილი, მაგრამ ეს არის რუსეთის სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიებია, და რასაც შეიძლება ეს ნიშნავდეს ნატოს წევრობის თვალსაზრისით. არსებობს მთელი რიგი სამხედრო რეფორმები, რომლებიც უნდა გაატაროთ. ის ასევე საუბრობდა სპეციალისტების გადამზადების საჭიროებაზე, მოწყობილობებთან სამუშაოდ, ისე, რომ ქართულმა ჯარებმა უკეთ შეძლონ ნატოს შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა. კერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ჩემი საუკეთესო რჩევა იქნება, განაგრძოთ იმის კეთება, რასაც აკეთებთ. დავინახავთ და დავაფასებთ იმას, თუ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებთ, თუ გადაწყდება ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლისა თუ დარჩენის საკითხი, და თუ მას შეცვლის ღირსეული ადამიანი. ჩემი აზრით, ამ საკითხების გადაუჭრელობა ქმნის დაბრკოლებებს ნატო-სთან უფრო პოზიტიური ურთიერთობის საკითხში. ეს ერთ დღეში არ გადაწყდება. ჩემი აზრით, ამას ყველა აღიარებს. მაგრამ ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მიდიხართ და შეგწევთ ძალა, სიტუაციის გამოსასწორებლად მეტი ნაბიჯები გადადგათ.
http://pirweli.com.ge/?menuid=16&id=41657
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...