თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერებიდან 6 წელი გავიდა. BM.GE–მ მისი ალტერნატიული სახით განხორციელების ვადებთან და კონცეფციასთან დაკავშირებით კითხვით "საქართველოს რკინიგზას" მიმართა.
როგორც "საქართველოს რკინიგზაში" განმარტავენ, პროექტზე კვლევები დასრულებულია.
"გაცნობებთ, რომ ამ ეტპაზე, საბოლოო პროექტი, თბილისის შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით დამტკიცებული არ არის. კვლევები დასრულებულია, მიმდინარეობს მსჯელობა. ბუნებრივია, ნებისმიერი გადაწყვეტილება შეთანხმებული იქნება საქართველოს მთავრობასთან და თბილისის მერიასთან.
დეტალებზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ პროექტის დამტკიცების შემდეგ.
აქვე ავღნიშნავთ, რომ თავის დროზე შემოვლითი რკინიგზა იყო უფრო ურბანული, ვიდრე სარკინიგზო პროექტი და მას სარკინიგზო პირობების გაუმჯობესებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია", – ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში.
ის ფაქტი, რომ ალტერნატიული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით კვლევები დასრულებულია, BM.GE–ს საქართველოს რკინიგზაში გასული წლის ბოლოსაც დაუდასტურეს, უფრო მეტიც, "საქართველოს რკინიგზის" კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ზაზაშვილმა განაცხადა, რომ რკინიგზისთვის მისაღები ვარიანტი უკვე შერჩეულია.
როგორც მან აღნიშნა, "საქართველოს რკინიგზის" დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომერციულად გამართლებული და დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის ყველაზე მისაღები, ცენტრალური ვაგზლიდან როგორც -სატვირთო გადაზიდვების, ისე სამგზავრო ნაწილის გადატანაა.
"გვირაბი საკმაოდ რთული საინჟინრო ნაგებობაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოგვესმინა საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. მართლაც დადასტურდა, რომ გვირაბი ყველაზე უსაფრთხო, სწორი და ტექნიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა - დღეს „საქართველოს რკინიგზის“ მოვლა-შენახვისა და ოპერირების ხარჯები ათწლიან ჭრილში 123 მილიონი ლარი თუ არის, ეს თანხა არათუ იზრდება, არამედ 109 მილიონ ლარამდე მცირდება. შემოვლითი რკინიგზის პროექტთან შედარებით კი, ხარჯებს 88 მილიონი ლარით ვზოგავთ", - განაცხადა გიორგი ზაზაშვილმა გასულ წელს BM.GE–სთან საუბრისას.
მოგვიანებით, მიმდინარე წელს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავრობა თბილისის ცენტრიდან მხოლოდ რკინიგზის სატვირთო ნაწილის გადატანას უჭერს მხარს.
"ამ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი, რომ იგივე გენერალური გეგმით და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციით, პრაქტიკულად თბილისი მდიდარია იმით, რომ მის ცენტრში არსებობს კავშირი სამგზავრო მატარებლის ხაზსა და მეტროს შორის. ეს არის ძალიან უნიკალური, სატრანსპორტო მობილობის ინფრასტრუქტურის სქემა, რომელსაც მოისაკლისებს ძალიან ბევრი ქალაქი და შესაბამისად, სამგზავრო ნაწილის ქალაქიდან გადატანას მუნიციპალიტეტი მიზანშეუწონლად მიიჩნევს, თუმცა ძალიან სასურველი იქნება, თუ რკინიგზის სატვირთო ნაწილი გატანილი იქნება ქალაქიდან, რაც არ არის მიზანშეწონილი, რომ ქალაქში იყოს", - განაცხადა მაია ბითაძემ BM.GE-სთან 3019 წლის 31 დეკემბერს.
თავის მხრივ, მთავრობისგან, კერძოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მათი პოზიციისა და პროექტის შინაარსობრივი დეტალების შესახებ BM.GE ინფორმაციის მიღებას ამ დრომდე ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებას 2012 წლამდე "საქართველოს რკინიგზა", ყოფილი ხელისუფლების მხარდაჭერით გეგმავდა, რაზეც დაახლოებით, 213 მლნ აშშ დოლარი უკვე დაიხარჯა, შესაბამისად ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი (პროექტის ღირებულების 65%) უკვე აშენებულია, რაც "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, სამომავლოდ დედაქალაქმა შესაძლოა, მხოლოდ საავტომობილო გზის ფუნქციით გამოიყენოს.
https://www.bm.ge/ka/article/ushedego-213-m...i-gavida-/38975